საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
Civil Georgia, Tbilisi / 25 Apr.'18 / 15:17


მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსი 2018, რეპორტიორები საზღვრების გარეშე

პარიზში არსებული მედიის უფლებათა დამცველი ჯგუფის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ (Reporters Sans Frontières - RSF) მიერ გამოქვეყნებულ ყოველწლიურ კვლევაში საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში 2017 წელს გაუმჯობესდა.

კვლევა „მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსი 2018“ 2017 წლის მოვლენებს ასახავს.

ანგარიშის თანახმად, 180 ქვეყანას შორის საქართველოს 27,34 ქულით 61–ე ადგილი უკავია. 2017 წლის კვლევაში საქართველოს 27,76 ქულით 64–ე ადგილი ეკავა.

ქულები გაანგარიშებულია 1-დან 100-მდე შკალაზე. ინდექსის თანახმად, რაც უფრო მეტია ქულა მით უარესია ქვეყანაში მედიის მდგომარეობა.

ანგარიშის მიხედვით, საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.

ანგარიშის შეფასებები

„ქართული მედია პლურალისტური, თუმცა ჯერ კიდევ ძალიან პოლარიზებულია. ბოლო წლებში განხორციელებულმა რეფორმებმა ქართული მედიის მფლობელობის გამჭირვალობა და სატელიტური ტელევიზიების პლურალიზმი გააუმჯობესა, თუმცა მფლობელები კვლავ ერევიან სარედაქციო პოლიტიკაში“, - ნათქვამია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ მოკლე კომენტარში საქართველოს შესახებ.

ორგანიზაციამ ასევე აღნიშნა, რომ „მთავარი ნაციონალური ოპოზიციური ტელეარხის „რუსთავი 2“-ის“ გარშემო მიმდინარე დავა „დიდ გავლენას იქონიებს“.

„ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობა ნაკლებად ხშირია, თუმცა ხშირად ვრცელდება ინფორმაცია მუქარის შესახებ“, - აცხადებს ორგანიზაცია.

ის ასევე შეეხო აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის თბილისიდან გაუჩინარების და აზერბაიჯანში დაკავების საკითხს და აღნიშნა, რომ ამ ფაქტმა დიდი რეზონანსი გამოიწვია საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელ დისიდენტებს შორის.

„საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის ორი მაღალჩინოსანი გათავისუფლებულია თანამდებობიდან, თუმცა ქართულ გამოძიებას ჯერ კიდევ არ წარუდგენია იმის დამაჯერებელი ახსნა-განმარტება, თუ როგორ მოხდა ეს“, - ნათქვამია ანგარიშში.

„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ თავის ყოველწლიურ კვლევას სხვადასხვა კრიტერიუმის საფუძველზე ადგენს, რომელთა შორისაა პლურალიზმი, მედიის დამოუკიდებლობა, მედიაგარემო და თვითცენზურა, საკანონმდებლო ბაზა, გამჭირვალობა და სიახლეებისა და ინფორმაციიის მომზადებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ხარისხი.

თვისებრივი ანალიზი შეჯერებულია ჟურნალისტების წინააღმდეგ არასათანადო მოპყრობის და ძალადობის აქტების შესახებ რაოდენობრივ მონაცემებთან, რომელთა შეგროვება ცალკეულ ქვეყნებში კორესპონდენტების ქსელის მიერ ხდება.

Civil.Ge © 2001-2024