პარლამენტმა 217 დეპუტატის უფლებამოსილება სცნო
"სივილ ჯორჯია" / 22 Apr.'04 / 16:54

ახალმა პარლამენტმა, თავის პირველ სხდომაზე 22 აპრილს 235-დან 217 დეპუტატის უფლებამოსილება სცნო.
 
საქართველოს პარლამენტმა დღევანდელ სხდომაზე გადადო  აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების დეპუტაციის - სულ თორმეტი დეპუტატის უფლებამოსილების საკითხის განხილვა. 
 
„პარლამენტმა პირველ რიგში აფხაზეთის დეპუტაციის იურიდიული სტატუსი უნდა განიხილოს და მხოლოდ ამ სტატუსის დადგენის შემდეგ გადაწყვიტოს მათი უფლებამოსილების საკითხი,“ - განაცხადა პარლამენტის სამანდატო დროებითი კომისიის თავმჯდომარემ დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა, რომელიც სავარაუდოდ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩევენ.

4 დეპუტატის უფლებამოსილება პარლამენტმა არ სცნო იმ მიზეზით, რომ მათ არ გაიარეს ნარკოტიკული პრეპარატების მოხმარებაზე ტესტი. საქართველოს საარჩევნო კოდექსის მიხედვით, ყველა დეპუტატი ვალდებულია გაიაროს სამედიცინო შემოწმება, რათა დადგინდეს არის თუ არა დეპუტატი ნარკოტიკების მომხმარებელი.

ამ 4 დეპუტატს შორის არიან ჯემალ გოგიტიძე, რომელიც ამჟამად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრია და როსტომ ჯაფარიძე, რომელიც აჭარის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეა.

ერთ დეპუტატს, მალხაზ შერაზადიშვილს, რომელსაც წინა პარლამენტში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი ეკავა, ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარებაზე ტესტის ხელახლა გავლა მოუწევს.

პარლამენტმა ასევე არ სცნო მაჟორიტარი დეპუტატის ბონდო შალიკიანის უფლებამოსილება, რომელიც ამჟამად წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. მას იარაღის უკანონო  შენახვაში ედება ბრალი.

 

Civil.Ge © 2001-2024