პარლამენტმა პარტიების დაფინანსების წესში ცვლილებები მიიღო
Civil Georgia, Tbilisi / 20 Apr.'18 / 16:04

საქართველოს პარლამენტმა 18 აპრილს 77 ხმით ერთის წინააღმდეგ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში ცვლილებები მიიღო, რის შედეგადაც პარტიების დაფინანსების ახალი წესები ამოქმედდა.

საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც 2017 წლის ოქტომბერში დარეგისტრირდა, ქართული ოცნების ორი დეპუტატის - ფრაქცია „მრეწველების“ წევრის სიმონ ნოზაძის და ფრაქცია „სოციალ-დემოკრატების“ წევრის გია ჟორჟოლიანის ავტორობით მომზადდა.

ახალი რეგულაციებით, ის პარტიები, რომლებიც სულ ცოტა ერთ მაჟორიტარულ მანდატს მოიპოვებენ (დამოუკიდებლად ან საარჩევნო ბლოკში) და ფრაქციას შექმნიან, შეძლებენ საბიუჯეტო დაფინანსების მიღებას.

მანამდე მხოლოდ ის პარტიები იღებდნენ დაფინანსებას, რომლებიც ხმების სულ ცოტა 3%-ს მიიღებდნენ (დამოუკიდებლად ან საარჩევნო ბლოკში) წინა საპარლამენტო ან ადგილობრივ არჩევნებზე. ეს წესი კვლავ ძალაში რჩება.

შედეგად, მრეწველთა პარტია, რომელმაც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმების მხოლოდ 0,78% მიიღო, თუმცა ხაშურის ერთმანდატიან ოლქში მანდატი მოიპოვა და ფრაქცია შექმნა ქართული ოცნების უმრავლესობის ფარგლებში, დაახლოებით 600 000 ლარის ოდენობის ყოველწლიურ საბიუჯეტო დაფინანსებას მიიღებს.

სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, მათ შორის საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, საერთაშორისო გამჭირვალობამ და სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ, ცვლილებები გააკრიტიკა და მათ „ყოვლად გაუმართლებელი“ უწოდა, რომელიც „მხოლოდ ერთ პარტიაზე არის შეგნებულად მორგებული“.

„[ცვლილებები] მნიშვნელოვნად ამცირებს სახელმწიფო დაფინანსების მისაღებად საჭირო სტანდარტს და შეზღუდული სახელმწიფო რესურსის არამიზანშეწონილად გამოყენების რისკებს ზრდის. პოლიტიკური გაერთიანებებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების გამოყოფა მათ მიერ მთელი ქვეყნის მასშტაბით მოპოვებული ამომრჩევლის მხარდაჭერის გამო უნდა ხდებოდეს და არა პარლამენტში პარტიის ერთი წევრის არჩევისთვის, რომელიც შემდეგ ფრაქციას შექმნის“, - ნათქვამია განცხადებაში.

Civil.Ge © 2001-2021