გედევან ფოფხაძე ქართული ოცნების დატოვებას გეგმავს
Civil Georgia, Tbilisi / 5 Apr.'18 / 16:22

ქართული ოცნების მაჟორიტარმა დეპუტატმა ბორჯომი-ასპინძას ერთმანდატიანი ოლქიდან, გედევან ფოფხაძემ განაცხადა, რომ ის მმართველი პარტიის დატოვებას გეგმავს და ამის მიზეზად ქართული ოცნების გადაწყვეტილება დაასახელა, რომელმაც საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე ნინია კაკაბაძის  კანდიდატურას დაუჭირა მხარი.

ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტი ნინია კაკაბაძე, რომელიც მართლმადიდებლური ეკლესიის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებით გამოირჩევა, ევროპული საქართველოს საპარლამენტო უმცირესობამ დაასახელა ცხრა-წევრიან სამეურვეო საბჭოში. პარლამენტმა მისი კანდიდატურა 11 ხმით 40-ის წინააღმდეგ ჩააგდო, თუმცა ოპოზიციურმა დეპუტატებმა მისი კანდიდატურა ხელახლა დააყენეს და ამჯერად იგი 55 ხმით 12-ის წინააღმდეგ აირჩიეს

დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ, რომელიც პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეა, განუცხადა მედიას გუშინდელი კენჭისყრის შემდეგ, რომ „მე ნამდვილად არ მინდა იმ გადაწყვეტილების თანამონაწილე ვიყო, რომლითაც პატრიარქის მაგინებელი და მართმადიდებელი ეკლესიის მაგინებელი ადამიანი ხდება საზოგადოებრივი ბორდის წევრი“.

„ჩემთვის ეს პრინციპულად არის მიუღებელი. მე მიმაჩნია ეს არის პირდაპირი წახალისება საზოგადოების იმ რეაქციული ჯგუფების და რეაქციული წარმომადგენლების, რომლებიც თავისი ცხოვრების წესად და თავის ცხოვრებაში დამკვიდრებისათვის სხვა ადამიანების რელიგიური, მორალური თუ ზნეობრივი ღირებულების გინებით არიან დაკავებულები“, - განაცხადა ფოფხაძემ და დასძინა, რომ თუ ქართული ოცნება შესაძლებლად მიიჩნევს, რომ შეუძლია კაკაბაძის მსგავს ადამიანებს დაუჭიროს მხარი, იგი დატოვებს მმართველ პარტიას.

მოგვიანებით 4 აპრილს ფოფხაძემ გაიმეორა, რომ მისი გადაწყვეტილება უკავშირდებოდა ქართული ოცნების მიერ ნინია კაკაბაძის კანდიდატურის მხარდაჭერას და განმარტა, რომ ის საპარლამენტო თანამდებობებს დატოვებს ან 5 აპრილს, ან მომდევნო კვირას. დამატებით დეტალებზე საუბრისგან მან თავი შეიკავა.

ამრიგად, გედევან ფოფხაძე პირველი დეპუტატი იქნება, რომელიც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქართული ოცნების უმრავლესობას დატოვებს. მისი წასვლის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობა 150-წევრიან პარლამენტში 115 დეპუტატამდე შემცირდება.

რეაგირება მმართველ პარტიაში

ფოფხაძის განცხადებას მმართველი პარტიის დეპუტატების განსხვავებული რეაქციები მოყვა და გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქართული ოცნების სხვა დეპუტატებმაც შესაძლოა გაიზიარონ მისი პოზიცია. 

ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა, დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ ფოფხაძის გადაწყვეტილებას „ნაჩქარევი“ და „არასწორი“ უწოდა. კითხვაზე გაიზიარებენ თუ არა სხვა დეპუტატები მის ნაბიჯს და დატოვებენ თუ არა პარტიას, მდინარაძემ აღნიშნა, რომ მას არ გონია, რომ სხვა დეპუტატებიც იგივე „შეცდომას“ დაუშვებენ და დატოვებენ პარტიას იმ მიზეზით, რომ უმრავლესობის ნაწილმა გადაწყვიტა, რომ კვოტების გამოყენების უფლება არ წაერთმია უმცირესობისთვის.

დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ ხაზი გაუსვა, რომ ფოფხაძის გადაწყვეტილება „ნაჩქარევი და ემოციური“ იყო, თუმცა დასძინა, რომ ის აბსოლუტურად იზიარებს მის პოზიციას კაკაბაძესთან დაკავშირებით. „ამომრჩეველს ქართული ოცნებისთვის არ დაუჭერია მხარი იმიტომ, რომ ნაციონალური მოძრაობის ანასხლეტებს კოჭი უგოროს“, - განაცხადა მან და დასძინა, რომ ნინია კაკაბაძის კანდიდატურის მხარდაჭერა პარტიას თავისი ამომრჩევლისგან დააშორებს.

დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე მიესალმა გედევან ფოფხაძის გადაწყვეტილებას და პრინციპულობას და დასძინა, რომ უმრავლესობის დეპუტატები კონსულტაციებს გამართავენ მასთან და შეეცდებიან დაარწმუნონ, რომ კაკაბაძის კანდიდატურის მხარდაჭერა არ იყო ქართული ოცნების უმრავლეობის გადაწყვეტილება.  „ეს არ იყო ერთიანი გუნდური გადაწყვეტილება“, - განაცხადა მან და დასძინა, რომ იგი პატივს სცემს ყველა გადაწყვეტილებას, იქნება ეს მხარდამჭერი, თუ საწინააღმდეგო გადაწყვეტილება, თუმცა, მისი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის დიდ ნაწილს ამ ინიციატივისთვის მხარი არ დაუჭირია.  

დეპუტატი ბიძინა გეგიძე მიესალმა ფოფხაძის გადაწყვეტილებას და ქართული ოცნების უმრავლესობაში გადაწყვეტილების მიღების პროცესის „გაჯანსაღებისკენ“ მოუწოდა. „ყველა პრინციპული საკითხის წინ უნდა იყოს მომზადებული, საღად გააზრებული, არგუმენტირებული, კომპეტენტური და რაც მთავარია მართალი პოზიცია, ერთიანი პოზიცია და აღარ მოხდება ის, რასთანაც დღეს გვქონდა საქმე“, - განაცხადა მან და დასძინა, რომ მმართველი პარტიის დეპუტატები ამ მიზნით კონსულტაციებს გამართავენ.  

Civil.Ge © 2001-2019