ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს გადაეცა
Civil Georgia, Tbilisi / 21 Mar.'18 / 14:11

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 22 თებერვალს უკანონოდ დაკავებული და გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს დაუბრუნდა მას შემდეგ, რაც რამდენიმე საათით ადრე მისი გვამი საქართველოს ხელისუფლებას გადასცეს.

ტატუნაშვილის გვამი ცხინვალის რეგიონიდან 21 მარტს დილით წილკნის დევნილთა დასახლებაში გადაასვენეს მას შემდეგ, რაც სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტრიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზა ჩაუტარდა. 

იმავდროულად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ არჩილ ტატუნაშვილს წამების კვალი აღენიშნება. ჟურნალისტმა და სამოქალაქო აქტივისტმა ლაშა ბერულავამ განაცხადა, რომ ტატუნაშვილს თითი აქვს მოჭრილი, რაც „მიუთითებს წამების კვალზე“.   

ახალგორის გამგებელმა ნუგზარ თინიკაშვილმა დაუდასტურა ჟურნალისტებს ნათესავების ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომ ტატუნაშვილს წამების კვალი აღენიშნება.

ცხინვალის ხელისუფლებამ განაცხადა გუშინ, რომ რუსეთში ჩატარებული ექსპერტიზის თანახმად, ტატუნაშვილს სხეულზე სისხლჩაქცევები, ჰემატომები და დაბეჟილობები აღენიშნებოდა, თუმცა დასძინა, რომ დაზიანებები მსუბუქი იყო და ისინი ვერ გახდებოდა მისი გარდაცვალების მიზეზი.

ცხინვალი ასევე აცხადებდა, რომ დაკითხვის შემდეგ საგამოძიებო იზოლატორში დაბრუნებისას მან სამართალდამცავებს წინააღმდეგობა გაუწია, რის შემდეგაც დაზიანებები მიიღო, იგი წააქციეს და კიბეზე დაგორდა. მალევე, იგი შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს, რის შემდეგაც ორ საათში გარდაიცვალა.

Civil.Ge © 2001-2024