საქართველოს ლიდერები აზერბაიჯანელ თემს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს ულოცავენ
Civil Georgia, Tbilisi / 21 Mar.'18 / 16:05

საქართველოს ლიდერებმა აზერბაიჯანელ თემს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცეს, რომელსაც მარტის ბოლოს, გაზაფხულისა და ახალი წლის დადგომის აღსანიშნავად ზეიმობენ.

მარნეულში გამართულ შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილისა და პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მილოცვები წაიკითხეს.

პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა, რომლებიც წინა წლებში ესწრებოდნენ დღესასწაულს მარნეულში, ამჯერად საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობისგან თავი შეიკავეს, რადგან სადღესასწაულო დღეები ოკუპირებული ცხინვალიდან საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენებას დაემთხვა.  

„შეგიძლიათ თამამად იამაყოთ, ჩვენი საერთო სახელმწიფოს მშენებლობაში, თქვენი შრომითა და გარჯით შეტანილი უდიდესი წვლილით“, - ნათქვამია პრეზიდენტ მარგველაშვილის მილოცვაში. „ვიცი, რომ ასე მხარდამხარ დგომითა და შრომით შევქმნით ძლიერ და თავისუფალ სახელმწიფოს“.

ანალოგიური გზავნილები გააჟღერა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. „ჩვენ ერთი ქვეყნის შვილები ვართ. ჩვენი წინაპრები ერთად ცხოვრობდნენ, ერთმანეთის მხარდამხარ შრომობდნენ, ემსახურებოდნენ საქართველოს, ყოველთვის იზიარებდნენ ერთმანეთის ჭირსა და ლხინს. ასე ვართ ჩვენც და ამ ტრადიციას ჩვენი შვილები გააგრძელებენ“, - წერს კვირიკაშვილის თავის მილოცვაში.

„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ქვეყანაში იყოს ყველანაირი პირობა ჩვენი მოქალაქეების, თითოეული თქვენგანის შესაძლებლობების რეალიზაციისთვის და საზოგადოებრივ ცხოვრებაში კიდევ უფრო მეტი ჩართულობისთვის“, - განაცხადა კვირიკაშვილმა. „ჩვენ ერთად ვაშენებთ ჩვენი ქვეყნის მომავალს და აუცილებლად ვიცხოვრებთ ერთად გამთლიანებულ, ძლიერ საქართველოში“.

პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა თავის მილოცვაში, რომ „ჩვენ ერთ ოჯახად ვაშენებთ ძლიერ ქვეყანას და ერთად ვზეიმობთ დღესასწაულს, რომელიც საქართველოში მრავალი საუკუნეა აღინიშნება“.

საქართველოში 2014 წელს ჩატარებული აღწერის მონაცემებით, 233 000 ადამიანი (6.3%) აზერბაიჯანული წარმოშობისაა. ქვემო ქართლში მათი რაოდენობა 41.7%-ს შეადგენს.

Civil.Ge © 2001-2024