თბილისი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მოგვარების სამშვიდობო გეგმებზე მუშაობს
/ 18 Dec.'04 / 17:31
"სივილ ჯორჯია"
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მთავრობას 2005 წლის თებერვლისთვის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მოგვარების სამშვიდობო გეგმების მომზადება დაავალა.
 
17 დეკემბერს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ გეგმა უნდა ითვალისწინებდეს ქვეყნის “ფედერალურ მოწყობას“, სადაც თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებს საქართველოს სახელმწიფოს ფარგლებში “ყველაზე ფართო სტატუსი“ მიენიჭებათ. 
 
“უახლოეს კვირებში გვეცოდინება, თუ კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების მიზნით რა სახის ავტონომიურ სტატუსს შევთავაზებთ მათ [აფხაზებს და ოსებს]... ჩვენ გვჭირდება ეს დოკუმენტი, რათა არავის დარჩეს სათქმელი: ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა რომ გინდათ, რას სთავაზობთ აფხაზებს და ოსებს?“, განაცხადა პრეზიდენტმა.
 
მისი თქმით, სამშვიდობო გეგმის შემუშავების პროცესში არასამთავრობო და პოლიტიკური ორგანიზაციების ფართო სპექტრი უნდა ჩაერთოს.
 
“მოდით ვკითხოთ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელთაც სურთ ამ პროცესში მონაწილეობა, როგორ წარმოუდგენიათ ფართო ავტონომია ერთიან ქართულ სახელმწიფოში ... ჩვენ კონსულტაციებს დავიწყებთ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებიც ამ საკითხებზე მუშაობენ; ასევე იმ პოლიტიკურ ორგანიზაციებთან, რომელთაც უკვე მოამზადეს თავიანთი ხედვა ამასთან მიმართებაში ... მოდით ვკითხოთ ეს თუნდაც ყველაზე პატარა პოლიტიკურ პარტიებსაც“, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
 
“წინადადებები ავტონომიის შესახებ წერითი ფორმით დაიდება და ეს სხვადასხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის ფართო კონსენსუსის შედეგად მიიღწევა. ყველა, ვისაც ამის სურვილი აქვს, რაც შეიძლება სწრაფად უნდა ჩაერთოს პროცესში”, დასძინა სააკაშვილმა.
 
ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ გაკეთდა განცხადება, áƒ áƒáƒ› სამშვიდობო გეგმა 2005 წლის თებერვლისთვის იქნება მზად.
 
“ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა იყო [პრეზიდენტის]. როგორი იქნება სტატუსი, ამაზე ჩვენ ვისაუბრებთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც თებერვალში უკვე დოკუმენტი დაიდება. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ აფხაზეთთან მიმართებაში მზად ვართ უმაღლეს სტატუსზე ვილაპარაკოთ, ვილაპარაკოთ ფედერალურ სუბიექტზე, ფედერალურ სახელმწიფო მოწყობაზე, მაგრამ კონკრეტულად როგორი იქნება სააბოლოო შეთავაზება ეს თებერვალში სამუშაო ჯგუფების მიერ პოზიციების შეჯერების შედეგად გახდება ცნობილი”, განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებს სხდომის დასრულების შემდეგ.
 
“სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები წლების განმავლობაში მუშაობდნენ ამ თემებზე. ახლა ამ საკითხს ხელისუფლება სერიოზულად ეკიდება. იუსიტიციის სამინისტროც, რა თქმა უნდა, აქტიურად ჩაერთვება ამ პროცესში და შესაბამის საკანონმდებლო აქტებსაც მოამზადებს”, განუცხადა იუსტიციის მინისტრმა გიორგი პაპუაშვილმა ჟურნალისტებს.
 
2004 წლის დასაწყისში ქართველმა პოლიტიკურმა და იურიდიულმა ექსპერტებმა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აფხაზეთის სამშვიდობო გეგმის áƒ¨áƒ”სახებ დოკუმენტი წარუდგინეს. დოკუმენტი ითვალისწინებს თბილისისა და სოხუმის მოქცევას ერთიან ფედერალურ სახელმწიფოში.
 
დოკუმენტში საუბარია ორწევრიანი ფედერალური სახელმწიფოს შექმნაზე. აფხაზეთს ექნება ყველაზე ფართო ავტონომია, ნაცვლად იმისა, რომ სრული დამოუკიდებლობის შესახებ თავის უკომპრომისო პოზიციას დათმობს. 
 

Civil.Ge © 2001-2024