მოსკოვსა და თბილისს შორის მეგობრული რიტორიკა მატულობს
/ 12 Feb.'04 / 12:21
გიორგი სეფაშვილი, "სივილ ჯორჯია"
ორივე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მათ შორის
გულწრფელი საუბარი შედგა.
იმ მეგობრულმა რიტორიკამ, რომელიც რუს და ქართველ ოფიციალურ პირებს შორის შეიმჩნეოდა მიხეილ სააკაშვილსა და ვლადიმერ პუტინს შორის 11 თებერვალს გამართული შეხვედრის შემდეგ,  იმედები აღძრა, რომ საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი მოსკოვში გარდამტეხი იქნება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დარეგულირების მხრივ.
 
„ჩემი მეგობრული ხელი, რომელიც პრეზიდენტ პუტინს გავუწოდე, ჰაერში არ დარჩენილა“ - განუცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა ჟურნალისტებს თავის რუს კოლეგასთან გამართული ოთხსაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ. „ჩვენ შევძელით საერთო ენის გამონახვა, ამასთან დაკავშირებით, ჩემი წინამორბედისგან განსხვავებით [შევარდნაძე], პრობლემები არ მქონია“ - დასძინა სააკაშვილმა.
 
„მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკოსი და პარტნიორია, ვისთანაც ჩვენ შეგვიძლია გულწრფელად ვისაუბროთ“ - განაცხადა კრემლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ სერგეი პრიხოდკომ ორ პრეზიდენტს შორის გამართული მოლაპარაკებების შემდეგ.

კრემლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა დასძინა, რომ მოლაპარაკებების შედეგებმა გააღვივა იმედები იმის თაობაზე, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში გარკვეული პროგრესი იქნება მიღწეული.
 
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი შედეგი იყო მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმება საზღვრების ერთობლივი დაცვის თაობაზე. მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ შემოდგომისთვის ხელი მოეწეროს ორ ქვეყანას შორის ჩარჩო ხელშეკრულებას, რომელმაც საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების ყველა ასპექტი უნდა განსაზღვროს.

მხარეებმა ასევე მიაღწიეს შეთანხმებას ითანამშრომლონ სამხედრო სფეროში და იმუშავონ სოჭის შეთანხმების განხორციელებაზე, რომელიც აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებას ეხება. 
 
მოსალოდნელია, რომ საქართველოში მინისტრთა კაბინეტის ჩამოყალიბების შემდეგ, მხარეები ერთობლივ სამუშაო ჯგუფს შექმნიან, რომელიც თითოეული ამ მიმართულებით იმუშავებს.  
 
საქართველოს ახალმა ლიდერმა განაცხადა, რომ მან პუტინი ამ წლის ბოლოსთვის თბილისში მოიწვია, რათა შესაძლებელი გახდეს ჩარჩო ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა.

„დარწმუნებული ვარ, დოკუმენტი შემოდგომისთვის მზად იქნება და იმედი მაქვს პუტინი ჩამოვა თბილისში მის ხელმოსაწერად“ - განაცხადა სააკაშვილმა. ამ კოკუმენტის გაფორმებაზე მსჯელობა ჯერ კიდევ 1994 წელს დაიწყო, თუმცა დღემდე ხელშეკრულების ხელმოწერა ვერ მოახერხდა.
 
კრემლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის განცხადებით, ორი პრეზიდენტი ასევე შეთანხმდა განახორციელონ სოჭის შეთანხმება, რომელსაც საქართველოს ექს-პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ და ვლადიმერ პუტინმა გასული წლის მარტში მოაწერეს ხელი.

ხელშეკრულება ითვალისწინებს ერთობლივი სამუშაო ჯგუფების შექმნას, რომლებიც იმუშავებენ აფხაზეთის გავლით რუსეთსა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენაზე, იძულებით გადაადგილებულ პურთა დაბრუნებასა და კონფლიქტის ზონაში ენერგოობიექტების აღდგენის საკითხებზე.
 
