დავით უსუფაშვილი: საქართველოს კონსენსუსების მაძიებელი პრეზიდენტი სჭირდება
Civil Georgia, Tbilisi / 10 Apr.'18 / 08:36

დავით უსუფაშვილი, „შენების მოძრაობის“ ლიდერი. ფოტო: facebook.com/DavidUsupashviliOfficial
საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ და áƒ áƒ”სპუბლიკური პარტიის ყოფილმა ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა გასული წლის აგვისტოში ახალი პოლიტიკური ძალის - „შენების მოძრაობის“ პრეზენტაცია გამართა. Civil.ge დავით უსუფაშვილს „შენების მოძრაობის“ პოლიტიკურ გეგმებზე, ქვეყანაში განხორციელებულ საკონსტიტუციო ცვლილებებზე, სასამართლოს რეფორმასა და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე ესაუბრა. 
გასულ წელს, „შენების მოძრაობის“ პრეზენტაციისას, თქვენ განაცხადეთ, რომ თქვენს გუნდს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში „სერიოზული ამბიცია“ ექნება, ხოლო 2020 წლისთვის - ახალდაფუძნებული მოძრაობა საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას გეგმავს. გასული წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგების გათვალისწინებით, რამდენად ახლოს დგას „შენების მოძრაობა“ დასახულ მიზნებთან?
„შენების მოძრაობა“ გაცხადებული და წინასწარ გათვლილი გეგმის შესაბამისად მოქმედებს. ჩვენ ადგილობრივ არჩევნებში მივიღეთ ის შედეგი, რასაც ვვარაუდობდით. საქართველოს მასშტაბით ჩვენ არჩევნებში მონაწილეობა 17 მუნიციპალიტეტში მივიღეთ, აქედან 9 მუნიციპალიტეტში მივიღეთ მოსახლეობის მხარდაჭერა და გვყავს წარმომადგენლები საკრებულოებში, რომელთა მეშვეობითაც ადგილობრივ პრობლემებსაც ვეხმიანებით და პარტიული მშენებლობაც იწყება. ამასთანავე, ჩვენ პოლიტიკური პარტიის შექმნას არ ვჩქარობთ იმიტომ, რომ გვინდა, პარტია შექმნას არა შვიდმა ან ცხრა ლიდერმა და მერე მოიწვიოს მხარდამჭერები, არამედ პარტია უნდა შექმნას 700-მა ან 900-მა ეროვნულმა ან ადგილობრივმა ლიდერმა და აქტივისტმა, რათა პარტია იდგეს რაც შეიძლება მყარად მთელს საქართველოში. პოლიტიკურ სპექტრში საჭიროა სერიოზული სიახლეები, საჭიროა ახალი თაობის პოლიტიკოსების ჩართვა პროცესებში, მაგრამ ამას სჭირდება ძალიან კარგად გააზრებული გეგმა და ჩვენ ამ გეგმით ვმუშაობთ. 
2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს ძალიან სერიოზულად შევეხმიანებით. ჩვენ გამოვაქვეყნეთ ჩვენი ხედვა, თუ რა ფუნქცია აქვს შესასრულებელი უახლოესი წლების განმავლობაში საქართველოს სახელმწიფოს მეთაურს. ამ თვალსაზრისით ჩვენი კონცეფცია ასეთია: თუ პრეზიდენტი გახდება სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენელი, მაშინ ქვეყანა კიდევ უფრო სწრაფი ტემპებით წავა სტაგნაციისკენ, რაც სერიოზულ კრიზისამდე მიიყვანს ჩვენს სახელმწიფოს; თუ პრეზიდენტი გახდება რადიკალური ოპოზიციური ლიდერი, რომლის ამოცანაც იქნება რაც შეიძლება სწრაფად დაასრულოს ოცნების და ივანიშვილის მმართველობა, მაშინ ჩვენ წავალთ იმავე მანკიერ წრეზე, რაზეც ჩვენ არაერთხელ ვიარეთ და - უშედეგოდ. ამიტომ არც ესაა სასურველი ქვეყნისთვის; ჩვენ ვთვლით, რომ ქვეყანას სჭირდება აქტიური პოლიტიკური გამოცდილების მქონე სახელმწიფოს მეთაური, რომელიც იქნება დამბალანსებელი, კონსენსუსების მაძიებელი, პოლიტიკური ცხოვრების კონსტრუქციულ კალაპოტში გადამყვანი, საზოგადოების გამამთლიანებელი, სახელმწიფოს უზოგადესი, სტრატეგიული ამოცანების გარშემო რაც შეიძლება ფართო ალიანსების შექმნელი, იმედისა და ენთუზიაზმის გამჩენი. აი, ამ ტიპის პრეზიდენტი გვჭირდება იმისათვის, რომ შევძლოთ კიდევ უფრო სწრაფი ტემპებით წინსვლა. 
