კიდევ ოთხი ქვეყანა მიესალმა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივას
Civil Georgia, Tbilisi / 5 Apr.'18 / 11:45

გერმანიის, გაერთიანებული სამეფოს, ნიდერლანდების და შვედეთის საელჩოები მიესალმნენ საქართველოს მთავრობის ახალ სამშვიდობო ინიციატივას, რომლის მიზანიც აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის და დანარჩენი საქართველოს მაცხოვრებლებს შორის ეკონომიკური და ხალხთა შორის კავშირების გაფართოებაა.

გერმანიის ელჩმა საქართველოში, ჰაიკე ფაიჩმა განაცხადა 4 აპრილს Facebook-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომ იგი მიესალმება სამშვიდობო ინიციატივის დაწყებას, რომელიც ამტკიცებს საქართველოს მთავრობის „სიმამაცეს და შორსმჭვრეტელობას“.

„როგორც იმ ქვეყნის ელჩი, რომელიც 40 წლის მანძილზე გაყოფილი იყო, მივესალმები და მხარს ვუჭერ იმ ინიციატივებს, რომლებიც ხელს შეუწყობს ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებასა და შემსუბუქებას“, - ნათქვამია ელჩის განცხადებაში. 

ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში, ჯასტინ მაკკენზი სმიტმა დაწერა Twitter-ზე 4 აპრილს, რომ ახალი ინიციატივა არის არის „მშვიდობისკენ გადადგმული ნაბიჯი და ჩვენ ამას მივესალმებით“.

„გამყოფი ხაზების ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის ჩართულობა აუცილებელი წინაპირობაა, რომ მოხდეს მათი საჭიროებების გათვალისწინება და უკეთესი მომავლის მიღწევა“, - განაცხადა ბრიტანეთის ელჩმა.

ნიდერლანდების ელჩმა საქართველოში, ჯოშ დოუმამ ასევე გააკეთა მოკლე კომენტარი და აღნიშნა, რომ ეს „თამამი“ ინიციატივაა და ის „ყველა დაინტერესებული მხარის მხარდაჭერას“ იმსახურებს.

შევდეთის ელჩმა საქართველოში მარტინა ქვიქმა ანალოგიური გზავნილი გაახმოვანა და აღნიშნა, რომ ეს ჩართულობისკენ გადადგმული თამამი ნაბიჯია, რომელიც „სერიოზულ მხარდაჭერას“ იმსახურებს.

4 აპრილს საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივას ასევე მიესალმნენ ევროკავშირი და აშშ-ის საელჩო თბილისში. მოგვიანებით, ანალოგიური გზავნილი გააკეთა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ჰეზერ ნაუერტმა.

Civil.Ge © 2001-2019