ევროკავშირი ‘ღრმა შეშფოთებას’ გამოხატავს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის გამო
Civil Georgia, Tbilisi / 20 Apr.'18 / 12:57

ევროკავშირი ღრმა შეშფოთებას გამოხატავს ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებული სიტუაციის და ამ ორ რეგიონში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული ვითარების მუდმივი გაუარესების გამო, განაცხადა ევროპის საბჭოში ევროკავშირის დელეგაციამ 18 აპრილს.

განცხადება, რომელიც ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მე-17 კონსოლიდირებული ანგარიშის საპასუხოდ გაკეთდა, ევროპის საბჭოში ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელებთან შეთანხმებით მომზადდა და მას ალბანეთის, ანდორას, ბოსნია და ჰერცეგოვინას, საქართველოს, მონაკოს, მონტენეგროს, ნორვეგიის, მოლდოვას, მაკედონიის, თურქეთის და უკრაინის წარმომადგენლები შეუერთდნენ.

ევროკავშირი აღნიშნავს განცხადებაში, რომ „განსაკუთრებით შეშფოთებულია“ თავისუფალი გადაადგილებისთვის დაბრკოლებების შექმნის, თვითნებური დაკავებების, ეთნიკური დისკრიმინაციის, აფხაზეთში ეთნიკური ქართველებისთვის დოკუმენტების გაცემაში შეფერხებების, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვის და დევნილთა საკუთრების უფლებების შელახვის გამო.

ევროკავშირი ასევე წუხს იმის გამო, რომ რუსეთი და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მონაწილეები ცხინვალიდან და სოხუმიდან უარს აცხადებენ, რომ ლტოლვილთა და დევნილთა საკითხის განხილვაში ჩაერთონ, რაც, მისი თქმით, ჟენევის დისკუსიების მანდატის საფუძველია და რომლის მუდმივი ბოიკოტიც საფრთხეს უქმნის დიალოგის მთლიან მექანიზმს.

„რუსეთის სამხედრო ძალების უკანონო ყოფნა, მზარდი სამხედრო წვრთნები და ინფრასტრუქტურის გაძლიერება“ ორ რეგიონში, ასევე ე.წ. „ბორდერიზაციის“ პროცესის გააქტიურება და ე.წ. საბაჟო პუნქტების გახსნა ასევე წარმოადგენს შეშფოთების წყაროს, ნათქვამია განცხადებაში.

ევროკავშირი არჩილ ტატუნაშვილის საკითხსაც შეეხო და განაცხადა, რომ მისი გარდაცვალება ცხინვალში „შესაძლოა შემაშფოთებელ ტენდენციას ასახავდეს“. „ამ საბედისწერო ინციდენტის გარშემო არსებული დაუსჯელობა 2016 წლის მაისის ოთხოზორიას საქმეს გვაგონებს“, ნათქვამია განცხადებაში, რომლის თანახმადაც „ამგვარი დაუსჯელობა მნიშვნელოვან უარყოფით გავლენას ახდენს ადამიანის უსაფრთხოებაზე“.

„არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადაცემას ნათესავებისთვის, რაც ადამიანური ღირსების საკითხია, არ უნდა დასჭირვებოდა თითქმის ერთი თვე და გამხდარიყო მოლაპარაკებების საგანი“, - ნათქვამია განცხადებაში.

ევროკავშირმა ასევე აღნიშნა, რომ იგი კვლავ მზადაა მხარი დაუჭიროს მშვიდობის დამყარებას და კონფლიქტის მოგვარებას საქართველოში და მიესალმება საქართველოს მთავრობის ახალ სამშვიდობო ინიციატივას, „რომელიც ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის ორივე მხარეს მცხოვრებ ადამიანებს მოუტანს სარგებელს ვაჭრობის, განათლების და გადაადგილების ხელშეწყობის გზით“.

Civil.Ge © 2001-2024