ამ ეტაპზე ვართ აქტიურ კონსულტაციებში პოლიტიკურ და არაპოლიტიკურ წრეებთან, და ვაცხადებთ, რომ მზად ვართ ამ პლატფორმაზე მდგომ პოლიტიკურ ძალებს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, ინდივიდუალურ მოქალაქეებს უფრო საფუძვლიანად ვესაუბროთ და გამოვავლინოთ შესაფერისი კანდიდატი. მე პირადად მზად ვარ, ვიყო ამ როლში, მაგრამ უფრო მოხარული ვიქნები, თუ უფრო ძლიერი კანდიდატი გამოიძებნება. ჩვენ არ და ვერ მივიღებთ მონაწილეობას ოცნების სახელისუფლებო სისტემის გაძლიერებაში, და არ და ვერ მივიღებთ მონაწილეობას მორიგი რევოლუციური ლაშქრის შექმნაში, რომელმაც კვლავ ერთადერთი ლოზუნგი უნდა გამოიტანოს წინ - “ძირს ოცნება, და დანარჩენი - მერე ვნახოთ!” მერე - მხოლოდ ცუდს ვნახავთ. 
ჩვენი მთავარი ამოცანა არის 2020 წლის არჩევნებში წარმატება, ვინაიდან ხელისუფლება შეიცვლება 2020 წლის არჩევნებით. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებით ხელისუფლების შეცვლის მცდელობა - ეს უკვე არის რევოლუციური გზა იმიტომ, რომ ვიცით: პრეზიდენტს ხელისუფლების შეცვლის კონსტიტუციური ძალაუფლება არა აქვს, და თუ ამ ფონზე მოინდომებს ვინმე ხელისუფლების შეცვლას, ეს ნიშნავს უსერიოზულეს კრიზისს ქვეყანაში, რომელიც ამ კრიზისს ვერ გაუძლებს, ვხედავთ რა საერთაშორისო გეოპოლიტიკურ ვითარებას. 
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ჩვენი ამოცანა იქნება სახელისუფლებო კოალიციურ უმრავლესობაში ყოფნა. ჩვენ ძალიან ღრმად გვწამს, რომ სანამ ქვეყანა არ გაივლის ჭეშმარიტად კოალიციური მმართველობის ეტაპს, მანამდე ჩვენ ვერ ჩამოვაყალიბებთ მდგრად და სტაბილურ პოლიტიკურ სისტემას, ანუ სისტემას სადაც პოლიტიკური პარტიები არიან ერთმანეთთან კონკურენციის რეჟიმში, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში ერთმანეთთან თანამშრომლობაც შეუძლიათ. თუ ეს ეტაპი არ გავიარეთ, ჩვენ სულ ვიქნებით ამ კლიმატში, როდესაც პარტიის გამარჯვება ნიშნავს სხვების განადგურებას, ხოლო არჩევნებზე 25%-27%-იანი შედეგი და კოალიციის ლიდერის პოზიცია ითვლება წარუმატებლობად. ეს არის 21-ე საუკუნის დემოკრატიული სამყაროსთვის სრულიად მიუღებელი პრინციპი. ეს არის სინამდვილეში ერთპარტიულობის გაგრძელება და ამას ჩვენ შევებრძოლებით. 
