საპარლამენტო უმრავლესობა და უმცირესობა რუსეთთან დაკავშირებულ რეზოლუციაზე შეთანხმდნენ
Civil Georgia, Tbilisi / 16 Mar.'18 / 15:31

საპარლამენტო უმრავლესობა და უმცირესობა დღეს იმ რეზოლუციაზე შეთანხმდნენ, რომელიც რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქეთა სიცოცხლის ხელყოფის ფაქტებს, მათ შორის, 2016 წელს მომხდარ გიგა ოთხოზორიას მკვლელობას და სამი კვირის წინ არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებას, გმობს.

შეთანხმებას წინ ორკვირიანი კონსულტაციები უძღოდა, რომლის ფარგლებშიც ქართული ოცნება და ევროპული საქართველო მათ მიერ ინიცირებული რეზოლუციის ორი პროექტის შეჯერებაზე და ურთიერთმისაღებ ტექსტზე მუშაობდნენ. რეზოლუციის მიღება მომდევნო ოთხშაბათს, პლენარულ სხდომაზე იგეგმება. 

კონსულტაციების დასრულების შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ ოპოზიციასთან შეთანხმება „ყველა პრინციპულ საკითხზე“ მოხდა. „ამ რეზოლუციაში იქნება როგორც მკაცრი შეფასებები მომხდართან დაკავშირებით, ასევე მოთხოვნილი [იქნება] კონკრეტული ქმედებები, მათ შორის, გამოძიების ჩატარება საერთაშორისო აქტორების მონაწილეობით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მონიტორინგის საერთაშორისო მექანიზმების დაშვება და სპეციალური სიის ფორმირება, სადაც საქართველოს მთავრობამ შესაძლოა შეიყვანოს ჩვენი მოქალაქეების მიმართ ჩადენილი მძიმე დანაშაულების გამო ბრალდებული და მსჯავრდებული პირები“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.  

საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, ევროპული საქართველოს წარმომადგენლმა სერგი კაპანაძემ ასევე დაადასტურა, რომ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას აქვთ „საერთო პოზიცია“ და რომ პარლამენტი მიიღებს ერთიან რეზოლუციას, რომელიც „შექმნის ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას, შეაფასებს რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე და დააწესებს სხვა ტიპის შეზღუდვებს იმ ადამიანებზე, რომლებიც არიან პასუხისმგებელი იმ დარღვევებზე, რომელიც ეხება ადამიანის უფლებებს, მათ შორის, მკვლელობებს“.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეთა გატაცებასა და მკვლელობაში ეჭვმიტანილ პირთა სიის ფორმირება და მათ მიმართ სანქციების დაწესება ევროპულმა საქართველომ 23 თებერვალს მოითხოვა, მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში არჩილ ტატუნაშვილის უკანონო დაკავებისა და გაურკვეველ ვითარებაში მისი გარდაცვალების შესახებ.

ევროპულ საქართველოსთან ერთად, ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიის შექმნა საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების ჯგუფმაც მოითხოვა, რომელმაც ერთობლივი განცხადებით საქართველოს ხელისუფლებას გუშინ მიმართა.

Civil.Ge © 2001-2024