არბიტრაჟის გაუქმებაზე წინააღმდეგობა იზრდება
სივილ ჯორჯია, თბილისი / 21 Apr.'05 / 19:11

21 აპრილს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიესალმა პარლამენტის გადაწყვეტილებას საგადასახადო არბიტრაჟის გაუქმების თაობაზე და განაცხადა, რომ არსებული საარბიტრაჟო სისტემა მხოლოდ ბიზნესს უწყობდა ხელს და არა მთავრობას.

მისი თქმით, ბიზნესმენები ამ  სისტემას, რომელიც გადასახადების გადამხდელთა და ხელისუფლებას შორის საგადასახადო დავების მოგვარების მიზნით შეიქმნა, გადასახადების გადახდის თავიდან არიდების მიზნით იყენებენ.

"ზოგიერთმა მიიჩნია ისე, რომ თითქოს არ უნდა გადაიხადოს გადასახადი და არც არავის სურს გადახდა, ეს [საგადასახადო არბიტრაჟის შექმნა] მთავრობის შეცდომა იყო და ეს შეცდომა უნდა გამოსწორდეს ... უნდა შეიქმნას ისეთი სისტემა, რომელშიც არც ხელისუფლება და არც ბიზნესმენი არ იქნება უპირატეს მდგომარეობაში“, განუცხადა ჟურნალისტებს 21 აპრილს პრეზიდენტმა სააკაშვილმა. 

თუმცა, მან არ დააზუსტა აპირებს თუ არა მთავრობა საგადასახო არბიტრაჟის ახალი სისტემის დამკვიდრებას.

პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ პარლამენტი სთხოვს მთავრობას არბიტრაჟის ახალი სისტემა შესთავაზოს კანონმდებლებს, რომელიც მისაღები იქნება როგორც ბიზნესმენებისთვის, ისე მთავრობისთვის. "არსებულ სიტუაციაში მთავრობა წამგებიან მდგომარეობაშია. მაგრამ, ჩვენ გვჭირდება სისტემა, რომელშიც ბიზნესმენებიც და მთავრობაც თანაბარ პირობებში იქნებიან“, განუცხადა ბურჯანაძემ ჟურნალისტებს 21 აპრილს.

თუმცა, პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი უკომპრომისო პოზიციას ინარჩუნებს. მისი თქმით, საქართველოს ბიზნესმენთა ფედერაციის მიერ გამოთქმული პრეტენზიები "აბსურდულია". მან აქვე დასძინა, რომ საგადასახადო არბიტრაჟი უნდა გაუქმდეს.

საქართველოს ბიზნესმენთა ფედერაციამ 21 აპრილს მიიღო განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ საგადასახადო არბიტრაჟის გაუქმება "არ შეიძლება ჩაითვალოს მთავრობასა და ბიზნესს შორის პარტნიორობის გაძლიერებისთვის წინ გადადგმულ ნაბიჯად“.

"გუშინ უპრეცედენტო რამ მოხდა. მთავრობამ ცალმხრივად დაარღვია შეთანხმება ხელისუფლებასა და ბიზნესს შორის და გააუქმა საარბიტრაჟო სისტემა. გუშინ პრემიერ-მინისტრს შევხვდი. რამდენიმე საინვესტიციო პროექტი განვიხილეთ... მაგრამ პრემიერ-მინისტრს ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს მთავრობის განზრახვაზე არბიტრაჟის გაუქმებასთან დაკავშირებით“, განაცხადა საქართველოს ბიზნესმენთა ფედერაციის პრეზიდენტმა ბადრი პატარკაციშვილმა 21 აპრილს.

Civil.Ge © 2001-2024