მმართველი პარტიის დეპუტატები შიდაპარტიული დაპირისპირების თაობაზე შეიკრიბებიან
Civil Georgia, Tbilisi / 18 Apr.'18 / 19:32

ქართული ოცნების დეპუტატები 19 აპრილს შეხვედრას გამართავენ, სადაც áƒžáƒáƒ áƒ¢áƒ˜áƒáƒ¡áƒ და პარლამენტში კოორდინაციის და გადაწყვეტილების მიღების საკითხებთან დაკავშირებით არსებულ თითქმის ორკვირიან დავაზე იმსჯელებენ. 

უთანხმოება დეპუტატ გედევან ფოფხაძის 4 აპრილის განცხადებას მოჰყვა, რომელმაც უმრავლესობიდან შესაძლო წასვლის შესახებ ისაუბრა და ამის მოტივად მმართველი პარტიის ის გადაწყვეტილება დაასახელა, რომლითაც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად áƒœáƒ˜áƒœáƒ˜áƒ კაკაბაძის კანდიდატურა დამტკიცდა.

მოგვიანებით, უთანხმოება კიდევ უფრო გამწვავდა მას შემდეგ, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ 9 აპრილს განაცხადა, რომ ფოფხაძის სიტყვები შეურაცხმყოფელი იყო თანაგუნდელებისთვის. რამდენიმე დეპუტატმა პარლამენტის თავმჯდომარე და პარლამენტის ხელმძღვანელობა პარტიის „ხელში ჩაგდებაში“ დაადანაშაულა.

დეპუტატებმა დღესაც გააკეთეს კომენტარი დავის შესახებ, რა დროსაც დავით ჭიჭინაძემ აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები ჩაიშლება, თუ პარლამენტის ხელმძღვანელობა გადაწყვეტს, რომ გარკვეული დეპუტატების წინააღმდეგ სანქციები გამოიყენოს.

კითხვაზე როგორი იქნება მათი პასუხი მოლაპარაკებების ჩაშლის შემთხვევაში, ჭიჭინაძემ უპასუხა:  „გავწევთ და მმართველობას ავიღებთ ხელში. ჩვენ ვიქნებით სახეები, ვინც ვიყავით ქართული ოცნების სახეები 2012 წლიდან“.

დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ ასევე გააკეთა კომენტარი მომავალი შეხვედრის შესახებ და ხაზი გაუსვა, რომ „ჩვენ უნდა მოგვეცეს საშუალება პოლიტიკურ პროცესში სრულფასოვანი მონაწილეობის და გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული ყველას მონაწილეობით“.

„იმედია, იქიდან არ იქნება ისეთი პირობები, რომელიც აქცენტს გააკეთებს დისციპლინაზე დეპუტატების მხრიდან. მე მაინც მგონია, რომ ერთადერთი დისციპლინა, რომელსაც უნდა დაემორჩილოს დეპუტატი, ეს არის ქვეყნის და ხალხის ინტერესები“, - განაცხადა ფოფხაძემ.

მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიესალმება ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ჩართულობას პროცესში. „მას აქვს ძალიან დიდი პოლიტიკური კაპიტალი ... რაც ეხმარება ადამიანებს ძალიან კრიტიკული სიტუაციის დროს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში“, - განაცხადა მან.

„რაც მე შეიძლება დავთმო ბიძინა ივანიშვილის ფაქტორის გათვალისწინებით, შეიძლება სხვა შემთხვევაში ეს არ გავაკეთო“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

დეპუტატმა ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ ის ასევე მიესალმება ივანიშვილის ჩართულობას. „ვიცნობ რა მის თვისებებს და უნარ-ჩვევებს, მგონია, რომ მას შეუძლია ნებისმიერ სიტუაციაში სიახლის, დადებითი როლის შემოტანა და პროცესების სასურველი მიმართულებით წარმართვა“, - განაცხადა მან.

ფრაქცია ქართული ოცნების ლიდერმა, დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ „ნამდვილად არის გუნდში რესურსი იმისა, რომ თამაშის საერთო წესებზე შევთანხმდეთ“. 

Civil.Ge © 2001-2024