კვირიკაშვილმა ხონსა და ვანში ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინა
Civil Georgia, Tbilisi / 31 Mar.'18 / 10:04

გიორგი კვირიკაშვილმა ხონისა და ვანის მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინა, 30 მარტი, 2018. ფოტო: facebook.com/KvirikashviliOfficial/

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, 30 მარტს ხონისა და ვანის ამომრჩევლებს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, იმერეთის რეგიონის ყოფილი გუბერნატორი, გივი ჭიჭინაძე წარუდგინა.
კანდიდატის წარდგენისას, გიორგი კვირიკაშვილმა იმერეთის რეგიონში მთავრობის მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ და ეკონომიკურ პროექტებზე ისაუბრა და მოსახლეობას გივი ჭიჭინაძის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. „ვფიქრობ, მას უბრალოდ კონკურენტი არ ეყოლება. კონკურენტები, რა თქმა უნდა, იქნებიან, მაგრამ დარწმუნებული ვარ, გივი ჭიჭინაძე გაიმარჯვებს ძალიან დიდი უპირატესობით“, - განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს მოსახლეობასთან გამართული შეხვედრების შემდეგ. 
კონკურენტებზე საუბრისას, რომელთა შორისაც ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, თბილისის ყოფილი მერი, გიგი უგულავაა, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ამ ადამიანებს, „რომლებმაც დატოვეს უმძიმესი კვალი ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში, საოკუპაციო ძალასთან ერთად შექმნეს ძალიან მძიმე ვითარება ჩვენს ქვეყანაში ოკუპაციისა და ჩვენი ორი ისტორიული რეგიონის ცალმხრივი აღიარების თვალსაზრისით“, „არ გააჩნიათ მორალური უფლება, რაიმე კონკურენციაში შევიდნენ იმ პოლიტიკურ ძალასთან, რომელმაც ყველაფერი გააკეთა, რათა ქვეყანაში შეექმნა სრულიად სხვა - განვითარების ატმოსფერო“. 
ხონისა და ვანის მაჟორიტარულ ოლქში 28 აპრილს დანიშნულ არჩევნებზე ამ დროისათვის 9 კანდიდატია დარეგისტრირებული. ქართული ოცნებისა და ევროპული საქართველოს გარდა, არჩევნებში მონაწილეობას კიდევ ერთი საპარლამენტო პარტიის, პატრიოტთა ალიანსის კანდიდატი, გერმანე ხურციძე მიიღებს. ამას გარდა, ხუთი კანდიდატი არასაპარლამენტო ოპოზიციურ პარტიებს, ერთი კი - საინიციატივო ჯგუფს ჰყავს წარდგენილი.
ხონისა და ვანის მაჟორიტარულ ოლქში შუალედური არჩევნების ჩატარება მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც ამ ოლქის დეპუტატმა, ქართული ოცნების წარმომადგენელმა, გრიგოლ ლილუაშვილმა გასული წლის დეკემბერში პარლამენტი დატოვა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის პოსტი დაიკავა.

Civil.Ge © 2001-2024