მთავრობა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მაცხოვრებლებისთვის ახალი სამშვიდობო ინიციატივით გამოდის
Civil Georgia, Tbilisi / 4 Apr.'18 / 16:34

საქართველოს მთავრობა საკანონმდებლო ინიციატივებით გამოდის, რომლის მიზანიც აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის და დანარჩენი საქართველოს მაცხოვრებლებს შორის ეკონომიკური და ხალხთა შორის კავშირების გაფართოებაა, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

ახალი სამშვიდობო ინიციატივა სახელწოდებით „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ სამ ძირითად მიმართულებას გულისხმობს: გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობის გაფართოება და გამარტივება ახალი შესაძლებლობების შექმნის გზით; ხარისხიანი განათლების მიღების დამატებითი შესაძლებლობების შექმნა და წვდომის გამარტივება განათლების ყველა საფეხურზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ; და ისეთი მექანიზმის შექმნა, რომლითაც მარტივდება წვდომა იმ სიკეთეებსა და სარგებელზე, რომელიც ქვეყნის განვითარების შედეგად, მათ შორის ევროინტეგრაციის გზაზე ხელმისაწვდომი გახდა (უვიზო მიმოსვლის უფლება, თავისუფალი ვაჭრობის უფლება და ა.შ.).

4 აპრილს მთავრობის სხდომაზე საუბრისას პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მთავრობა განაგრძობს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ორი რეგიონის მაცხოვრებლებისთვის ჰუმანიტარული, სოციალური და ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებისა და დანარჩენ საქართველოსთან მათი კონტაქტების ხელშეწყობისთვის.

„ეს არის ჩვენი კიდევ ერთი ღია განაცხადი, რომ სამშვიდობო პოლიტიკის კურსი, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ აიღო აუცილებლად გაგრძელდება და ეს არის მიუხედავად უამრავი გამოწვევისა ჩვენი ურყევი კურსი, რომელიც თანმიმდევრულად გაგრძელდება. ეს არის ის ნაბიჯი, რომელსაც ჩვენ ვუპირისპირებთ გამოწვევებს და რა თქმა უნდა, ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს ნდობის აღდგენას და შერიგების პროცესის გააქტიურებას“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ასევე ისაუბრა ამ თემაზე. მისი თქმით, მთავრობის ახალი ინიციატივა „ღია და ქმედით განაცხადია“ იმის თაობაზე, რომ სამშვიდობო პოლიტიკის კურსი ურყევია და არსებულ გამოწვევებს მთავრობა უპირისპირდება „მშვიდობით, განვითარებით, პრინციპულობით, თანმიმდევრულობითა და კონკრეტული ნაბიჯებით“.

ციხელაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახალი ინიციატივა ქმნის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში წარმოებული საქონლისთვის შიდა ქართულ ბაზარსა და ასევე, საგარეო ბაზრებზე წვდომის შესაძლებლობას, საქართველოს უპირატესი საექსპორტო შესაძლებლობების გამოყენებით, მათ შორის ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ფარგლებში. ამას გარდა, ცხინვალის რეგიონის და აფხაზეთის მაცხოვრებლებს ექნებათ წვდომა სხვადასხვა სერვისებზე სტატუს-ნეიტრალური მექანიზმის მეშვეობით. ეს ინიციატივა უკავშირდება პირის იდენტიფიკაციის ახალ გამარტივებულ შესაძლებლობას ინდივიდუალური ნომრით რეგისტრაციის გზით.

Civil.Ge © 2001-2019