სააკაშვილის თქმით, ბუში საქარველოს დახვედრით "განცვიფრებულია"
/ 10 May.'05 / 09:59
"სივილ ჯორჯია"

საქართველოსა და აშშ პრეზიდენტები და მათი
მეუღლეები ქართული ფოლკლორის კონცერტს
ადევნებენ თვალს.
9 მაისს საღამოს ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლის მიერ გამართულ წარმოდგენაზე დასწრების შემდეგ, რომელმაც აღაფრთოვანა ამერიკის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში, 10 მაისს დილიდან მან ოფიციალური შეხვედრები დაიწყო.

პრეზიდენტი ბუში და მისი მეუღლე  ჩამოსვლისთანავე პრეზიდენტ სააკაშვილისა და მისი მეუღლის სანდრა რულოვსის თანხლებით ძველ თბილისში გაემგზავრნენ. ვიდეოკამერებმა დააფიქსირეს აშშ-ის პრეზიდენტის განცვიფრებული სახე, როდესაც ათობით ქართველი მოცეკვავის წარმოდგენა დაიწყო.

პრეზიდენტმა ბუშმა წარმოდგენაზე პროტოკოლით გათვალისწინებულზე (20 წუთი) ორჯერ მეტ ხანს დაჰყო.  წარმოდგენაზე დაახლოებით 30 წუთზე მეტ ხანს ყოფნის შემდეგ, რომლის დროსაც ბუში აპლოდისმენტებს არ იშურებდა, ამერიკის პრეზიდენტი მოულოდნელად სცენაზე ავიდა, რათა ქართველი მოცეკვაკეებისთვის და მუსიკოსებისთვის  ხელი ჩამოერთმია.

მოგვიანებით, პრეზიდენტმა სააკაშვილმა ამერიკის პრეზიდენტი ოფიციალურ სადილზე მიიწვია ძველ თბილისში განთავსებულ რესტორანში. სადილის შემდეგ ბუშმა აღნიშნა, „საჭმელი ნამდვილად კარგია“.

პრეზიდენტი ბუში და მისი მეუღლე თვითმფრი–
ნავიდან ესალმებიან ქართველ მასპინძლებს. 
9 მაისს გვიან ტელეკომპანია "რუსთავი 2“-მა გადასცა პრეზიდენტ სააკაშვილის კომენტარები, რომელმაც ბუშის ვიზიტის პირველი საათების შთაბეჭდილებებზე ისაუბრა.

"ის [ჯორჯ ბუში] მართლაც ძალიან განცვიფრებულია“, განაცხადა სააკაშვილმა. „ეს ვიზიტი [აშშ-ის] მხარდაჭერის უპრეცედენტო ნიშანია“, დასძინა მან.

საქართველოს პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ განსაცვიფრებელი იყო, როდესაც ასობით ადამიანი, მიუხედავად ცუდი ამინდისა, მიესალმა აშშ-ის პრეზიდენტს, რომელიც აეროპორტიდან ქალაქის ცენტრისკენ მოემართებოდა.     

"იმედი მაქვს, რომ  [10 მაისს] ბევრი ხალხი შეიკრიბება თავისუფლების მოედანზე“, დასძინა მიხეილ სააკაშვილმა.

10 მაისს სააკაშვილთან და ბურჯანაძესთან მოლაპარაკებების შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტი საქართველოს მოსახლეობას თავისუფლების მოედნიდან მიმართავს. 

საქართველოს მოსახლეობისადმი მიმართვაში აშშ-ის პრეზიდენტი, სავარაუდოდ, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მოუგვარებელ კონფლიქტებზეც ისაუბრებს. 

როგორც მოსალოდნელია, ქართული მხარე მოუგვარებელი კონფლიქტების საკითხში რუსეთის როლის შესახებ, ასევე საქართველოდან რუსული სამხედრო ბაზების გაყვანის საკითხს აშშ-ის პრეზიდენტთან მოლაპარაკებების დროს დააყენებს.  

Civil.Ge © 2001-2024