ბაღაფშსა და ხაჯიმბას შორის გარიგება შედგა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 6 Dec.'04 / 10:58

სივილ ჯორჯია

სერგეი ბაღაფშმა 5 დეკემბერს გვიან საღამოს განაცხადა, რომ პრეზიდენტის ინაუგურაცია აღარ შედგება, რადგანაც მან მიაღწია შეთანხმებას თავის ოპონენტთან რაულ ხაჯიმბასთან განმეორებითი არჩევნების ჩატარების თაობაზე, რომელშიც ბაღაფში პრეზიდენტად იყრის კენჭს, ხაჯიმბა კი ვიცე-პრეზიდენტად.

“თუ ჩვენ გავიმარჯვებთ არჩევნებში, განსხვავება პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის უფლებებს შორის ძალიან მცირე იქნება. ფაქტიურად, ჩვენ თანაბარუფლებიანი ვიქნებით“, აცხადებს “იტარ-ტასი“ სერგეი ბაღაფშის სიტყვებზე დაყრდნობით.

შეთანხმება შედეგად მოჰყვა ბაღაფშსა და ხაჯიმბას შორის გასულ ღამეს გამართულ მოლაპარაკებებს, რომელსაც რუსეთის გენერალური პროკურორის მოადგილე ვლადიმერ კოლესნიკოვი და აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი ნოდარ ხაშბაც ესწრებოდნენ.

“კონსულტაციების შედეგად ჩვენ ხელს მოვაწერთ შეთანხმებას, რომლის თანახმადაც ჩვენ [ბაღაფში და ხაჯიმბა] ერთიანი გუნდით მივიღებთ მონაწილეობას არჩევნებში“, აცხადებს “ინტერფაქსი“ 6 დეკემბერს ბაღაფშის სიტყვებზე დაყრდნობით.

ანალოგიური მოლაპარაკებები საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის 4-5 დეკემბრის ღამესაც მიმდინარეობდა, თუმცა კრიზისის მოგვარება ვერ მოხერხდა, რადგან  მოლაპარაკებების შემდეგ სერგეი ბაღაფში აცხადებდა, რომ იგი ჩაატარებს ინაუგურაციას 6 დეკემბერს.

თუმცა, ახლახანს მიღწეული შეთანხმების თანახმად, პრეზიდენტის ინაუგურაცია არ შედგება და სავარაუდოდ დეკემბრის ბოლოს ახალი არჩევნები ჩატარდება.    

Civil.Ge © 2001-2025