საქართველოს გადასვლა საპარლამენტო მმართველობის მოდელზე სულ უფრო კრიტიკულს ხდის ქვეყანაში ძლიერი პარტიების არსებობას. ამ ფონზე, CRRC-ის უკანასკნელი კვლევის თანახმად, ბოლო ხუთი წლის მანძილზე, პარტიების მიმართ უნდობლობა 16%-დან 40%-მდე გაიზარდა, საზოგადოების 40%-ზე მეტი პარტიებს მხოლოდ ნაწილობრივ ენდობა. გარდა ამისა, ნდობასთან ერთად, მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება პარტიებისათვის ფინანსებზე წვდომის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა. ხელისუფლებამ რამდენიმე კვირის წინ დააანონსა პარტიების დაფინანსების წესის ცვლილება, რის შედეგადაც სავარაუდოდ კვალიფიციური სუბიექტების რაოდენობა შემცირდება. როგორ გესახებათ ამ გამოწვევების დაძლევის გზები „შენების მოძრაობის“, ზოგადად, პოლიტიკური პარტიების პერსპექტივიდან?
ჩემი დაკვირვებით, სურათი კიდევ უფრო მუქი და დრამატულია. ის მოქალაქეები, რომლებიც პარტიას უჭერენ მხარს და ამ პარტიად ქართულ ოცნებას მოიაზრებენ, სინამდვილეში მხარს არა პარტიას, არამედ სახელისუფლებო ძალას უჭერენ. ჩემი ვარაუდით, ქართული ოცნება ძალაუფლებას რომ ჩამოაშორო, მისი მხარდამჭერთა რაოდენობა მინიმუმ ათჯერ შემცირდება. ეს ნიშნავს, რომ პარტიული აფილირება, პარტიული იდენტობა არა 60%-ს აქვს, არამედ შესაძლოა მხოლოდ 20%-22%-ს ჰქონდეს. ეს არის ძალიან დიდი, ფუნდამენტური ნაკლი დემოკრატიული სისტემისთვის. სამწუხაროდ, ამის გააზრება პოლიტიკოსების თუ საზოგადო მოღვაწეების მხრიდან ნაკლებად ხდება. როდესაც მოსახლეობის 80%-მდე პარტიულ იდენტობას ვერ აღიქვამს საკუთარ თავში, ეს ნიშნავს, რომ მოსახლეობის 80% მხოლოდ ეპიზოდურად არის ჩართული საქვეყნო საქმეში, მას არა აქვს გაცნდა, რომ პოლიტიკურ სივრცეში ვინმე მისი შეხედულების მიხედვით მოღვაწეობს და ეს არის კატასტროფული მდგომარეობა დემოკრატიისთვის. აქედან გამომდინარეა სწორედ „შენების მოძრაობის“ მცდელობა, რომ თავი დავაღწიოთ ვიწროპარტიულ ჩარჩოებს, რაც განვლილი 30 წლის მანძილზე ჩამოყალიბდა ქვეყანაში. 
თუ გავადევნებთ თვალს პროცესებს 88-89 წლიდან დღემდე, ჩვენ მუდმივად მივდიოდით დეზინტეგრაციის გზაზე. ერთად მყოფი ადამიანები ამა თუ იმ მოვლენის გამო იყოფოდნენ ორად, განაყოფები კიდევ იყოფოდა ორად და ასე მივიღეთ 20 და 40 პოლიტიკური სუბიექტი. დეზინტეგრაციული პროცესები 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგაც áƒ¬áƒáƒ áƒ˜áƒ›áƒáƒ áƒ—ა, როდესაც ყოფილი ხელისუფლება - ნაციონალური მოძრაობა დაიშალა, áƒáƒ¡áƒ”ვე áƒ“აიშალნენ კოალიცია „ქართული ოცნებაც“ და მასში შემავალი პარტიებიც. ეს პროცესი შესაჩერებელია.

