გია ჭანტურია აზერბაიჯანის ნავთობკომპანიის პრეზიდენტის მრჩეველი გახდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 28 Oct.'04 / 13:33

აზერბაიჯანის საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, საქართველოს ნავთობკომპანიის ყოფილი პრეზიდენტი გია ჭანტურია აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის პრეზიდენტის მრჩევლად დაინიშნა. არსებული ინფორმაციით, ჭანტურია საქართველოსთან დაკავშირებულ პროექტებს გაუწევს კოორდინირებას.

გია ჭანტურია საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციას მისი შექმნის დღიდანვე, 1995 წლიდან ედგა სათავეში. იგი ასევე იყო ექს-პრეზიდენტ შევარდნაძის საგანგებო რწმუნებული აღმოსავლეთ-დასავლეთის ენერგეტიკული დერეფნისა და ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების სისტემათა განვითარების საკითხებში.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა გია ჭანტურია თანამდებობიდან 9 სექტემბერს გაათავისუფლა.

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ჭანტურიას დაპატიმრებაზე სანქცია იყო გაცემული, თუმცა აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის შუამდგომლობით, ჭანტურიამ ქვეყანა დატოვა და აზერბაიჯანში დაიწყო მუშაობა.  

 

Civil.Ge © 2001-2024