პრეზიდენტის შეწყალების პრაქტიკის გარშემო პოლიტიკური დავა გრძელდება
Civil Georgia, Tbilisi / 18 Apr.'18 / 16:09

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, ასევე ქართული ოცნების და ევროპული საქართველოს დეპუტატებმა ურთიერთბრალდებები გაცვალეს პრეზიდენტის შეწყალების საკითხთან დაკავშირებით.

კრიტიკული განცხადებები პრეზიდენტის წინააღმდეგ გასულ კვირას გაკეთდა მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ თბილისში 13 აპრილს 25 წლის გოგონას მკვლელობაში ეჭვმიტანილი პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე áƒ”რთი წლის წინ გათავისუფლდა.

მმართველი და ოპოზიციური პარტიების კრიტიკის საპასუხოდ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა 16 აპრილს, რომ ორი პარტია გიორგი მარგველაშვილის წინააღმდეგ ბინძურ კამპანიას ახორციელებს. 

„საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს ახალი საკონსტიტუციო უმრავლესობის ფორმირების პროცესი ევროპული საქართველოს და ქართული ოცნების მონაწილეობით და ძალიან სამწუხაროა, რომ ამ უმრავლესობის მთავარი გამაერთიანებელი დღეს არის საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ ბინძური კამპანიის წარმოება“, - განაცხადა აბაშიშვილმა.

ქართული ოცნების და ევროპული საქართველოს დეპუტატებმა საპასუხო კონტრბრალდებები გაახმოვანეს.

ქართული ოცნების დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის განცხადებები „აბსურდულია“.  „ეს არის მცდელობა გადაიტანონ საზოგადოების ნეგატიური დამოკიდებულება, რაც მოჰყვა პრეზიდენტის უპასუხისმგებლო და არასახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებას შეწყალებებთან მიმართებაში, ეს ყველაფერი გადაიტანონ და გადაფარონ სხვა თემით“.

ევროპული საქართველოს დეპუტატმა ირმა ნადირაშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის პასუხი მათ „ლეგიტიმურ“ კრიტიკაზე „არაადეკვატური და ისტერიული“ იყო. „პასუხისმგებლობისგან გამოძრომა, როდესაც ადამიანი უკვე დაიღუპა, როდესაც წინა შემთხვევები ვიცით, მისგან გათავისუფლებულმა ნათესავებმა ხელახლა როგორ ჩაიდინეს დანაშაული, ამ შემთხვევაში არ არის ლამაზი, რომ პასუხისმგებლობისგან გამოძვრე. ეს კიდევ უფრო უთავმოყვარეო საქციელია, ვიდრე მაგალითად, როდესაც კონსტიტუციას ხელი მოაწერე“, - განაცხადა ნადირაშვილმა.

გიორგი აბაშიშვილმა დღესაც გააკეთა კომენტარი საკითხზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ფაქტიურად, მთელი სახელმწიფო მანქანა ამ ორ პოლიტიკურ პარტიასთან ერთად მუშაობს საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ შავი პიარის ასაგორებლად“. „ჯობია სახელმწიფო უწყებები დაკავდნენ კრიმინალთან ბრძოლით იმიტომ, რომ არ მოხდეს ისევ ესეთი ტრაგიკული ფაქტები, როგორსაც უკვე ქონდა ადგილი“, - დასძინა მან.

Civil.Ge © 2001-2024