სააკაშვილი ამომრჩევლებს მიმართავს და ხელფასების ზრდას პირდება
Civil Georgia, Tbilisi / 3 Apr.'18 / 18:42

ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც ოპოზიციური პარტიის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საპატიო თავმჯდომარეა, 3 აპრილს მოკლე სატელევიზიო განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ქართული ოცნების მთავრობას აკრიტრიკებს „კატასტროფული“ ეკონომიკური მდგომარეობის გამო და პენსიების, ასევე პოლიციელების და მასწავლებლების ხელფასების გაზრდის პირობას დებს.

„ამ გაუარესებულ ეკონომიკურ მდგომარეობას აქვს თავისი კონკრეტული გამომწვევი მიზეზი და ეს მიზეზი არის ის მაფია, რომელიც ჩამოყალიბდა ეკონომიკის მართვის პროცესში“, - განაცხადა სააკაშვილმა. „საქმე იმაშია, რომ ივანიშვილი საქართველოში აკეთებს ზუსტად იმავეს, რაც მან იცის 90-იანი წლების რუსეთიდან; კერძოდ, ის მოელაპარაკა რამდენიმე ბანკს და რამდენიმე ბანკის მეშვეობით დაკავებულია ქართული ეკონომიკის გაჩანაგებით“.

„მე, მიხეილ სააკაშვილი, ამ მაფიას ვეუბნები - ჩვენ გავაუქმებთ თქვენ მმართველობას. ჩვენ დავუბრუნებთ ეკონომიკურ ძალაუფლებას ქართულ ოჯახებს... ნამდვილ ქართულ ბიზნესებს, წვრილმან და საშუალო ბიზნესებს“, - განაცხადა ექს-პრეზიდენტმა და დასძინა, რომ ეს საშუალებას მისცემს მის პარტიას, რომ დაუყონებლივ გაზარდოს ხელფასები.

სააკაშვილმა კიდევ ერთხელ გაიმეორა ნაციონალური მოძრაობის დაპირება პენსიების 400 ლარამდე გაზრდის თაობაზე და აღნიშნა, რომ ამის გაკეთება ადვილი იქნება ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, რაც ექს-პრეზიდენტის თქმით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების „კვალდაკვალ“ მოხდება.

სააკაშვილმა მასწავლებლების ხელფასებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მათ ხელფასები სულ ცოტა 1000 ლარამდე გაეზრდებათ.

ექს-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „პოლიციელები დღეს ყველაზე გაუბედურებულ მდგომარეობაში არიან, კრიმინალმა იმატა, უფროსობა მათ უკანონო დავალებებს აძლევს, ნეპოტიზმი, კორუფცია, ხელის გადაფარება“. მისი თქმით, მათი მინიმალური ხელფასი 2000 ლარი უნდა იყოს, „გათვალისწინებით იმ რისკის, რომელიც აქვს ამ პროფესიას და იმის გათვალისწინებით, რომ ძალიან ბევრი პოლიციელი გარბის ქვეყნიდან“.

„მთავარი პრობლემა საქართველოსი არის ის, რომ საქართველო იცლება. ეს არის რეალური საფრთხე. ამ რეალური საფრთხის გამოსწორება შეიძლება მხოლოდ ეკონომიკის შემობრუნებით და ცხოვრების დონის სწრაფი ამაღლებით“, - განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ იგი პირადად მიხედავს რეფორმებს.

„ახლა ისინი ჩემზე საქმეებს აღძრავენ მხოლოდ ერთადერთი მიზნით, რომ არც ვიფიქრო ჩასვლა საქართველოში.  ვერ მოესწრებით, მე ჩამოვალ საქართველოში და ამ ყველა პროგრამას მე განვახორციელებ ჩვენ გუნდთან ერთად. მე არ მივატოვებ ქართველ ხალხს განსაცდელში“, - დასძინა ექს-პრეზიდენტმა.

Civil.Ge © 2001-2024