რამ შეიძლება შეაჩეროს ეს პროცესი? „შენების მოძრაობა“ იმიტომ არაა რეგისტრირებული პოლიტიკურ პარტიად ჯერ კიდევ, რომ ჩვენ გვინდა მივაწვდინოთ ხმა პროევროპულ, დემოკრატიულ პლატფორმაზე მყოფ, ორგანიზებულ პოლიტიკურ ჯგუფებსაც და ინდივიდუალურ მოქალაქეებსაც, რომ საჭიროა სერიოზული და მძლავრი პოლიტიკური ორგანიზაციის შექმნა. დღეს ქართულ პოლიტიკურ სპექტრში, ორ-სამ სუბიექტს თუ შეიძლება ეწოდოს პარტია, თავისი კომპეტენტური წინა ხაზით, მყარი ელექტორატით და ორგანიზაციული სისტემით, და მე ამ ორში თუ სამში ქართულ ოცნებას არ ვგულისხმობ. ესაა ტრაგედია, რომ ქვეყანას მართავს პოლიტიკურ პარტიად წოდებული გაერთიანება, რომელსაც პოლიტიკური პარტიის არც ერთი ფუნდამენტური ნიშანი არ აქვს სახეზე. „შენების მოძრაობის“ ამოცანაა, და ჩვენ ამისთვის ვართ ღია, რომ არსებული რესურსი გაერთიანდეს, მაგრამ ამ გაერთიანებებს ხელს უშლის წარსულის ბორკილები. 
ჩვენ ვერ ვაქციეთ 30 წლის ისტორია გამოცდილებად. ამ 30 წლის განმავლობაში ყველა ჩვენგანმა, ვინც პროცესში ვიყავით ჩართული, მოვახერხეთ კარგის გაკეთებაც და ცუდში მონაწილეობაც, პოლიტიკური პროცესი სხვანაირად არ არსებობს. მაგრამ ვინაიდან ის, რაც შეცდომები იყო, არ არის კოლექტიურად აღიარებული და გააზრებული, ადამიანებს ერთმანეთთან ურთიერთობა უჭირთ. ეს არის დასაძლევი. ჩვენ გვჭირდება განვლილი 30 წლის 30 მთავარი შეცდომის კოლექტიური აღიარება - მათ, ვინც პოლიტიკურად 30 წლისანი ვართ, ვის თვალწინაც განვითარდა ჩვენი უახლოესი ისტორია. აი, ამ ხალხის მიერ კოლექტიურად აღიარება და ჩამოთვლა მთავარი სახელმწიფოებრივი შეცდომების, ეს იქნება გზა ერთმანეთისკენ ნაბიჯის გადასადგმელადაც, და მეორე მხრივ - ეს იქნება იმ მოედნის გასუფთავებაც, სადაც ახალი თაობის პოლიტიკოსების არიან შემოსასვლელი. 
დღეს პერსპექტიულმა და ენთუზიაზმით სავსე ახალგაზრდამ რატომ და როგორ უნდა გადადგას ნაბიჯი პოლიტიკისკენ, ჩემთვისაც რთული წარმოსადგენია იმიტომ, რომ თუ გადმოდგა ნაბიჯი, ის იძულებულია, რომელიმე პატარა ჯგუფს შეუერთდეს და ყველა დანარჩენთან მტრულ დამოკიდებულებაში შევიდეს. ჩვენ გვაქვს იმაზე გაცილებით მეტი ეროვნული პოლიტიკური რესურსი, ვიდრე დღეს პოლიტიკურ ცხოვრებაში ვიყენებთ. ამიტომ, პოლიტიკურ პარტიულ ცხოვრებას სერიოზული გაჯანსაღება სჭირდება. ამას ვერ უშველის პარტიების დაფინანსების თაობაზე პარლამენტის ახალი ინიციატივები, რომლებიც პრინციპში სწორი მიმართულებითაა გადადგმული, ვინაიდან ქვეყანაში პრობლემაა არა იმდენად საბიუჯეტო დაფინანსების განაწილების სისტემა, რამდენადაც არაფორმალური დაფინანსების წყაროები, რომელიც სულ ორ-სამ პოლიტიკურ სუბიექტს აქვს. ეს წყაროებია, რაც ამახინჯებს ჩვენი ქყვენის პოლიტიკურ ცხოვრებას ფინანსური თვალსაზრისით. საბიუჯეტო დაფინანსების სისტემის გაუმჯობესება, რა თქმა უნდა, კარგი იქნება, მაგრამ მეტია საზრუნი აი ამ არაფორმალური წყაროების გადასაკეტად. 
