ეუთო: არჩევნების დროს საერთაშორისო სტანდარტები დაირღვა
/ 3 Nov.'03 / 19:44
(თბილისი, 3 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) - ეუთო-ს მიერ 3 ნოემბერს გავრცელებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ საქართველოში 2 ნოემბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების დროს დაირღვა მთელი რიგი საერთაშორისო სტანდარტებისა.

"საარჩევნო უბნების დაგვიანებით გახსნისა და ამომრჩეველთა სიებში უზუსტობების ფონზე, საზოგადოებამ დაკარგა დნობა ხელისუფლების მიმართ. ხალხს აღარ სჯერა, რომ ხელისუფლებას შეუძლია ეფექტური და გამჭირვალე არჩევნები ჩაატაროს", - ნათქვამია არჩევნებზე დამკვირვებელთა საერთაშორისო მისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

არჩევნებზე მონიტორინგს 43 ქვეყნიდან 450 საერთაშორისო დამკვირვებელი აწარმოებდა.

"ამ არჩევნებმა, სამწუხაროდ, ვერ შეძლო ნდობის გაღრმავება როგორც საარჩევნო, ისე დემოკრატიული პროცესებისადმი", - განაცხადა ეუთო-ს მოკლევადიან დამკვირვებელთა მისიის ხელმძღვანელმა ბრიუს ჯორჯმა.

"ჩვენ გვჯერა, რომ ამ ქვეყნის ხალხს უკეთესო საარჩევნო სისტემა და ხმის უფლების უკეთესი დაცვა ეკუთვნით, რაც, სამწუხაროდ, არ დაფიქსირდა გუშინ", - აღნიშნა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა ტომ კოქსმა.

დამკვირვებელთა მისიის განცხადებაში ნათქვამია, რომ სპეცრაზმის განლაგება ოთხ საარჩევნო უბანზე და არაუფლებამისილი ხალხის რაოდენობა უბნებზე საარჩევნო პროცესში ჩარევის შთაბეჭდილებას ტოვებდა.

არჩევნებზე დაკვირვების საერთაშორისო მისიამ განაცხადა, რომ გარკვეული გამოსწორებაც შეინიშნება, მათ შორის, ახალი საარჩევნო კოდექსი, რომელიც უზრუნველყოფს შესაბამის ჩარჩოებს დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად იმ შემთხვევაში, თუ არევნები ობიექტურად ჩატარდება. ასევე აღინიშნა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მუშაობაში მომატებული გამჭირვალობა.

Civil.Ge © 2001-2024