კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციის ახალი უფროსი დანიშნა
Civil Georgia, Tbilisi / 12 Apr.'18 / 12:15


შალვა თადუმაძე. ფოტო: gov.ge

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს შალვა თადუმაძე მთავრობის ადმინისტრაციის ახალ უფროსად დანიშნა, რომელმაც ამ პოსტზე მაია ცქიტიშვილი შეცვალა. ამ უკანასკნელს ეს თანამდებობა 2012 წლის ნოემბრიდან ეკავა.

შალვა შათუმაძე 2012 წლის ოქტომბრიდან მთავრობის საპარლამენტო მდივნად მუშაობდა. მანამდე მას იურისტად მუშაობის დაახლოებით ათწლიანი გამოცდილება აქვს.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საუბრისას პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ თადუმაძემ „ძალიან კარგად გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობას“ მთავრობის საპარლამენტო მდივნის პოსტზე და „გამოიჩინა მაღალი პროფესიონალიზმი“.

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობა ვაკანტური 30 მარტს გახდა მას შემდეგ, რაც მაია ცქიტიშვილი რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის ახალ მინისტრად დაინიშნა.  

Civil.Ge © 2001-2019