ეკონომიკის მინისტრი ჩინეთში ვიზიტის დროს ვაჭრობის და ტრანსპორტის მინისტრებს შეხვდა
Civil Georgia, Tbilisi / 13 Apr.'18 / 18:39

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ჩინეთში ვიზიტის დროს ვაჭრობის და ტრანსპორტის მინისტრებს, ჭონ შანს და ლი სიაოპენს შეხვდა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის და ჩინეთის სახალხო ბანკის მიერ „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ ინიციატივის ფარგლებში ერთობლივად ორგანიზებულ მაღალი დონის კონფერენციას დაესწრო. 

„ერთი სარტყელი - ერთი გზის“ ინიციატივა მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს ყველა მონაწილე ქვეყანას, რადგან იგი ხელს შეუწყობს რეგიონულ თანამშრომლობას, სახელმწიფოებს და რეგიონებს შორის ინფრასტრუქტურისა და სატრანსპორტო კავშირების განვითარებას“, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ერთ-ერთი საპანელო განხილვის დროს.

„ერთი სარტყელი - ერთი გზის ინიციატივის ფარგლებში, ტრანსკასპიური სატრანსპორტო მარშრუტის ანუ შუალედური დერეფნის წევრ ქვეყნებს შესაძლებლობა ეძლევათ მიიზიდონ ამ ტვირთბრუნვის მნიშვნელოვანი ნაწილი“, - განაცხადა მინისტრმა და დასძინა, რომ საქართველოს მთავრობა მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს ამ პროცესის მხარდასაჭერად.

ქუმსიშვილმა მთავრობის ძალისხმევას შორის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, რკინიგზის მოდერნიზაცია და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა დაასახელა და დასძინა, რომ მას სჯერა, რომ „საქართველოში დაგეგმილი და მიმდინარე საქმიანობები“ გაზრდის ცნობიერებას და კონკურენტუნარიანობას და დამატებით შესაძლებლობებს შექმნის შუალედური დერეფნისთვის, რათა ის ერთი სარტყელი - ერთი გზის ინიციატივის მთავარი მარშრუტი გახდეს.

შუალედური დერეფნის საკითხს ქუმსიშვილი ტრანსპორტის მინისტრთან ლი სიაოპენთან შეხვედრაზეც შეეხო და ჩინეთის მთავრობას დახმარება სთხოვა ტრანს-კასპიური სატრანსპორტო მარშრუტის მხარდაჭერის საქმეში. „ჩვენ ასევე ვისაუბრეთ იმაზე, რომ ჩინეთის ხელისუფლებამ განიხილოს ფინანსური მხარდაჭერა აღნიშნული კორიდორის და იმ ტვირთების, რომელიც ამ კორიდორში არის მოსაზიდი“, - განაცხადა კუმსიშვილმა. 

13 აპრილს თავის ჩინელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ ქუმსიშვილმა განაცხადა, რომ ვაჭრობის მინისტრმა ჭონ შანმა „უდიდესი დახმარება“ აღმოუჩინა საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებაში. „დღეს ჩვენ კიდევ ერთი უპრეცედნტო დახმარების შემოთავაზება მივიღეთ კომერციის მინისტრგან ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის მიმართულებით. მან შემოგვთავაზა არა ერთი ღონისძიების წარმართვა ჩინეთის ტერიტორიაზე, რათა უფრო მეტი ქართული პროდუქტი გაიყიდოს ჩინეთში და შესაბამისად ჩვენი ექსპორტი ჩინეთის მიმართულებით გაიზარდოს“, - განაცხადა მან.

ვიზიტის ფარგლებში ქუმსიშვილი ასევე შეხვდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს ახლო აღმოსავლეთსა და ცენტრალურ აზიაში ჯიჰად აზურს და აზიის ინფრასტრუქტურისა და ინვესტიციების ბანკის პრეზიდენტს, ჯინ ლიქუინს.

Civil.Ge © 2001-2024