ქართულმა ოცნებამ დაასრულა საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესი. მმართველი გუნდი აცხადებს, რომ ახალი კონსტიტუცია გამორიცხავს ქვეყანაში ავტორიტარული მმართველობის დამყარებას. იზიარებთ ამ მოსაზრებას? რა კონკრეტულ საფრთხეებს ხედავთ ახალი კონსტიტუციის ამოქმედების პირობებში?
ეს აკვიატებული ფრაზა, რომ ეს მოდელი ავტორიტარიზმს გამორიცხავს, ცოტა არასერიოზულია საკომენტაროდაც კი. ავტორიტარიზმისგან გვიცავს არა კონსტიტუცია, რაც ქაღალდზე წერია, არამედ კონსტიტუციის აღსრულება. რა და ვინ უშლის ხელს საქართველოს ხელისუფლებას, რომ იმუშაოს ისე, როგორც კონსტიტუციაში წერია - რომ პრემიერ-მინისტრი მართლაც იყოს პარლამენტთან ანგარიშვალდებული? არგუმენტად იშველიებენ იმას, რომ საპარლამენტო მოდელზე სრულყოფილად არ ვართ გადასული. მაგრამ თუნდაც არასრულყოფილ საპარლამენტო მმართველობის პირობებში, პრემიერ-მინისტრი პარლამენტში კვარტალში ერთხელ მაინც ხომ უნდა მიდიდეს, თუ ყოველ კვირას არა, რომ იმ ორგანოს, რომლიც წინაშე ანგარიშვალდებულია, ანგარიში ჩააბაროს, მას შეუთანხმოს თავისი პოლიტიკური ნაბიჯები, გააცნოს საკანონმდებლო წინადადებები და ა.შ.? სად წერია კონსტიტუციაში, რომ პარლამენტის თავმჯდომარე და პრეზიდენტი სამი თვე ერთმანეთს არ უნდა ელაპარაკებოდნენ, რომ შეთანხმდნენ პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლის დღის თაობაზე? ამას რომელიმე კონსტიტუციური ჩანაწერი უშლის ხელს? ამიტომ, ეს აპელირებები იმაზე, რომ ტექსტი გავაუმჯობესეთ და ცხოვრებაც გაუმჯობესდება, არანაირად არ მოდის ერთმანეთთან შესაბამისობაში. ამის მთავარი მიზეზი კი, ერთპარტიული მმართველობაა, რომელიც ავტორიტარიზმის ყველაზე უარესი ფორმაა. ერთი მხრივ ამბობდე, რომ კონსტიტუციური უმრავლესობა უნდა მქონდეს პარლამენტში, ყველა საკრებულოში უნდა მქონდეს â…”-იანი უმრავლესობა, და თან საუბრობდე მომავალში ავტორიტარიზმის გამორიცხვაზე, ეს არის სრულიად წარმოუდგენელი ფრაზები, რომელთაც ერთმანეთთან კავშირი არ აქვთ. ავტორიტარიზმი არსებობს ერთპიროვნული და კოლექტიური. კოლექტიური ავტორიტარიზმი გაცილებით რთული, სახიფათო და ძნელად მოსაშორებელი ფორმაა და ეს აღიარებულია მსოფლიო გამოცდილებით. 
