ძალის დემონსტრირებასთან ერთად სააკაშვილი მშვიდობაზე საუბრობს
/ 26 May.'04 / 16:43
გიორგი სეფაშვილი, "სივილ ჯორჯია"
სააკაშვილმა აფხაზებსა და ოსებს მშვიდობიანი
მოლაპარაკებებისაკენ, ხოლო ქართველებს
მეტი მიმტევებლობისაკენ მოუწოდა
იხილეთ აღლუმის ფოტოები
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ აღლუმზე აფხაზურ და ოსურ მხარეებს თავიანთ მშობლიურ ენებზე მიმართა და მათი  სტატუსის თაობაზე მშვიდობიანი მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა.
 
„აფხაზ ძმებს მინდა მივმართო ერთიანი სახელმწიფო კავშირების აღდგენის შესახებ. მზად ვარ ყველანაირი სახელმწიფო მოდელი განვიხილო, აფხაზებს მოვუწოდებ დაიწყონ მოლაპარაკებები. ოს ძმებს მივმართავ გაითვალისწინონ ქართული სახელმწიფოს ინტერესები და ჩვენც გავითვალისწინებთ მათ ინტერესებს“, განაცხადა საააკაშვილმა.

"ჩემი პრეზიდენტობის მთავარი მიზანი საქართველოს გაერთიანებაა“, დასძინა პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ თბილისი მზად არის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებს ფართო ავტონომიის სტატუსი მიანიჭოს საქართველოს სახელმწიფოს ფარგლებში.
 
მან, ასევე მოუწოდა ქართველ ერს იყოს  მიმტევებელი და აღარ დაუშვას ის შეცდომები, რომლებიც გასულ წლებში მოხდა და რასაც შედეგად ტერიტორიების დაკარგვა მოჰყვა.
 
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, თბილისი აფხაზურ მხარეს  "ასიმეტრიული ფედერალიზმის"  მოდელს სთავაზობს. ეს არის მთავარი ქვაკუთხედი აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების იმ კონცეფციისა, რომელიც ქართველ ექსპერტთა ჯგუფმა შეიმუშავა და რომელშიც ასახულია კონკრეტული ღონისძიებები  აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების თაობაზე.
 
მიხეილ სააკაშვილის მიერ აფხაზურ ენაზე გაკეთებულმა მოწოდებამ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მოწონება დაიმსახურა. თუმცა, სოხუმი აფხაზეთის სტატუსთან დაკავშირებული მოლაპარაკებების დაწყებაზე მაინც უარს აცხადებს და დაჟინებით მოითხოვს რეგიონის დამოუკიდებლობის საერთაშორისო დონეზე აღიარებას.
 
ქართული საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესის“ ცნობით, აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ გამორიცხა მოლაპარაკებების გამართვის შესაძლებლობა აფხაზეთის სტატუსთან დაკავშირებით. შამბამ ასევე აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის 26 მაისის განცხადებაში „ახალი არაფერი თქმულა“.
 
აფხაზური მხარე უკვე დიდი ხანია უკომპრომისო პოზიციას ინარჩუნებს სტატუსთან დაკავშირებით. თბილისი არც მოელის რაიმე წინსვლას ამ კუთხით, ყოველ შემთხვევაში შემოდგომამდე მაინც, როცა აფხაზეთში  საპრეზიდენტო არჩევნები იმართება.
 
საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გოგა ხაინდრავამ 20 მაისს განაცხადა, რომ  ქართული მხარე იმედებს ამყარებს, რომ ოქტომბერში დაგეგმილი არჩევნების შემდეგ áƒ®áƒ”ლისუფლებაში „პროგრესული ძალები“ მოვლენ. áƒ›áƒáƒ¥áƒ›áƒ”დი დე ფაქტო პრეზიდენტის ვლადისლავ არძინბას საპრეზიდენტო ვადა წელს იწურება.
 
პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადება წინ უძღოდა საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მასშტაბური აღლუმის ჩატარებას.  პრეზიდენტმა სააკაშვილმა 25 მაისს განაცხადა, რომ აღლუმი საქართველოს შესაძლებლობების დემონსტრაციას ისახავს მიზნად“. თუმცა, აქვე დასძინა, რომ საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის გაერთიანებისთვის მხოლოდ მშვიდობიან მეთოდებს გამოიყენებს.
 
„ჩვენ გვინდა მშვიდობა და მოლაპარაკებები. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ აგრესიას ადექვატური პასუხი გაეცემა “, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
 
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აღლუმში შეიარაღებული ჯარების საუკეთესო ნაწილების 8,000-მდე ჯარისკაცმა და ოფიცერმა მიიღო მონაწილეობა; ასევე მოეწყო მძიმე ტექნიკის ასამდე ერთეულის, მძიმე არტილერიისა და „გრადის“ ტიპის საზენიტო დანადგარების დემონსტრირება.
 
სამხედრო აღლუმში საქართველოს საჰაერო ძალებმაც მიიღეს მონაწილეობა. „სუ-25“ ტიპის ოთხმა ბომბდამშენმა, „მი-24“ და „მი-14“ ტიპის ვეტმფრენებმა, ასევე აშშ-ის მიერ ნაჩუქარმა „იროკეზებმა“ თბილისის თავზე გადაიფრინეს.
 
სამხედრო აღლუმი ბათუმშიც ჩატარდება, სადაც საქართველოს საზღვაო ძალები მიიღებენ მონაწილეობას. ბათუმის აღლუმს საქართველოს პრეზიდენტიც დაესწრება.
 
ოფიციალური ინფორმაციით, სამხედრო აღლუმის ჩატარებას 650,000 ლარი დასჭირდა.

Civil.Ge © 2001-2024