საგადასახადო კოდექსის მიმართ შენიშვნები საგრძნობლად შემცირდა
/ 10 Dec.'04 / 10:41
ნინო ხუციძე, "სივილ ჯორჯია"

თვენახევრიანი პაუზის შემდეგ ახალი საგადასახადო კოდექსის მიღების გზაზე პროგრესი მას შემდეგ იქნა მიღწეული, რაც 9 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა კანონპროექტის კომპრომისულ ვარიანტს. თუმცა ამ გადაწყვეტილებას წინ უძღვოდა ხანგრძლივი დავა პარლამენტსა და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის, რომელიც ხშირ შემთხვევაში ვაჭრობის სახესაც კი იძენდა.
 
თუმცა ყველაფერი ორმხრივი კომპრომისებით დამთავრდა, რაშიც პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის რომან გოცირიძის განცხადებით, “განხილვის პროცესში მონაწილე სხვა მხარეებთან” ერთად დიდი წვლილი პრეზიდენტ სააკაშვილს მიუძღვის, “რომლის ყოველი ჩარევა იყო ლიბერალიზმის მომტანი ახალი საგადასახადო კოდექსისათვის” და ასევე მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი “მთავრობის სიჯიუტის” დაძლევას.
 
“იანვრიდან ჩვენ გვექნება ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღი და სამეწარმეო გარემოს ხელშემწყობი საგადასახადო რეჟიმი”, განაცხადა პარლამენტის 9 დეკემბრის სხდომაზე რომან გოცირიძემ.
 
საგადასახადო კოდექსის პროექტის მიხედვით არსებული 22 გადასახადიდან ძალაში 7 გადასახდი დარჩება: საშემოსავლო (20%-დან 12%-მდე მცირდება), სოციალური (33%-დან 20%-მდე დაიწევს), მოგების (20%), დამატებითი ღირებულების გადასახადი (დღგ, 20%-დან 18%-მდე იკლებს), აქციზი, ქონების (რომელშიც ინტეგრირებულია დღეს ცალკე არსებული მიწის გადასახადი) და გადასახადი სათამაშო ბიზნესისათვის. მიღებული ვარიანტით გადასახადი ბუნებრივი რესურსების სარგებლობისთვის მოსაკრებლის სახით ჩამოყალიბდება.
 
საგადასახადო კოდექსი 2005 წლის 1 იანვრიდან შევა ძალაში, თუმცა პარლამენტი დაეთანხმა მთავრობის წინადადებას 18%-მდე შემცირებული დამატებითი ღირებულების გადასახადი 1 ივლისიდან ამოქმედდეს. შესაბამისად, ხელისუფლების მხრიდან დაპირების მიუხედავად, 1 ივლისამდე კვლავ დღგ-ს მოქმედი განაკვეთი - 20% იქნება ძალაში.
 
სწორედ ეს გადაწყვეტილება გახდა ძირითადი მიზეზი იმისა, რომ ერთადერთმა ოპოზიციურმა ფრაქციამ “მემარჯვენე ოპოზიციამ” და სხვა საპარლამენტო ოპოზიციურმა ჯგუფებმა საგადასახადო კოდექსს მეორე მოსმენით მხარი არ დაუჭირეს.
 
“იმ პირობებში, როცა დღგ-ს 2%-იან შემცირებაზე დაპირების შესრულებამ ექვსი თვით უნდა გადაიწიოს, არ გვაქვს იმის გარანტია, რომ 1 ივლისს ხელისუფლება მისი ამოქმედების კიდევ გადავადების მოთხოვნით არ მოგვმართავს”, განუცხადა “სივილ ჯორჯიას” ზურაბ ტყემალაძემ, “მემარჯვენე ოპოზიციის” ერთ-ერთმა ლიდერმა.
 
“დღგ-ს არსებული განაკვეთის კიდევ ექვსი თვით შენარჩუნება არა მგონია, რომ წინ გადადგმული ნაბიჯი იყოს”, განუცხადა კოლეგებს 9 დეკემბერს რესპუბლიკური პარტიის ოპოზიციონერმა დეპუტატმა დავით ბერძენიშვილმა.
 
