ედუარდ შევარდნაძე მზად არის ოპოზიციურ ლიდერებთან დიალოგისთვის
/ 17 Nov.'03 / 14:40
(თბილისი, 17 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) - საქართველოს პრეზიდენტი მზად არის ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შეხვდეს, დიალოგი გამართოს მათთან და გარკვეულ კომპრომისზეც წავიდეს.

"მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი ინიციატივით მოწვეულ შეხვედრაზე თავად არ მოვიდნენ, მაინც მზად ვარ კიდევ შევხვდე მათ. კომპრომისი უნდა მოიძებნოს კონსტიტუციის ფარგლებში. ვახსენებ მათ, რომ დიალოგი ორმხრივი უნდა იყოს და არა ისე, როგორც მათ წინა კვირას გააკეთეს, სამი საათი ველოდეთ, მათივე მოთხოვნით დავარღვიე დაუწერელი კანონი და მოვიწვიე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, მაგრამ არ მოვიდნენ. ახლა ვეკითხები მათ თუ სერიოზული ხალხი ხართ რას ჰგავს ეს საქციელი, თუ მე არ ვარ სერიოზული, მაშინ დამიმტკიცონ. აქედან გამომდინარე მაინც შევხვდები", - განაცხადა ედუარდ შევარდნაძემ.

მისი თქმით, გაუგებარია ოპოზიციის ლიდერების მთავარი მოთხოვნა, ხელისუფლებამ აღიაროს არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვება.

"არჩევნებმა გვაჩვენა, რომ ბლოკმა ახალი საქართველოსთვის 20-21% მოიპოვა, დანარჩენმა პარტიებმა კი 80%, მათ შორის წარმატებული შედეგი აქვს ნაციონალურ მოძრაობას, ამის სანაცვლოდ, მისი ლიდერი ანტიკონსტიტუციურ მოწოდებებს ავრცელებს. ის, რასაც ისინი აცხადებენ - ხელფასების და პენსიების გაზრდა, არის დემაგოგია და სოციალურად გაჭირევბული ადამიანების გამოყენება", - აცხადებს ედუარდ შევარდნაძე.

მისი თქმით, ქვეყნის პრეზიდენტზე უკეთ ამის შესახებ არავინ იცის, მაგრამ ერთბაშად ამის გაკეთება შეუძლებელია. საჭიროა დრო და ამ გზის გავლა.

იგი ამავე დროს ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებს არჩევნების შედეგების გასაჩივრებისკენ, თუნდაც ყველა საარჩევნო ოლქში და იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო მათ სარჩელს დააკმაყოფილებს, პრეზიდენტი პირობას იძლევა, რომ ხელისუფლების მხრიდან ეს შედეგები უზენაეს სასამათლოში არ გასაჩივრდება.

Civil.Ge © 2001-2024