ერგნეთის ბაზრობის დახურვით საქართველო საბაჟო შემოსავლებს ზრდის
სივილ ჯორჯია, თბილისი / 2 Sep.'04 / 14:40
ერგნეთის ბაზრობა კონტრაბანდული საქონლით
ვაჭრობით იყო ცნობილი. ახალა ის დახურული
და დაცარიელებულია. 
საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის ინფორმაციით, ცხინვალის რეგიონის კონფლიქტის ზონაში არსებული "ერგნეთის" ბაზრობის დახურვამ და კონტრაბანდული გზების გადაკეტვამ, საბაჟო შემოსავლები მკვეთრად გაზარდა და საბაჟო გეგმის შესრულებამ იანვარ-აგვისტოში 107% შეადგინა.

მაგალითისთვის, მიმდინარე წლის იანვრის თვეში საბაჟო შემოსავლებმა ყაზბეგის რეგიონალური საბაჟოდან, რომელსაც ცხინვალის რეგიონის მიმდებარე ტერიტორიები ექვემდებარებოდა, 900 ათასი ლარი შეადგინა; აგვისტოში კი ერგნეთის ბაზრის დახურვის შემდეგ ეს მაჩვენებელი 4 მლნ 650 ათას ლარამდე (5-ჯერ) გაიზარდა.

ცხინვალის რეგიონში არსებული კონტრაბანდული ტვირთბრუნვის გამო, მიახლოვებითი გათვლებით, საქართველოს 120 მლნ აშშ დოლარის ზარალი ადგებოდა ყოველწლიურად.

ცხინვალის რეგიონის გავლით საქართველოს ტერიტორიაზე რუსული წარმოების კონტრაბანდული კვების პროდუქტები, ნავთობპროდუქტები, სიგარეტები და განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ხორბალი და ფქვილი შემოდიოდა.

საქართველოს ხელისუფლებამ ამა წლის მაისში დამატებითი საგუშაგოების გახსნით აქტიურად დაიწყო ანტიკონტრაბანდული ღონისძიებების გატარება ცხინვალის რეგიონში, რასაც სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან წინააღმდეგობა მოჰყვა.


 

Civil.Ge © 2001-2024