„ორი ლიდერი მითითებებს მისცემს სამუშაო ჯგუფებს ხელშეკრულების განხორციელებისთვის სამუშაოების განახლების თაობაზე. ვფიქრობთ, სულ მალე გარკვეულ პროგრესს მივაღწევთ ამ მიმართულებით“ - განაცხადა სერგეი პრიხოდკომ.
 
რუსეთის ერთ-ერთი მთავარი შეშფოთება საქართველოსთან მიმართებაში ტერორიზმის საფრთხესთანაა დაკავშირებული. მოსკოვი გარანტიებს ითხოვს იმის თაობაზე, რომ  საქართველო ჩეჩენ მებრძოლებს არ შეიფარებს, როგორც ეს რამდენიმე წლის წინ მოხდა, როდესაც ჩეჩენი მებრძოლები პანკისის ხეობაში დაბანაკდნენ.
 
მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველო და რუსეთი შეთანხმდნენ ერთობლივი ღონისძიებები განახორციელონ საზღვრებზე კონტროლის გამკაცრების მიზნით. საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თავჯდომარე ვალერი ჩხეიძე 11 თებერვალს მოულოდნელად მოსკოვში გაემგზავრა, რათა თავის რუს კოლეგებთან რუსეთ-საქართველოს საზღვრის ჩეჩნეთის მონაკვეთის ერთობლივი დაცვის თაობაზე გაემართა მოლაპარაკებები.
 
პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის უფროსი ასევე განიხილავს ორ ქვეყანას შორის არსებული სავიზო რეჟიმის შესაძლო გამარტივების საკითხს. რუსეთმა სავიზო რეჟიმი საქართველოსთან 2002 წელს შემოიღო იმ მოტივით, რომ მას სურდა ჩეჩენი მებრძოლების საქართველოდან რუსეთში შემოსვლა აღეკვეთა.
 
„სავიზო რეჟიმი სულ ცოტა უნდა გამარტივდეს მაინც. არა მგონია, რომ ჩეჩენი მებრძოლები თბილისში რუსეთის საელჩოში რიგში იდგნენ, რათა რუსეთის ვიზა აიღონ, ეს სავიზო რეჟიმის შემოღების უსუსური არგუმენტი იყო “ - განაცხადა სააკაშვილმა მოსკოვში ყოფნის დროს.
 
მიუხედავად იმ გულთბილი ტონისა, რომელიც სააკაშვილის ვიზიტს ახლდა თან, როგორც სჩანს, მხარეებმა ვერ მიაღწიეს პროგრესს იმ ძირითადი საკითხების თაობაზე, რომლებიც ორივე მხარეს აწუხებს - ესაა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს კონფლიქტები და რუსეთის ორი სამხედრო ბაზა საქართველოში.
 
საქართველოს ახალი ლიდერი შეეცადა გაექარწყლებინა მოსკოვის შიში და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ რომელიმე მესამე ქვეყნის სამხედრო ბაზები არ განლაგდებოდა საქართველოს ტერიტორიაზე მას შემდეგ რაც რუსეთი გაიყვანს საკუთარ ჯარს საქართველოდან.

ეუთოს 1999 წლის სტამბულის შეთანხმების თანახმად, რუსული და ქართული მხარეები ამ საკითხზე 2001 წლამდე უნდა შეთანხმებულიყვნენ. თუმცა, რუსი და ქართველი ოფიციალური წარმომადგენლები ჯერ კიდევ ვერ შეთანხმებულან ბათუმში და ახალქალაქში განლაგებული ბაზების გაყვანის ვადებზე. თბილისის განცხადებით, მოსკოვის წინადადება ბაზების 10 წლის ვადაში გაყვანის თაობაზე არარეალურია და ამისათვის სამი წელიწადიც საკმარისია. ცოტა ხნის წინ მოსკოვმა განაცხადა, რომ ის შეარბილებს თავის პოზიციას და ბაზებს შვიდიდან ცხრა წლის ვადაში გაიყვანს.
 
„ეს არ უნდა გახდეს ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის საგანი“, - დასძინა სააკაშვილმა.
 
