მმართველი პარტიის დეპუტატებს შორის ურთიერთბრალდებები გრძელდება
Civil Georgia, Tbilisi / 12 Apr.'18 / 13:50

მმართველ პარტიაში შიდაპარტიული უთანხმოება ბოლო დღეების მანძილზე გამწვავდა, რა დროსაც დეპუტატები პარტიასა და პარლამენტში კოორდინაციის და გადაწყვეტილების მიღების საკითხებთან დაკავშირებით კვლავ ერთმანეთს ადანაშაულებენ.

უთანხმოება დეპუტატ გედევან ფოფხაძის 4 აპრილის განცხადებას მოჰყვა, რომელმაც უმრავლესობიდან შესაძლო წასვლის შესახებ გააკეთა განცხადება და ამის მოტივად მმართველი პარტიის გადაწყვეტილება დაასახელა, რომელმაც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში ნინია კაკაბაძის კანდიდატურას დაუჭირა მხარი. მოგვიანებით უთანხმოება კიდევ უფრო გამწვავდა მას შემდეგ, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა 9 აპრილს, რომ ფოფხაძის სიტყვები შეურაცხმყოფელი იყო თანაგუნდელებისთვის.

დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ განუცხადა მედია საშუალებებს სამშაბათს, რომ ქართული ოცნების „ახალგაზრდა“ საპარლამენეტო ლიდერები, მათ შორის კობახიძე და მდინარაძე „პარტიის ხელში ჩაგდებას“ ცდილობენ. „ხალხის წინაშე ვალდებულებებს იღებდა გიორგი კვირიკაშვილი, კახა კალაძე, ვინც პირველი დღიდან მოდიან. დანარჩენების არც სახელები იცოდა ხალხმა და არც გვარები 2016 წლამდე, სანამ არ მოხვდნენ ქართული ოცნების სიაში“, - განაცხადა ჭიჭინაძემ.

ჭიჭინაძემ ასევე დაადანაშაულა პარლამენტის თავმჯდომარე „პარტიული დისციპლინის“ დარღვევაში, როდესაც „საჯაროდ გააკრიტიკა პრემიერ-მინისტრის განცხადება“. „როდესაც პრემიერ-მინისტრი აკეთებს გუნდის ერთობაზე, ამ ერთობის შენარჩუნებაზე განცხადებას, პარლამენტის ხელმძღვანელობამ, სამწუხაროდ, ისეთი განცხადებები გააკეთა, რომელიც დაპირისპირებაში შევიდა პრემიერთან“, - დასძინა ჭიჭინაძემ.

დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ აღნიშნა, რომ პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებაში „ავტორიტარული ნოტები“ ჟღერდა. „პარლამენტის თავმჯდომარე უნდა იყოს შემაკავშირებელი და არა დაძაბულობის შემტანი. როცა პრემიერმა გააკეთა განცხადება და მისგან აბსოლუტურად განსხვავებული განცხადება გაკეთდა, მე მგონი, ამით ხელი შეუწყო მან დაძაბულობას და ეს არის სწორედ პოლიტიკური ალღოს ნაკლებობა“, - განაცხადა ქანთარიამ.

დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ, რომელიც ქართული ოცნების საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარეა, ამ თემაზე სამშაბათს, ქართული ოცნების პარტიის ლიდერების შეხვედრის შემდეგ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მმართველი პარტიის დეპუტატებმა კაკაბაძის კანდიდატურას "ერთადერთი არგუმენტით" დაუჭირეს მხარი, რათა ოპოზიციურ დეპუტატებს საკუთარი კვოტების გამოყენების საშუალება ჰქონოდათ. მან იქვე დასძინა, რომ ფოფხაძემ სერიოზული შეცდომა დაუშვა, როდესაც ეს გადაწყვეტილება გააკრიტიკა, რითიც  თანაგუნდელებს შეურაცხყოფა მიაყენა.

მდინარაძე ჭიჭინაძის ბრალდებებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ "ძალიან დიდი შეცდომაა აღქმა პარლამენტის ხელმძღვანელობის და პრემიერ-მინისტრის განცხადებებს შორის რაიმე რადიკალური განსხვავების. არც ერთი განცხადება არც პრემიერის, არც პარლამენტის თავმჯდომარის და არც ჩემი, მათ შორის, ამ დღეებში გაკეთებული, ერთმანეთს არ გამორიცხავდა".  

Civil.Ge © 2001-2019