უსაფრთხოების სამსახური საგარეო და საშინაო საფრთხეებზე ანგარიშს აქვეყნებს
Civil Georgia, Tbilisi / 5 Apr.'18 / 18:43

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2017 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც ქვეყნის უსაფრთხოებისთვის არსებულ საფრთხეებზე ამახვილებს ყურადღებას და სამსახურის პრიორიტეტებს და კონტრზომებს მიმოიხილავს.

დოკუმენტს, რომელიც პარლამენტს გასულ თვეს წარედგინა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, ვახტანგ გომელაური დეპუტატებს მომავალი კვირის სხდომაზე წარუდგენს.

ანგარიშში საქართველოს წინაშე არსებული რამდენიმე საფრთხეა ჩამოთვლილი, მათ შორის ოკუპირებული რეგიონებიდან გამომდინარე საფრთხეები, კონტრდაზვერვითი საქმიანობა, კორუფცია და სამოხელეო დანაშაული, მასობრივი განადგურების იარაღის და მასალების შესაძლო გავრცელება და ასე შემდეგ.

ოკუპირებული ტერიტორიები (აფხაზეთი, ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთი)

ანგარიშის თანახმად, რუსული ოკუპაცია და მისი შეიარაღებული ძალების არსებობა ოკუპირებულ რეგიონებში საქართველოს სახელმწიფოსთვის „მთავარ საფრთხეს“ წარმოადგენს.

„ოკუპირებულ ტერიტორიებზე დიდი ოდენობით მობილიზებული რუსული სამხედრო კონტინგენტი, ოკუპირებული რეგიონების მზარდი მილიტარიზაცია და ინტენსიური სამხედრო წვრთნები წარმოადგენს იმ მასშტაბის საფრთხეს, რომელიც აზიანებს არა მხროლოდ საქართველოს, არამედ მთლიანად სამხრეთ კავკასიის რეგიონის უსაფრთხოებას“, - ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად, რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის არაფორმალური ანექსია, ასევე მზარდი მილიტარიზაცია, მიზანმიმართული იზოლაცია, ეთნიკური ქართველების უკანონო დაკავებები და დისკრიმინაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის „მთავარ გამოწვევას“ წარმოადგენს.

კონტრდაზვერვითი საქმიანობა

ანგარიში საქართველოში უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების საქმიანობებსაც მიმოიხილავს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თქმით, უცხო ქვეყნების სპეცსამსახურები „მუდმივად ცდილობენ, შეაღწიონ ხელისუფლების ორგანოებსა და ქვეყნის უსაფრთხოების სტრუქტურებში, მოიპოვონ მათთვის სასურველი/საიდუმლო ინფორმაცია“ და მათი მიზანია, „გავლენა იქონიონ ქვეყნის პოლიტიკურ, სოციალურ, სამხედრო და ეკონომიკურ პროცესებზე“.

ანგარიშის თანახმად, მათი ძირითადი ამოცანებია “ქართულ საზოგადოებაში ანტიდასავლური განწყობების გაღვივება; საერთაშორისო დონეზე საქართველოს, როგორც საიმედო პარტნიორის იმიჯის შელახვა; საზოგადოებაში უნდობლობის, გაურკვევლობის, უიმედობისა და ნიჰილიზმის გაჩენა; ეთნიკურ და რელიგიურ ნიადაგზე დესტაბილიზაციის კერების შექმნა, რათა ქვეყანაში განვითარდეს დეზინტეგრაციული პროცესები და მოხდეს ქართული საზოგადოების პოლარიზაცია“.

საკუთარი მიზნების მისაღწევად, „სხვადასხვა ქვეყნების სპეცსამსახურები კვლავ აქტიურად იყენებენ ჰიბრიდული ომის ტაქტიკას, რომლის საშუალებითაც პროპაგანდისტული მედიაკამპანიისა და დეზინფორმაციის კომპონენტების, კიბეროპერაციებისა და ცალკეული კიბერშეტევების, დესტრუქციული პოლიტიკური ჯგუფების და საზოგადოებრივ-პოპულისტური გაერთიანებების გამოყენებით, სასურველი შედეგის მიღებას ცდილობენ“.

ტერორიზმი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშის თანახმად, 2017 წლის განმავლობაში დაფიქსირდა საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციების წევრებისა და მათი მხარდამჭერების აქტივობები საქართველოში.

„2017 წელს საქართველო რამდენიმე მნიშვნელოვცანი, ზოგ შემთხვევაში კი კრიტიკული გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა, ადგილი ჰქონდა ტერორიზმის დაფინანსების მცდელობის, ექსტრემისტული და ტერორისტული იდეების მხარდაჭერისა და საქართველოს ცალკეული მოქალაქეების რადიკალიზაციის ფაქტებს“, - ნათქვამია ანგარიშში.

თუმცა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ასევე აცხადებს, რომ ისლამური სახელმწიფოს მხარდამჭერების რაოდენობა და მათი გავლენები საანგარიშო პერიოდში შემცირდა. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, იმ ქართველების რაოდენობა, რომლებიც სხვადასხვა ტერორისტული ჯგუფების მხარეს იბრძვიან, 30-ს შეადგენს, რაც 2015 წლის მაჩვენებელზე ნაკლებია. ანგარიშის თანახმად, საანგარიშო პერიოდში არც ერთი მათგანი საქართველოში არ დაბრუნებულა.

ანგარიში 21-22 ნოემბრის თბილისის სპეცოპერაციასაც მიმოიხილავს და აცხადებს, რომ ახმედ ჩატაევის კარგად ორგანიზებულმა ჯგუფმა დაგეგმა ტერორისტული აქტები საქართველოში. მანამდე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებდა, რომ ჯგუფი თურქეთშიც გეგმავდა თავდასხმებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ასევე იტყობინება იმ საქმიანობების შესახებ, რომელიც მან საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტისთვის გამოყენების წინააღმდეგ განახორციელა. „გატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის შედეგად, დადგენილ იქნა ტერორიზმთან შესაძლო კავშირის მქონე რამდენიმე ათასი პირი, რომლებმაც, შესაძლოა, საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტულად გამოყენება სცადონ“, - ნათქვამია ანგარიშში.

Civil.Ge © 2001-2019