სოხუმში ვითარება მშვიდია, ოპოზიცია სამთავრობო რეზიდენციებს აკონტროლებს
/ 13 Nov.'04 / 12:25
"სივილ ჯორჯია"

ბაღაფშის მომხრეები მთავრობის შენობათა
დაკავებას ზეიმობენ.
РТР-ის ფოტო.

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტობის კანდიდატებმა რაულ ხაჯიმბამ და სერგეი ბაღაფშმა 12 ნოემბერს მოლაპარაკებები გამართეს, რომელიც რეგიონში არსებული დაძაბული ვითარების განმუხტვას ისახავდა მიზნად. ვითარება კი მას შემდეგ დაიძაბა, რაც ოპოზიციის ლიდერის სერგეი ბაღაფშის მომხრეები მთავრობის შენობაში შეიჭრნენ და პარლამენტი, პრეზიდენტის ადმინისტრაცია და მთავრობის სახლი დაიკავეს.
 
სერგეი ბაღაფშმა მოლაპარაკებების შემდეგ თავის მხარდამჭერებს განუცხადა, რომ მან ხაჯიმბას კოალიციური მთავრობის შექმნა შესთავაზა. მისი თქმით, პრეზიდენტობის ყველა კანდიდატი, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს 3 ოქტომბრის არჩევნებში, უნდა იქნენ  წარმოდგენილი მთავრობაში. რაულ ხაჯიმბას მოლაპარაკებების შემდეგ კომენტარი არ გაუკეთებია.
 
გავრცელებული ინფორმაციით, ამჟამად ვითარება სოხუმში მშვიდია. ბაღაფშმა თავის მხარდამჭერებს სიმშვიდისკენ მოუწოდა და სთხოვა დაშლილიყვნენ. რუსული საინფორმაციო სააგენტო “რეგნუმის“ ცნობით, სერგეი ბაღაფშმა მხარდამჭერებს პარლამენტის ერთ-ერთი ფანჯრიდან მიმართა, რომელიც 12 ნოემბერს მისმა მომხრეებმა დაიკავეს.
 
ბაღაფშმა დაადასტურა, რომ რამდენიმე ადამიანი მართლაც დაიჭრა პარლამენტის შენობის აღების დროს.  სროლები განხორციელდა მაშინ, როცა დაცვა უშედეგოდ ცდილობდა შენობაში შეჭრისგან შეეჩერებინა ოპოზიციის მხარდამჭერები.
 
"ჩვენ სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ და მაქსიმუმი გავაკეთოთ იმისთვის, რომ აფხაზეთში მშვიდობა აღდგეს ... ჩვენ ძალაუფლებას მშვიდობიანი გზით მოვიპოვებთ“, განაცხადა ბაღაფშმა.
 
გავრცელებული ინფორმაციით, ბაღაფშის მიმართვის შემდეგ მისმა მხარდამჭერებმა დაშლა დაიწყეს. თუმცა, “რია ნოვოსტის“ ცნობით, ბაღაფშის შეიარაღებული მხარდამჭერები კვლავ მთავრობის შენობაში რჩებიან.
 
12 ნოემბერს დილით სოხუმში ერთდროულად გაიმართა პრეზიდენტობის კანდიდატების რაულ ხაჯიმბას და სერგეი ბაღაფშის მომხრეთა მიტინგები. პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე რაულ ხაჯიმბას დაახლეობით 700 მომხრე შეიკრიბა, თავისუფლების მოედანზე კი - ბაღაფშის 3 ათასამდე მხარდამჭერი.
 
11 ნოემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში, დე ფაქტო პრეზიდენტმა ვლადისლავ არძინბამ აფხაზი ხალხი მოსალოდნელი სამოქალაქო დაპირისპირების შესახებ გააფრთხილა და განმეორებითი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდა.
 
"ოქტომბრის [საპრეზიდენტო] არჩევნებმა ვერ გამოავლინა ამომრჩეველთა ნამდვილი ნება და სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე წარმოშვა. ამგვარ პირობებში, მე, როგორც სახელმწიფოს მოქმედი მეთაური, იძულებული გავხდი ხელი მომეწერა განკარგულებისთვის აფხაზეთის რესპუბლიკაში განმეორებითი არჩევნების ჩატარების თაობაზე“, ნათქვამია მიმართვაში.
 
დე ფაქტო პრეზიდენტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ თავიდან აიცილოს სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე და ჩაატაროს განმეორებითი არჩევნები.
 
"მხოლოდ განმეორებითი არჩევნები დაეხმარება ქვეყანას გამოვიდეს არსებული კრიზისიდან. მე იმედს ვამყარებ საპრეზიდენტო კანდიდატებზე და მზად ვარ, გამარჯვებულს ხელი ჩამოვართვა“, დასძენს დე ფაქტო პრეზიდენტი.
 
ვლადისლავ არძინბას 29 ოქტომბრის განკარგულებით, განმეორებითი არჩევნები ორი თვის ვადაში უნდა ჩატარდეს.  თუმცა, სერგეი ბაღაფში აცხადებს, რომ მან გაიმარჯვა არჩევნებში და 6 დეკემბერს თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის ემზადება. 
 

Civil.Ge © 2001-2024