ოპოზიცია საყოველთაო დაუმორჩილებლობის დეტალებს ამჟღავნებს
/ 16 Nov.'03 / 20:51

ოპოზიცია 17 ნოემბრიდან საქართველოს მასშტაბით ყველა სახელმწოფო სტრუქტურის პარალიზებას იწყებენ, ხოლო სახელმწიფო დაწესებულებებში მომუშავე მოქალაქეებს სამოქალაქო დაუმორჩილებლობისაკენ მოუწოდებენ. ასევე მთელი საქართველოს მაშტაბით დაიწყება ხელმოწერების შეგროვება პრეზიდენტის და ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით.

ამის შესახებ ოპოზიციის ლიდერებმა – მიხეილ სააკაშვილმა, ნინო ბურჯანაძემ და ზურაბ ჟვანიამ 16 ნოემბერს ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში შეკრებილ მხარდამჭერებს განუცხადეს, სადაც სამოქალაქო დაუმორჩილებლობის მთავარი კომიტეტის პირევლი სხდომა ჩატარდა.

"პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით მრავალრიცხოვანი მანიფესტაციების მოწყობის მიუხედავად, პეზიდენტი ცდის ტაქტიკას მიმართავს. მას სურს ქვეყანაში შექმნას კრიზისი, ჩვენ კი გვსურს პრეზიდენტს შევუქმნათ კრიზისი და მოვახდინოთ მთელი სახელმწიოფო სტრუქტურის დემონმტაჟი" – განაცხადა 16 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა.

"როგორც ჩანს ამ დღეეებში გამართული მასობრივი მანიფესტაციები, ხელისუფლებამ ვერ შეამჩნია. პრეზიდენტმა არ შეისმინა თქვენი, პარლამენტის შენობის წინ ათი ათასობით შეკრებილი ხალხის ხმა. დღეს უკვე რეალური ხდება დიქტატურის საფრთხე. დიქტატურა სხვა არაფერია, როდესაც ხელისუფლება წყდება საკუთარ ხალხს და ართმევს ყველაზე ღირებულს -  საკუთარი არჩევანის უფლებას, სწორედ ეს არის დიქტატურა და ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე, რათა შევძლოთ თქვენთან ერთად ამ დიქტატურის დამარცხება" – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ.

"საქართველოში დაიწყო ისტორიული პერიოდი, სადაც ჩვენ შევძლებთ პროტესტის უდიდესი ძალის აგორებას ამ ხელისუფლების წინააღმდეგ და შევძლებთ ერთად გამარჯვების მოპოვებას. ჩვენ არ ვიბრძვით ჩვენი ინტერესებისთვის ჩვენ ვიბრძვით ხალხის ინტერესების დასაცავად და ამ გამარჯვებას მოვიპოვებთ. ეს სურს თავად ხალხს და არა რომელიმე კონკრეტილ პარტიას. ეს პრეზიდენტი აღარ არის ლეგიტიმური" – განაცხადა ზურაბ ჟვანიამ.

დღესვე ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა საზოგადოებას გააცვნეს სამოქალაქო დაუმორჩილებლობის კომიტეტის მიმართვა, სადაც საქართველოს მთელი მასშტაბით პედაგოგებს, ექიმებს და ყევლა სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლებს მოუწოდებენ არ დაემორჩილონ ხელისუფლებას და გამოაცხადონ პროტესტი მათ წინააღმდეგ.

"მოგმართავთ ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანეს ჟამს, როცა უნდა გაირკვეს რა გზას დაადგება ჩვენი ქვეყანა – შეუდგება სიყალბეს და თავსმოხვეულ ძალადობას, თუ ხმას აიმაღლებს და იბრძოლებს უზენაესი უფლებისათვის, თავისუფელბისათვის. ხელისუფლება ხალხს დაუპირისპირდა. შექმნილ ვითარებაში ხელისუფლების მშვიდობიანად შეცვლის და იმავდროულად ძალადობისა და სისხლისღვრის თავიდან აცილების ერთერთი გზა ყოვლისმომცველი სამოქალაქო დაუმორჩილებლობის განხორციელბაა. დღეს მთელმა ქვეყანამ მშვიდობიანი და მტკიცე მოქმედებებით დანაშაულებრივი ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა ბერკეტის პარალიზება უნდა მოახდინოს" – ნათქვამია ოპოზიციური პარტიებისა და საზოგადოების წარმომადგენლების მიერ შექმნილ დაუმორჩილებლობის კომიტეტის მიმართვაში.

ხუთ პუნქტიანი მიმართვის მიხედვით 17 ნოემბრიდან საქართველოს ყველა მხარესა და რაიონში, ქალაქსა თუ სოფელში ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და ბურჯანაძე-დემოკრატების ოფისები სამოქალაქო დაუმორჩილებლობის ადგილობრივი შტაბების ფუნქციას შეიძენენ.

დაუმორჩილებლობის კომიტეტი მოუწოდებს საქართველოს ყველა მოქალაქეს თავის სამუშაო და საცხოვრებელ ადგილებზე ჩამოაყალობონ დაუმორჩილებლობის პირველადი ორგანიზაციები და ამის შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ ადგილობრივ შტაბებს. ასევე გამოცხადდა დაუმორჩილებლობის მოძრაობის ცხელი ხაზის ტელეფონის ნომრები, რომელზეც მოსახლეობას საშუალება ექნება დაუმორჩილებლობის პირევალადი ორგანიზაციების შექმნის შესახებ მიიღოს ინფორმაცია.

მიმართვის მიხედვით საქართველოს მოქალაქეებმა უნდა მოაწყონ მშვიდობიანი პიკეტები სამხარეო და რაიონული ადმინისტრაციების შენობებთან, რათა არ მისცენ ხელისუფლების ჩინოვნიკებს ჩვენულ რეჟიმში მუშაობის საშუალება.

პარალელურად დაიწყება ხელმოწერების შეგროვება ხელახალი საპარლამენტო და რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით.

"პრეზიდენტის განცხადებით, იგი მზად არის გადადგეს თუ იქნება მილიონი ადამიანის მიერ მოწერილი დოკუმენტი. პირადად მე ამის გარანტიას ვაძლევ, რომ ამ კვირის მილიონზე მეტ ხელმოწერას შევაგროვებთ და საკუთარი დანაპირების შესრულებას ვაიძულებთ" – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ამის გარდა დაუმორჩილებლობის კომიტეტი მეწარმეებს მოუწოდებს გადაიხადონ მხოლოდ ის გადასახადები, რომელიც განკუთვნილია სოცოალური და საპენსიო ფონდებისათვის. ოპოზიციური პარტიების ლიდერების ინფორმაციით, ამ მოთხოვნას უკვე შეუერთდნენ მეწარმეთა გარკვეული ნაწილი.

მათივე განცხადებით, მთელი ეს პროგრამა უმოკლეს დღეებში მშვიდობიან ვითარებაში განხორცილედება და ამაში მათ მოსახლეობის სრული მხარდაჭერის იმედი აქვთ.

"ჩვენ ამ ხნის განმავლობაში შევძელით ჩევნი ერთიანი ძალის ჩვენება ხელისუფლების მიმართ და ახლაც ასეთი მშვიდობიანი ქმედებით შევძლებთ არსებული რეჟიმის დამხობას და გამარჯვების მოპოვებას" – განაცხადეს ოპოზიციის ლიდერებმა შეხვედრის ბოლოს.

თეა გულარიძე, სივილ ჯორჯია

Civil.Ge © 2001-2024