გაერთიანებული ოპოზიცია ხავერდოვანი რევოლუციის მოახლოებას აცხადებს
/ 21 Nov.'03 / 21:18

მშვიდობიანი მსვლელობის ათეულობით ათასი მონაწილე თბილისში ჩამოვიდა

გაერთიანებული ოპოზიცია დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონების მოსახლეობის ფართო მასებთან ერთად თბილისში 19:30 საათზე შემოვიდა.  კოლონას სათავეში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი მიხეილ სააკაშვილი და "გაერთიანებული დემოკრატების" წარმომადგენლები უდგანან. მსვლელობის მონაწილენი უკვე თბილისში შემოვიდნენ და ახლა მობილიზაცია ხდება თავისუფლების მოედანზე.
 
"გაუმარჯოს ერთიან, ძლიერ საქართველოს" ასეთი შეძახილებით ხვდებოდა ათეულობით ათასი ადამიანი ავტოკოლონას როგორც რეგიონებში, ისე თბილისის ქუჩებში. "აი როგორია ხალხის რეაქცია, ნახოს ეს საქართველოს პრეზიდენტმა. მისი დრო დათვლილია, შევარდნაძის რეჟიმი ათიათასობით ხალხის თბილისში შემოსვლის დროს დაემხო, ვურჩევ დღესვე წავიდეს კანცელარიიდან", - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა.
 
თბილისში მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ ბრიფინგი გამართა მიხეილ სააკაშვილმა, სადაც საქართველოს ყველა მოქალაქეს მოიწოდა შეერთებოდა მშვიდობიან საპროტესტო აქციას, რომელიც 21 ნოემბრიდან თავისუფლების მოედანზე დაიწყო. სწორედ აქ მოიყარეს თავი რეგიონებიდან ჩამოსულმა ათეულობით ათასმა მოქალაქემ.

"დღეს საქმე გვაქვს ევროპული ტიპის საერთო, სახალხო, დემოკრატიულ, ხავერდოვან რევოლუციასთან", - განაცხადა დღეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა მას შემდეგ, რაც მისი და გაერთიანებული ოპოზიციის სხვა ლიდერების მეთაურობით მთელი საქართველოდან ათასობით ადამიანი ჩამოვიდა თბილისში მშვიდობიანი საპროტესტო მსვლელობით ავტოკოლონების საშუალებით.

"დღეს მთელი მსოფლიო შემოგვყურებს ჩვენ და უნდა დაინახოს, როგორ მოხდება შევარდნაძის უსისხლო გადაყენება, საქართველოს ხალხის ღირსების აღდგენა, საქართველოსთვის ნათელი მომავლის უზრუნველყოფა", - განაცხადა სააკაშვილმა.

ნაციონალების ლიდერმა ასევე მიმართა პარლამენტის შენობასთან შეკრებილ ადამიანებს, რომლების უმრავლესობასაც, მისი თქმით აჭარიდან ჩამოყვანილი პოლიციისა და სპეცსამსახურების თანამშრომლები შეადგენენ. "თქვენ გმართავთ დესპოტური რეჟიმი, მაგრამ ის ვერ გამოგიყენებთ. დღეს აჭარაც, ქართლიც და კახეთიც ერთიანია".

სააკაშვილის თქმით, დასავლეთიდან მომავალ მშვიდობიან მსვლელობას გზად პოლიციელები ხვდებოდნენ და ესალმებოდნენ ღიმილით. "მათ მოხსნეს ბარიკადები და გზა გაგვითავისუფლეს, არ მეგულება პოლიციელი, რომელიც თავის ხალხს ესვრის, მაგრამ თუ ვინმე გაბედავს ამას, უნდა იცოდეს, რომ მას დედამიწის ზურგზე არ დაედგომება", - განაცხადა სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილმა თბილისის მოსახლეობასაც მოუწოდა თავისუფლების მოედნისკენ გავიდნენ და შეუერთდნენ მთელი საქართველოდან ჩასულ მოსახლეობას, რადგან მისი თქმით, თუ ხალხი ახლა დათმობს, 10-15 წელი და მთელი ცხოვრება სანანებლად დარჩება.

სააკაშვილის თქმით, 23 ნოემბერს გიორგობაა და საქართველოს ეს დღეს უნდა გაუთენდეს თავისუფალი, ეს იქნება სიკეთის გამარჯვება ბოროტებაზე, ბოროტების განსახიერება კი დღევანდელი რეჟიმია.

ნაციონალების ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ პიროვნულად დაპირისპირება არავისთან არ მოხდება. "პრეზიდენტი უნდა გადადგეს და წავიდეს, მისი გარემოცვიდან კი თუ ვინმე აღმართავს ხელს ხალხის წინააღმდეგ, უნდა იცოდეს საკადრისად დაისჯებიან.

