გალი აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გადამწყვეტ როლს შეასრულებს
/ 6 Oct.'04 / 16:55
"სივილ ჯორჯია"
აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცსკ) მიიღო ოპოზიციის კანდიდატის სერგეი ბაღაფშის წინადადება და áƒ‘ათილად ცნო გალის რაიონის სამივე საარჩევნო უბნის შედეგები, რის შედეგადაც 17 ოქტომბერისთვის მხოლოდ გალის რაიონში განმეორებითი არჩევნები დანიშნა. 
 
აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, დათვლილია ყველა საარჩევნო უბნიდან მიღებული ხმები, გარდა გალის რაიონისა. დათვლილი ხმების მიხედვით, ოპოზიციურმა კანდიდატმა სერგეი ბაღაფშმა ხმების 45,7% მიიღო; ხოლო რაულ ხაჯიმბამ, რომლის კანდიდატურასაც დე ფაქტო პრეზიდენტი ვლადისლავ არძინბა და კრემლიც უჭერს მხარს, ხმათა მხოლოდ 38,4% მიიღო.
 
აფხაზეთის საარჩევნო კოდექსის მიხედვით, პრეზიდენტობის კანდიდატმა ხმათა 50%-ზე მეტი უნდა მოაგროვოს გამარჯვების მოსაპოვებლად პირველივე ტურში. ქართველებით დასახლებულ გალის რაიონის შედეგებს გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება საბოლოო შედეგებისთვის. ხმების უმრავლესობას გალის რაიონში, სავარაუდოდ, ოპოზიციის კანდიდატი სერგეი ბაღაფში მოაგროვებს, რომელსაც ქართველი მეუღლე ჰყავს.  
 
თუმცა, ბაღაფშის მთავარი ოპონენტის, სახელისუფლებო კანდიდატის რაულ ხაჯიმბას თქმით, გალის რაიონში ჩატარებული არჩევნებისას მთელი რიგი დარღვევები დაფიქსირდა. მან არჩევნების შედეგების გაუქმება და განმეორებითი არჩევნების ჩატარება მოითხოვა აფხაზეთის მთელს ტერიტორიაზე.
 
რაულ ხაჯიმბას განცხადებით, ხმების დიდი ნაწილი გალის რაიონის იმ მაცხოვრებლების მიერ იქნა მიცემული, რომელთაც არ აქვთ ამის უფლება. მან ამის დასტურად წარმოადგინა ის საარჩევნო დოკუმენტაცია, რომელიც ქართულ ენაზე იქნა შევსებული. ხაჯიმბას თქმით, აფხაზეთის ოფიციალურ ენებს მხოლოდ აფხაზური და რუსული წარმოადგენს, ხოლო ქართული პირადობის დამადასტურებელი მოწმობები არ შეიძლება ჩაითვალოს კანონიერ დოკუმენტებად აფხაზეთში ხმის მისაცემად.
 
ბაღაფშის განცხადებით, გალში დარღვევებს არ ჰქონია ადგილი, თუმცა კომპრომისის სახით áƒ˜áƒ’ი მხოლოდ გალის რაიონში განმეორებითი არჩევნების ჩატარებას დათანხმდა. ამ ინიციატივამდე ხაჯიმბა და ბაღაფში დე ფაქტო პრეზიდენტს ვლადისლავ არძინბას შეხვდნენ.
 
გალის რაიონი ძირითადად იმ ეთნიკური ქართველებითაა დასახლებული, რომლებიც 1992-93 წლების კონფლიქტის შემდეგ სპონტანურად დაბრუნდნენ რეგიონში. დაბრუნებულთა მხოლოდ ერთ მეოთხედს მიეცა საშუალება მონაწილეობა მიეღო აფხაზეთის არჩევნებში. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები შიშობენ, რომ იმ გადამწყვეტ როლს, რომელიც რეგიონმა უნდა შეასრულოს საპრეზიდენტო არჩევნებში, შესაძლოა მოჰყვეს ეთნიკური ქართველების დაშინება და შესაძლო ძალადობაც მათ წინააღმდეგ.

Civil.Ge © 2001-2024