საქართველოს ხელისუფლებამ მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღა დააანონსა. პარალელურად, არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტიები სულ უფრო ხმამაღლა საუბრობენ სასამართლო ხელისუფლებაში არსებულ კლანურ მმართველობაზე, რაც ინდივიდუალური მოსამართლეების და ზოგადად სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობასა და ეფექტიანობას საფრთხის ქვეშ აყენებს. სად ხედავთ გამოსავალს? 
უკვე აღვნიშნე, რომ ჩვენი 30–წლიანი ისტორია 30–წლიან გამოცდილებად უნდა ვაქციოთ. ერთ–ერთი გამოცდილება, რაც, დროა გავიაზროთ, არის ის, რომ სასამართლოებზე მეურვეობის დაწესება არანაირი კეთილშობილური მიზნით არ შეიძლება იყოს გამართლებული. ვარდების რევოლუციის შემდეგ, სააკაშვილს ჰქონდა კეთილშობილური მიზანი, დაემარცხებინა კორუფცია და საჯარო სექტორიდან გაედევნა კორუმპირებული ჩინოვნიკები, მაგრამ ამ მიზნის მისაღწევად მან გადაწყვიტა ერთი კონკრეტული მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა, კერძოდ, სასამართლოზე მეურვეობის დაწესება. მას ჰქონდა „რკინისებური არგუმენტი“ – თუ მე კორუმპირებულ ჩინოვნიკებს გავყრი სამსახურიდან და ესენი სასამართლოში ჩააწყობენ საქმეს და სასამართლოს გზით უკანვე მოგვიბრუნდებიან, მე კორუფციას ვერ დავამარცხებ. ამიტომ საჭიროა, მოსამართლეებს დავუნიშნოთ მეურვეები, პოლიტიკური კომისრები, რომლებიც მათ დროზე უკარნახებენ – როდის რა არის საჭირო ამ დიდი ამოცანების მისაღწევად. აი, ამ „კეთილშობილური“ მიზნით, ნაციონალური მოძრაობის პერიოდში მოხდა სასამართლოს პრაქტიკულად სრული ნეიტრალიზება და მისი გადაქცევა ადმინისრტაციის ნაწილად და არა მართლმსაჯულების განმხორციელებელ ორგანოდ. სამწუხაროდ, ქართული ოცნების ლიდერებსაც მსგავსი რამ დაემართათ. ისინი ფიქრობდნენ, რომ სასამართლოში თავმოყრილი ნაცმოძრაობის კადრები ხელს შეუშლიდნენ ქართული ოცნების სწორ პოლიტიკას და არ გაასამართლებდნენ მათ, ვინც გასასამართლებელია. ამიტომ ისევ „კეთილშობილური“ მოტივით, რომ უნდა დამკვიდრდეს ნამდვილი მართლმსაჯულება, სასამართლო სისტემა კვლავ მეურვეობის ქვეშ მოექცა. 
დღევანდელი მდგომარეობა არის ძალიან მძიმე. თუ ეს გზა ასე გავაგრძელეთ, ჩვენ ძალიან სავალალო შედეგებამდე მივალთ, როდესაც სიმართლის და სამართლის ძიებას ადამიანები იწყებენ ან კერძო თვითშემოქმედებით, ან ქურდულ სამყაროსთან კავშირებით, ან იმ ადამიანებთან კონტაქტებით, ვისაც გავლენა აქვს სასამართლოზე, ანუ ვჭრით იმ ტოტს, რომელზეც უნდა ჩამოეკიდოს სახელმწიფოებრიობის უმნიშნელოვანესი ატრიბუტი - სასამართლო. 