თუმცა ამ გადაწყვეტილების სანაცვლოდ, მთავრობა დაეთანხმა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წინადადებას ქონების გადასახადისა და ავტომანქანების დაბეგვრის წესთან დაკავშირებით. ამ ორმა საკითხმა ყველაზე მეტი კამათი გამოიწვია და მათზე შეთანხმება მხოლოდ ბოლო მომენტში მოხერხდა.
 
კერძოდ, ქონების გადასახდით არ დაიბერგება ის ოჯახი, რომლის წლიური შემოსავალიც 40 ათას ლარს არ აღემატება. 40-დან 60 ათას ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახი წელიწადში გადაიხდის მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ღირებულების 0,05-დან 0,2%-ს, 60-დან 100 ათას ლარამდე შემოსავლის მქონე - 0,2-დან 0,4%-მდე, ხოლო 100 ათას ლარზე მეტი კი- 0,4-დან 0,8%-მდე. მაგალითისთვის წელიწადში 200 ლარით დაიბეგრება ის მაღალშემოსავლიანი ოჯახი, რომლის უძრავი ქონებაც 100 ათას ლარად არის შეფასებული. ამასთან გადასახადის კონკრეტულ განაკვეთს მოცემულ ფარგლებში ადგილობრივი მმართველობის ორგანოები განსაზღვრავენ, რადგან ქონების გადასახადი ადგილობრივი ბიუჯეტის შევსების ერთ-ერთ ძირითად წყაროს წარმოადგენს.
 
“ანუ მოსახლეობის თითქმის 90% საერთოდ გათავისუფლდება ქონების გადასახადისაგან. ასევე მოსახლეობის დიდი ნაწილი, რომელთა მფლობელობაშიც ძირითადად ძველი მანქანებია, ავტომობილების დაბეგვრის ახალი განაკვეთებით არ დაზარალდება”, აცხადებს რომან გოცირიძე. 
 
ავტომანქანების იმპორტისა და ქონების გადასახადი  ფიქსირებული დარჩება, ისევე როგორც ეს მოქმედ საგადასხადო კოდექსშია და განისაზღვრება ავტომანქანის ძრავის მოცულობისა და წლოვანების მიხედვით.  არადა მთავრობა ავტომანქანების დღგ-ითა და აქციზით დაბეგვრას მოითხოვდა, რაც ავტომანქანების გაძვირებას გამოიწვევდა, არსებული რედაქციით კი ავტომანქანებზე ფიქსირებული გადასახადი მცირედით იზრდება. 
 
ახალ საგადასახადო კოდექსში გათვალისწინებულია ბეჭვდითი მედიის გათავისუფლდება ყველა გადასახადისაგან, გარდა საშემოსავლო და სოციალური გადასახადებისა. თუმცა ელექტრონული მედიის საშუალებებზე აღნიშნული შეღავათები არ ვრცელდება.
 
პრესაზე საგადასახადო შეღავათების გათვალისწინება პრეზიდენტმა სააკაშვილმა პირადად დაავალა ფინანსთა მინისტრს, რის მოტივადაც “სიტყვის თავისუფლების დაცვა და პრესის დაბალშემოსავლიანობა” დაასახელა.
 
გარდა ამისა გათვალისწინებულია შეღავათები აგრარულ სექტორზე, რაც მთავრობის მხრიდან ასევე კომპრომისად იქნა აღქმული. კერძოდ, სოფლის მეურნეობის პროდუქცია დღგ-ისაგან თავისუფლდება, ასევე სპეციფიკური ტიპის ისეთის შეღავათებია გათვალისწინებული, რაც პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარის გია ხევიაშვილის განცხადებით, “სოფლის მეურნეობის სფეროს ახალ საგადასახადო რეჟიმში პრიორიტეტულს ხდის”.
 
მომავალი წლიდან საგრძნობლად გაიზრდება სათამაშო ბიზნესსა და აქციზურ საქონელზე (ნავთობპროდუქტებზე, თამბაქოს ნაწარმზე, ეთილის სპირტზე, ღვინოზე და სხვა) გადასახადები, რითაც მთავრობა იმ 300 მლნ ლარამდე დანაკარგის კომპენსირებას აპირებს, რომელიც 2005 წლის ბიუჯეტს სხვა გადასახადების გაუქმებისა და შემცირების ხარჯზე დააკლდება.

 

Civil.Ge © 2001-2024