აშშ მიესალმა მთავრობის სამშვიდობო ინიციატივას
Civil Georgia, Tbilisi / 5 Apr.'18 / 11:25

„ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმება საქართველოს მიერ წარმოდგენილ წინადადებათა პაკეტს, რომელიც ემსახურება ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გასწვრივ კავშირების გაუმჯობესებას“, განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში 4 აპრილს. 

„ეს ღონისძიებები დაეხმარება ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის ორივე მხარეს ყველაზე მოწყვლადი მოსახლეობის საჭიროებების დაკმაყოფილებას და უზრუნველყოფს მობილობის შესაძლებლობების ზრდას, საარსებო სახსრების გაუმჯობესებასა და განათლების ხელმისაწვდომობას“, - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში. 

აშშ-ის საელჩო ასევე მიესალმა „საქართველოს ერთგულებას დიალოგისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისადმი“ და კიდევ ერთხელ დაადასტურა „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის სრული მხარდაჭერა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“.

საქართველოს მთავრობის ინიციატივას, რომლის მიზანიც აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის და დანარჩენი საქართველოს მაცხოვრებლებს შორის ეკონომიკური და ხალხთა შორის კავშირების გაფართოებაა, ასევე მიესალმა ევროკავშირიც.

Civil.Ge © 2001-2024