![]() |
|||||
“ახალი ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელება ინვესტიციების მოზიდვასთან არის დაკავშირებული, მთავარი პრინციპი, რომელიც ჩვენი აგრესიული პრივატიზაციის პოლიტიკას განსაზღვრავს არის ის, რომ ყველანაირი ქონება, რომელსაც არ ჰყავს პატრონი, გარდა იმ ობიექტებისა, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის, უნდა გაიყიდოს”, განაცხადა პრემიერ-მინიტრმა ზურაბ ჟვანიამ პარლამენტში, 10 ივნისს. ყოფილი გავლენიანი ბიზნესმენი რუსეთში, ახალი ეკონომიკის მინიტრი კახა ბენდუქიძე მინისტრობის პირველივე დღიდან აკეთებს განცხადებებს, რომ უნდა დაიწყოს პრივატიზაციის ახალი ტალღა საქართველოში და უნდა გაიყიდოს ყველაფერი, რაც ჯერ კიდევ სახელმწიფოს ხელშია. ამასთან საუბარია ობიექტების მთლიანად გაყიდვაზე და გამოირიცხება დროებით მართვაში გადაცემის ფორმები. ბენდუქიძის პირვანდელი პოზიცია, რომ “ყველაფრის გაყიდვა შეიძლება, სინდისის გარდა” ოდნავ შეიცვალა მას შემდეგ, რაც სავარაუდოდ მთავრობამ შეძლო მისი დარწმუნება, რომ არსებობს ობიექტები, რომელთა გაყიდვაც ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე არ არის მიზანშეწონილი. "რკინიგზის, მაგისტრალური გაზსადენისა და ენგურის ჰიდროელექტროსადგურის პრივატიზაცია, ასევე იმ ჰესების, რომლებიც კონფლიქტის ზონაში მდებარეობს, არ მოხდება“, უკვე აკონკრეტებს ბენდუქიძე იმ ჩამონათვალს, რომელიც “ამ ეტაპზე” არ გასხვისდება. ბენდუქიძის ნუსხას უფრო აფართოვებს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ხელმძღვანელი რომან გოცირიძე, რომელიც ახალი მინისტრის პოზიციებში ცვლილებას მიესალმება. კახა ბენდუქიძემ, რომელიც საქართველოს მოქალაქეობასთან ერთად რუსეთის მოქალაქეობასაც ინარჩუნებს, აღნიშნა, რომ არა აქვს მნიშვნელობა, თუ ვინ შეისყიდის საწარმოებს საქართველოში, რადგან მთავრობას აქვს ერთადერთი მიზანი, რომ რაც შეიძლება მეტი შემოსავალი შევიდეს ბიუჯეტში და ეკონომიკა ფეხზე დადგეს. "მნიშვნელობა არა აქვს, ვინ შეისყიდის სახელმწიფო საწარმოებს - რუსი, ამერიკელი თუ სხვა ბიზნესმენი. მთავარია, რაც შეიძლება მეტი ფული მივიღოთ ამ ობიექტების პრივატიზაციიდან და რაც შეიძლება ძვირად გავყიდოთ ისინი“, განაცხადა კახა ბენდუქიძემ. შედეგად რადიკალური და ულტრა-ლიბერალური რეფორმების შემთხვევაში ეკონომიკის მინისტრი ქვეყანას 2007 წლისათვის 12%-იან ეკონომიკურ ზრდას პირდება. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის რომან გოცირიძის ინფორმაციით მთლიანობაში არსებობს 28 მსხვილი ობიექტი, რომლის პრივატიზაციაც უნდა განხორციელდეს. მათ შორის არის ფოთისა და ბათუმის პორტები, ჭიათურმანგანუმი, ფეროშენადნობთა ქარხანა, მადნეული, ტელეკომი, მეტალურგიული ქარხანა და სხვა. ოფიციალური ინფორმაციით ამ ობიექტების უმრავლესობა წამგებიანია, რაც მათგან ბიუჯეტში შეტანილ მწირ თანხებს განაპირობებს. საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა არსებობს პორტების გასხვისებასთან დაკავშირებით. მთავრობა აცხადებს, რომ დღემდე პრივატიზებულ საწარმოების რეპრივატიზაცია გამორიცხულია, თუმცა ამავდროულად გეგმავს ფოთის პორტის პრივატიზაციას, სადაც აქციათა 80% უკვე კერძო სექტორის ხელშია გადასული. პარლამენტარი, ეკონომიკური ექსპერტი ლადო პაპავა, მიუხედავად იმისა, რომ იგი არ ეთანხმება ტერმინს “სტრატეგიული ობიექტები”, „სივილ ჯორჯიასთან“ საუბარში აცხადებს, რომ სახელმწიფომ დიდი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს პრივატიზაციის პროცესში, რათა ეროვნული ინტერესები არ შეილახოს. მისთვის ასევე მიუღებელია ახალი ეკონომიკის მინისტრის განცხადებები, რომ პრივატიზაცია მხოლოდ აუქციონის გზით უნდა განხორციელდეს. “ჩემი აზრით, რკინიგზის პრივატიზაცია ბევრად უფრო უსაფრთხოა, ვიდრე პორტების. თუ პორტებში რუსული კომპანიები გადაიხდიან ყველაზე მეტ თანხას, ამას არ დავეთანხმები, რადგან რუსეთს მხოლოდ ერთი პორტი აქვს შავ ზღვაზე, ხოლო პრივატიზაციის შემთხვევაში საქართველოს პორტებიც მათ ხელში გადავა”, უცხადებს პაპავა „სივილ ჯორჯიას.“ სხვათაშორის ეს დადგენილება, ისევე როგორც კანონი “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ”, რომელიც განსაზღვრავს იმ ობიექტების გრძელ ნუსხას, რომლის გაყიდვაც არ შეიძლება, ჯერ კიდევ ძალაშია. კანონით “სახელმწიფო ქონების პრივატიზების” შესახებ პირდაპირ იკრძალება წიაღისეულის, წყლის რესურსების, საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნავსადგურების ნავმისადგომების, ჰიდროტექნიკური ნაგებობების, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რკინიგზის, გაზის მაგისტრალური მილსადენის, საავტომობილო გზების, თვითმფრინავების ასაფრენ-დასაფრენი ზოლების; სიხშირეთა სპექტრის, სახელმწიფო საფოსტო კავშირის, რადიო-სატელევიზიო მაუწყებლობის, სატელეფონო კავშირის და ა.შ ობიექტების პრივატიზება. “მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში მთავრობა იმის განხორციელებას ვერ მოახერხებს, რის დეკლარირებასაც ეწევა, ნებისმიერ შემთხვევაში მთავრობა პარლამენტის გვერდის ავლით ვერ იმოქმედებს”, აცხადებს ლადო პაპავა. |
|||||
![]() |
Civil.Ge © 2001-2025