ძალიან მგრძნობიარე თემაა, მაგრამ მაინც ვიტყვი: ჯობია დამოუკიდებელი მოსამართლე შეცდომას უშვებდეს. ამას ეშველება იმიტომ, რომ იმ ერთ დამოუკიდებელ მოსამართლეს ჰყავს სხვა მოსამართლეები ზემდგომ ინსტანციებში - სააპელაციო და უზენაეს სასამართლოებში, ანუ სისტემის შიგნით არის შეცდომისა და არაკეთილსინდისიერი ქმედების გამოსწორების მექანიზმები. ჯობია ეს პრობლემა გვქონდეს და ამას გავუმკლავდეთ, ვიდრე გვყავდეს გარედან მართული მოსამართლეები, რომლებსაც ვერასდროს ვერ გაუმკლავდები. 
როცა პარლამენტში ვიყავით, ჩვენ სამწუხაროდ ამ პრობლემებს ვაწყდებოდით და ვებრძოდით, რამდენადაც ეს კოალიციის შიგნით იყო შესაძლებელი. ჩვენ წინა პარლამენტში მივიღეთ მართლაც სერიოზული, რეფორმისტული კანონმდებლობა - მოსამართლეთა კორპუსს მივეცით საშუალება, რომ აერჩიათ იუსტიციის საბჭოს წევრები, მაგრამ როგორც კი ამ სისტემას გარედან გამოუჩნდა მეურვე, ვითარების დამლაგებელი, მივიღეთ ის შედეგები, რაც მივიღეთ. გამოსავალი არის ის, რომ პოლიტიკურმა ხელისუფლებამ შეწყვიტოს სასამართლო სისტემის მეურვეობა.
სოლსბერის თავდასხმის შემდეგ, დასავლეთსა და რუსეთს შორის არსებულმა დაძაბულობამ ახალ ზღვარს მიაღწია. საქართველოს პროდასავლურ ოპოზიციურ სპექტრში აქამდეც ისმოდა კრიტიკა, რომ ხელისუფლება არ იყენებს რუსეთის ირგვლივ შექმნილ ვითარებას და დასავლეთის კონსოლიდაციას პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ, და სათანადო სიმწვავით არ აყენებს ტერიტორიების დეოკუპაციის საკითხს. ეს კრიტიკა კიდევ უფრო მძაფრი გახდა ტატუნაშვილის მკვლელობისა და პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილის მიერ რუსეთის ხელისუფლებისადმი გაგზავნილი მიმართვის შემდეგ. როგორ უნდა მოქმედებდეს საქართველო, რომ რუსეთთან კონფლიქტში დასავლეთის მეტი მხარდაჭერა მოიპოვოს?
ჩემი აზრით, დღეს არა მხოლოდ რუსულ-ქართულ ურთიერთობებში, არამედ საერთაშორისო პოლიტიკურ ცხოვრებაში შექმნილ ვითარებაში რაიმე პოზიტიური გარღვევის მიღწევა რუსეთთან მიმართებაში არის შეუძლებელი, და როცა ეს შეუძლებელია, მაშინ გარღვევის მცდელობამ შედეგად შეიძლება მოიტანოს ჩვენი პოზიციების კიდევ უფრო შესუსტება და მეტი ზარალი. პრემიერ-მინისტრის მიმართვაში მე ეს საფრთხე დავინახე. სამწუხაროდ, ნაწილობრივ უკვე ვხედავთ ამ შეცდომის უარყოფით შედეგებს - რუსეთის დამოკიდებულებაშიც, მათ პასუხშიც. მაგრამ კარგია, რომ ხელისუფლება დროზე გაჩერდა და ეს, სრულიად უპერსპექტივო მცდელობა კიდევ უფრო არ გააღრმავა. 
მე ერთნაირად არ ვიზიარებ იმ პოლიტიკური წრეების პოზიციასაც, რომლებიც ხელისუფლებას უკიჟინებენ იმისკენ, რომ მეტი უნდა ჩაიდინოს რუსეთთან ურთიერთობაში, ანუ უნდა იყოს დაახლოებით იმ სტილის, როგორიც იყო ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლება. ეს არის არასწორი, და ასევე არასწორია მეორე მხრიდან კიჟინა, რომ დაელაპარაკეთ პუტინს და ნახავთ, რომ მასთან მოლაპარაკება შესაძლებელია. 
