ბენდუქიძე: გაზსადენის გაყიდვა საფრთხეს არ წარმოადგენს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 22 Feb.'05 / 17:38

ეკონომიკური რეფორმების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა კახა ბენდუქიძემ 22 თებერვალს განაცხადა, რომ  მაგისტრალური გაზსადენის პრივატიზება საქართველოს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას არ შეუქმნის პრობლემებს.

მისი თქმით, რუსეთის ენერგოკომპანია “გაზპრომთან“ ერთად, რომელიც მაგისტრალური გაზსადენის შესყიდვით არის დაინტერესებული, პრივატიზაციის პროცესში მონაწილეობა ასევე შეუძლია მიიღოს კონსორციუმმა, რომელიც ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენის მშენებლობას ხელმძღვანელობს.
 
“რა პრობლემა იქნება, თუ რუსეთიდან შემოსულ გაზის გამტარ მილში გადაგვიხდიან ფულს და შემგომ [რუსები] მოუვლიან ამ მილს, რას ცვლის ეს ჩვენს ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში?”, განუცხადა კახა ბენდუქიძემ ჟურნალისტებს. 

იტალიურ გაზეთ "ლა სტამპა“ -სთვის მიცემულ ინტერვიუში, რომელიც 20 თებერვალს გამოქვეყნდა, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები რუსულ ენერგოკომპანია "გაზპრომთან“ საქართველოს მაგისტრალური გაზსადენის პრივატიზებასთან დაკავშირებით. "ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები, დეტალებზე საუბრისაგან ჯერ-ჯერობით თავს შევიკავებ“, განაცხადა სააკაშვილმა კითხვაზე  - აპირებს თუ არა საქართველო რუსეთს მაგისტრალური გაზსადენი მიჰყიდოს.
 
2003 წელს, როდესაც საქართველოს მთავრობამ და “გაზპრომმა“ ხელი მოაწერეს მემორანდუმს 25-წლიანი სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის შევარდნაძის ადმინისტრაცია მწვავე კრიტიკის ქარცეცეხლში გაეხვა ოპოზიციის მხრიდან, რომელთაც მიაჩნდათ, რომ ეს შეთანხმება საფრთხეს შეუქმნიდა ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენის პროექტს.
 
“სიტუაცია, როცა შაჰ-დენიზის პროექტი [მაგისტრალური] გაზსადენის მიმართ ამდენად მგრძნობიარეა, ნიშნავს იმას, რომ გაზსადენს შეიძლება ჰყავდეს მინიმუმ ორი [პოტენციური] მყიდველი: ერთი იქნება შაჰ-დენიზის კონსორციუმი და მეორე მყიდველი შეიძლება იყოს “გაზპრომი”; თუ ერთ-ერთ მათგან სურს, რომ მეორეს აჯობოს უნდა გაირჯეს, მოვიდეს და აწარმოოოს მოლაპარაკებები საქართველოს მთავრობასთან”, განაცხადა კახა ბენდუქიძემ 22 თებერვალს.
 
ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენი ნაწილია იმ ფართო ენერგოპროექტისა, რომელიც რეგიონში ხორციელდება და რომელიც ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის პროექტსაც მოიცავს.
 
“გაზპრომსა“ და საქართველოს მთავრობას შორის 2003 წელს ხელმოწერილი შეთანხმება ითვალისწინებს ბუნებრივი გაზის მიწოდებას ქართველი მომხმარებლისთვის, ასევე გაზსადენების, მათ შორის ორი მაგისტრალური გაზსადენის, რეაბილიტაციას, რომელთაგან ერთ-ერთის საშუალებით მოხდება გაზის ტრანსპორტირება სომხეთში, ხოლო მეორეს საშუალებით - თურქეთში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გავლით.   
 

Civil.Ge © 2001-2024