„ჩვენ შესაძლოა გვქონდეს პრობლემები ამ მიმართულებით, მაგრამ ამ პრობლემებმა, მთლიანობაში, არ უნდა გააფუჭონ ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები“ - დასძინა სააკაშვილმა.
 
მოსკოვში ვიზიტის დროს საქართველოს პრეზიდენტმა ასევე გამართა მოლაპარაკებები რუსეთის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებთან და  პრემიერ-მინისტრთან მიხეილ კასიანოვთან.
 
„მინისტრებთან გამართული მოლაპარაკებები საკმაოდ ნაყოფიერი და მართლაც სასიამოვნო იყო. ისინი კარგ განწყობაზე იყვნენ და ეს კარგის მანიშნებელია“, - განუცხადა სააკაშვილმა ჟურნალისტებს.
 
საქართველოს პრეზიდენტმა და რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა ძირითადად სამხედრო სფეროში თანამშრომლობის საკითხი განიხილეს. თუმცა, როგორც ივანოვმა მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, „რუსეთის სამხედრო ბაზების საკითხი არ ყოფილა განხილული“. მისი თქმით, ეს საკითხი „ძალიან მნიშვნელოვანია“ და არ შეიძლება მისი თავდაცვის მინისტრის დონეზე მოგვარება.

რუსეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ რუსული მხარე დაეხმარება საქართველოს რუსეთის სამხედრო აკადემიებში ქართველი ოფიცრების მომზადების საქმეში.
 
რუსეთის პრემიერ-მინისტრთან მიხეილ კასიანოვთან შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტმა ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხი განიხილა. ეს საკითხი რუსეთის პრეზიდენტთანაც იქნა განხილული.
 
მოლაპარაკებების დაწყებამდე პუტინმა განუცხადა სააკაშვილს, რომ „რუსეთი ყოველთვის მზადაა დაეხმაროს საქართველოს პრაქტიკულად ყველა მიმართულებით“.

თუმცა, მან ასევე მიანიშნა იმ ეკონომიკურ ბერკეტებზე, რომლებსაც რუსეთი საქართველოსთან მიმართებაში ფლობს, განსაკუთრებით ენერგოსექტორში. პუტინმა თავის კოლეგას შეახსენა მას, რომ რუსეთი, მიუხედავად საქართველოს დავალიანებისა, აგრძელებს თბილისის გაზითა და ელექტროენერგიით მომარაგებას.

მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. საგარეო ვაჭრობის 16% სწორედ რუსეთზე მოდის.
 
მოსკოვში გამგზავრებამდე მიხეილ სააკაშვილმა  10 თებერვალს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ იგი ნაკლებ იმედებს ამყარებდა იმაზე, რომ ამ ერთი ვიზიტით მოგვარდებოდა ყველა ის საკამათო საკითხი, რომელიც თბილისსა და მოსკოვს შორის არსებობს.

„თუმცა, იმედი მაქვს, რომ ჩემი ვიზიტის შემდეგ გარკვეული პოზიტიური ტენდენციები გაიზრდება ორმხრივ ურთიერთობებში. ამასთან აუცილებელია, რომ საქართველოსადმი უარყოფითი დამოკიდებულება რუსეთში შემცირდეს“ - დასძინა სააკაშვილმა.

თუ სააკაშვილის ვიზიტის მთავარ მიზანს სწორედ ეს წარმოადგენდა, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ áƒ•áƒ˜áƒ–იტი წარმატებული აღმოჩნდა. áƒ áƒ£áƒ¡áƒ£áƒšáƒ›áƒ რადიოსადგურმა „ეხო მოსკვი“-მ 11 თებერვალს მიხეილ სააკაშვილთან გამართული ინტერვიუს დროს მსმენელთა შორის ინტერაქტიული გამოკითხვა ჩაატარა. მსმენელთა 70%-ს სჯერა, რომ სააკაშვილს გულწრფელად სურს რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესება, ხოლო 30%-ს მიაჩნია, რომ საქართველოს ახალი ლიდერის დამოკიდებულება რუსეთის მიმართ áƒáƒ áƒáƒ›áƒ”გობრულია.

Civil.Ge © 2001-2024