სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
Civil Georgia, Tbilisi / 26 Apr.'18 / 19:07


ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, 26 აპრილი. 2018. ფოტო: nato.int

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების 27 აპრილის შეხვედრა მიმოიხილა და სხვა საკითხებთან ერთად საქართველოსთან ნატოს ურთიერთობებსაც შეეხო.

გაზეთ „კვირის პალიტრას“ კითხვის საპასუხოდ, სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ საქართველო ნატოს „ძალიან ახლო პარტნიორია“ და რომ ალიანსი განაგრძობს საქართველოსთვის „პრაქტიკული და პოლიტიკური მხარდაჭერის“ აღმოჩენას.

„მივესალმებით, რომ საქართველო პროგრესს აღწევს ნატოს წევრობის გზაზე და დარწმუნებული ვარ, რომ სამიტი აღიარებს ამ პროგრესს“, - განაცხადა სტოლტენბერგმა და დასძინა, რომ ალიანსმა „ბევრი სხვადასხვა ინსტრუმენტი“ გამოიყენა პარტნიორობის გასაძლიერებლად, მათ შორის ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი.

გენერალურმა მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ ალიანსი „დიდად აფასებს“ საქართველოს წვლილს ნატოს მისიებსა და ოპერაციებში. „ამრიგად, მხოლოდ ნატო არ უწევს დახმარებას საქართველოს, არამედ საქართველოც დიდ დახმარებას უწევს ნატოს“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

Civil.Ge © 2001-2024