ჩემი აზრით, საქართველო ამ წუთის მდგომარეობით პრინციპში აკეთებს იმას, რაც შესაძლებელია და რაც სწორია. რა თქმა უნდა, სასურველი იქნებოდა მეტი აქტიურობა, რომ პრობლემებით გადატვირთულ ჩვენს მეგობრებს საქართველო არ გადაავიწყდეთ ხოლმე. საჭიროა მეტი აქტიურობა დიპლომატიური არხებით, მეტი აქტიურობა საერთაშორისო კონფერენციებზე, მეტი აქტიურობა იმ კონკრეტულ ადამიანებთან ურთიერთობაში, ვინც საქართველოს შესახებ ევროპაში და შეერთებულ შტატებში საზოგადოებრივ აზრს ქმნიან. საჭიროა მეტი აქტიურობა ჩვენი მოქალაქეების სწორი ინფორმირების კუთხვით, ვინაიდან ჩვენი მოქალაქეები ძალიან სერიოზულ პროპაგანდისტულ წნეხს განიცდიან როგორც პირდაპირ რუსეთიდან, ისე რუსეთის რბილი ძალის აგენტებისგან და ასევე იმ პოლიტიკოსებისგან, რომლებიც მოსახლეობას უქმნიან ილუზიას, რომ საქართველო სხვანაირად რომ იქცეოდეს, ჩვენ ტერიტორიულ მთლიანობასაც აღვადგენდით და რუსეთთანაც ურთიერთობას დავალაგებდით, როგორც სუვერენული ქვეყანა. ეს ყველაფერი, მოსახლეობის სოციალური გაჭირვების ფონზე, იწვევს ძალიან სახიფათო ტენდენციებს და ამ ნაწილში შეიძლება მეტის გაკეთება. 
დაგვიანებით, მაგრამ სწორია, რომ მოხდა ერთი რუსი დიპლომატის გაძევების შესახებ გადაწყვეტილების მიღება, ანუ იმ პროცესში ჩართვა, რომელშიც პრაქტიკულად მთელი დემოკრატიული სამყარო áƒ©áƒáƒ”რთო. ამითი ჩვენ პოზიციებს ვიმყარებთ ჩვენი მეგობრების წრეში, რაც ახლა არის სუპერ მნიშვნელოვანი. ჩვენი მომავალი დამოკიდებულია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის არაღიარების პოლიტიკის ურყევობაზე და ეს ურყევობა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ჩვენი პარტნიორების გვერდში ვიქნებით, როცა მათ ეს სჭირდებათ. თუ ჩვენ შევასუსტეთ ამ მიმართულებით მათთან ურთიერთობა, და ზოგადად, დემოკრატიული სამყაროსკენ სწრაფვა, მათაც მოუდუნდებათ ამ თემაზე ყურადღება და შეიძლება რაღაც ისტორიული ქარტეხილის დროს ჩვენი ინტერესები გადახურდავდეს რამე სხვა საკითხში და ინტერესებში. 
ძალიან სერიოზული აქტივობაა საჭირო დასავლეთის მიმართულებით. რუსეთთან მიმართებით კი, არც მეტი უნდა მოვინდომოთ და არც გაუარესებისკენ უნდა წავიყვანოთ ჩვენი ურთიერთობები. საქართველოს ეკონომიკურად გაძლიერება, პოლიტიკურად დალაგება და მოსახლეობის უმრავლესობაში მომავლის იმედის გაჩენა - ეს არის ის გასაღები, რომელიც ერთდროულად ყველა მიმართულებით სწორ ნაბიჯებს გადაგვადგმევინებს: ევროპული ინტეგრაცია დაჩქარდება, აფხაზებს და ოსებს მეტი საფიქრალი გაუჩნდებათ - ზოგადად, სად ჯობია ცხოვრება, და რუსეთი მეტ ანგარიშს გაუწევს ამ თვალსაზრისით მოძლიერებულ ქვეყანას. 

Civil.Ge © 2001-2024