ომბუდსმენი და გუბერნატორი მგზავრების დაკავების გამო ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 2 Nov.'04 / 10:42
"სივილ ჯორჯია"

საქართველოს ომბუდსმენი სოზარ სუბარი და შიდა ქართლის გუბერნატორი მიხეილ ქარელი ერთმანეთს მას შემდეგ დაუპირისპირდნენ, რაც ომბუდსმენმა ხელისუფლება ხუთი სამგზავრო ავტობუსის დაკავების გამო გააკრიტიკა.

შიდა ქართლის გუბერნატორმა 31 ოქტომბერს სოზარ სუბარი, რომელიც მგზავრების ინტერესებს იცავდა, " პირად დაინტერესებაში“ დაადანაშაულა, ხოლო მგზავრებს კი რუსეთ-საქართველოს საზღვრის სამხრეთ ოსეთის მონაკვეთის გადმოკვეთის გამო "ოსი სეპარატისტების დაფინანსებაში“ დასდო ბრალი. 

1 ნოემბერს ტელეკომპანია "მზისთვის“ მიცემულ ინტერვიუში სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ შიდა ქართლის გუბერნატორს ურჩევნია "საქმე მათთან გაარკვიოს, ვისაც [კონფლიქტის ზონაში] დღემდე ისევ არსებულ კონტრაბანდაში პირადი ინტერესები აქვთ". ზაფხულში საქართველოს ხელისუფლებამ კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლა აქტიურად დაიწყო და ერგნეთის ბაზრობა გააუქმა.

ამჯერად, საქართველოს ხელისუფლებამ მგზავრების დაკავება იმ მოტივით ახსნა, რომ ისინი როკის გვირაბის გავლით შემოვიდნენ, რომელიც სამხრეთ ოსეთს რუსეთის ფედერაციას უკავშირებს და რომელზეც საქართველოს ხელისუფლების კონტროლი არ ვრცელდება.  ოფიციალური თბილისი მგზავრებისა და ტვირთების ნაკადის მოძრაობას ლარსის საკონტროლო-გამშვები პუნქტის საშუალებით ითხოვს, რომელიც ერთადერთ სახმელეთო სასაზღვრო პუნქტს წარმოადგენს რუსეთთან, სადაც საქართველოს ხელისუფლების კონტროლი ვრცელდება.

1 ნოემბერს, მოგვიანებით, ავტობუსებს გამგზავრების უფლება მისცეს, თუმცა მგზავრთა შემოწმების მიზნით ისინი პოლიციამ გორის საბაჟო ტერმინალამდე áƒ›áƒ˜áƒáƒªáƒ˜áƒšáƒ.

საქართველოს უშიშროების მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა 1 ნოემბერს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის მძღოლები, რომელთაც საზღვრის სამხრეთ ოსეთის მონაკვეთი გადმოკვეთეს, "მკაცრად უნდა დაისაჯონ“.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ხელისუფლება დააკავებს ყველას, ვინც შეეცდება როკის გვირაბის გავლით მოძრაობას. "ყველას ვურჩევ თავი შეიკავოს ამისგან“, დასძინა მან.

"ის ფული, რომელსაც ოს სეპარატისტებს უხდიან [როკის გვირაბის გამოყენებისთვის] არის ქართული სოფლების წინააღმდეგ გასროლილი ტყვიების ახალი ტალღა“, განუცხადა ოქრუაშვილმა ჟურნალისტებს.

თუმცა, საქართველოს ომბუდსმენის განცხადებით, ქართველი მოქალაქეების დაკავება ქვეყნის კონსტიტუციის დარღვევას ნიშნავს, განსაკუთრებით იმ დებულებისა, რომელიც  გადაადგილების თავისუფლებას ეხება. "ეს არის კანონის სრული უგულვებელყოფა და საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა“, განუცხადა სოზარ სუბელიანმა ჟურნალისტებს 31 ოქტომბერს.   

Civil.Ge © 2001-2024