პუტინმა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ხმების 90%-ზე მეტი მიიღო
Civil Georgia, Tbilisi / 20 Mar.'18 / 11:55

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ჩატარებულ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმების 90%-ზე მეტი მიიღო.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პუტინმა აფხაზეთში 39 427 ხმა მიიღო, რაც საერთო ხმების (41 849) 94,21%-ია. ცხინვალის რეგიონში პუტინმა 17 500 ხმა, ანუ საერთო ხმების 92.8% მიიღო.

აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის რუსეთის მოქალაქეობის მქონე მოსახლეობისთვის, ასევე იქ განთავსებული რუსი სამხედროებისთვის ორივე რეგიონში სულ 33 საარჩევნო უბანი გაიხსნა.

თბილისმა დაგმო რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მას „საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი და მათი ფაქტობრივი ანექსიისაკენ გადადგმული მორიგი უკანონო ნაბიჯი“ უწოდა.

Civil.Ge © 2001-2024