"ჩვენ უნდა დავუმტკიცოთ ხალხს, რომ ჩვენ ნათელი მომავლის ერი ვართ", - განაცხადა საკაშვილმა.

"ჩვენ საზოგადოების ფართო მასებთან ერთად, რომლებიც თავიანთი სურვილით მოემართებიან თბილისისაკენ ყველა რეგიონიდან შევიკრიბებით თბილისში მიუახლოვდებით კანცელარიას და უფრო ახლოდან გავაგონებთ ჩვენს ხმა პრეზიდენტს, რომ უნდა გადადგეს. ჩვენი პარლამენტის წინ შეკრების დროს პრეზიდენტმა როგორც ჩანს ვერ გაიგო. ხალხის სურვილია პრეზიდენტის კონსტიტუციური, მშვიდობიანი წასვლა", - განაცხადა "ბურჯანაძე-დემოკრატების" ერთ-ერთმა წევრმა გიორგი ბარამიძემ.

მაშინ როცა, რეგიონებიდან გაერთიანებულ ოპოზიციასთან ერთად ათიათასობით ადამიანი თბილისისაკენ მოემართებოდა, პარალელურად თბილისში აჭარიდან და ქვემო ქართლიდან მოსახლეობის იძულებით მობილიზებას ახდენენ სახელისუფლებო ბლოკი და დემოკრატიული აღორძინების კავშირის ლიდერები. დღეს დილით აჭარიდან ჩამოყვანილი იყვნენ სტუდენტები. ასევე პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აღორძინების ინიციატივით გამართულ აქციაზე მობილიზება მოხდა ქვემო ქართლის აზერბაიჯანელი მოსახლეობის ნაწილის.

დღესვე სახელისუფლებო ბლოკის ლიდერებმა აქცია გამართეს თავისუფლების მოედანზე, სადაც რეგიონებიდან ჩამოსულ ოპოზიციას უნდა გაემართა საპროტესტო აქცია. სახელისუფლებო ბლოკის ლიდერების განცხადებით, აქცია ქვეყანაში მშვიდობის დამყარებისთვის იყო მოწყობილი.

სამართალდამცავი ორგანოები დილიდანვე აძლიერებდნენ სახელმწიფო სტრუქტურის შენობების დაცვას. მობილიზებული იყო შინაგანი ჯარები და სპეცრაზმის ნაწილები სახელმწიფო კანცელარიის შენობის გარშემო. დღესვე ქვეყანაში შექმნილი ვითარების შესახებ პირველი საგანგებო განცხადება გააკეთა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა თედო ჯაფარიძემ, რომლის თქმით ახლა გაჩუმება მორალური დანაშაულის ტოლფასი იქნება მისი მხრიდან. იგი მიმართავს როგორც ხელისუფლებას ისე ოპოზიციას.
 
"სხვადასხვა პარტიები დაუფარავად საუბრობენ პარლამენტის არჩევნების შედეგების შეცვლაზე. ქვეყნის პრეზიდენტის ზურგსუკან დაუყოვნებლივ საუბრობდნენ თითქოს სიტუაციის განმუხტვისათვის, სინამდვილეში კი, თავისი ვიწრო ინტერესების დასაცავად. მიმდინარე მოვლენები აფერხებს ისეთ მნიშვნელოვან ამოცანას, როგორიცაა საქართველოს ევროპაში ინტეგრაცია და ევრაზიის დერეფნის ამოქმედება. ილახება პრეზიდენტის იმიჯი. საპარლამენტო არჩევნები გადაიზარდა დაუფარავ ბრძოლაში სხვადასხვა თანამდებობების დასაკავებლად. არსებობს ჩვენი სპეცსამსახურების და ასევე სხვა მეგობარი ქვეყნების მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომ ყოველივე ამას, შესაძლოა, სისხლისღვრა მოჰყვეს. საგანგაშო სიგნალი დიდი ხანია არსებობს. ეს ბრძოლა ყველა ყველას წინააღმდეგაა. ყველას მივმართავ, თუ მოხდება სისხლისღვრა ნურავინ იფიქრებს, რომ ეს შერჩება, რა თანამდებობაზეც არ უნდა მოხვდეს", - განაცხადა თედო ჯაფარიძემ დღეს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე.

თედო ჯაფარიძე მომხრეა 22 ნოემბერს ახალი პარლამენტის მუშაობის დაწყების, რომელიც დანიშნავს ახალ საპარლამენტო არჩევნებს.

ამ განცხადების ფონზე სხვადასხვა საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა უმაღლესს სასწავლებლებში და სხვა დაწესებულებებში, სადაც სტუდენტები და პროფესორები ერთად მოითხოვდნენ პრეზიდენტის და ხელისუფლების გადადგომას.

თეა გულარიძე, "სივილ ჯორჯია"

Civil.Ge © 2001-2024