"თავისუფლების შუქურა" კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების პირობას დებს
/ 11 May.'05 / 11:34
გიორგი სეფაშვილი, "სივილ ჯორჯია"

სააკაშვილმა ბუში საქართველოში დემოკრატიის
განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის წმინდა
გიორგის ორდენით დააჯილდოვა.  
10 მაისს თავისუფლების მოედანზე ათასობით მოქალაქის წინაშე გამოსვლისას  ამერიკის და საქართველოს პრეზიდენტების მიმართვების ქვაკუთხედი "დემოკრატიის და თავისუფლების გავრცელების“ კონცეფცია გახდა.  
 
ადგილობრივ დამკვირვებელთა თქმით, ეს ვიზიტი და ორი ქვეყნის პრეზიდენტების მიერ გაკეთებული განცხადებები შესაძლოა შემობრუნების მომენტად იქცეს საერთაშორისო არენაზე საქართველოს ახალი ფუნქციის შეძენის თვალსაზრისით, რომელსაც აშშ აღიარებს. პრეზიდენტმა სააკაშვილმა სწორედ ამ მომენტზე გააკეთა მინიშნება, როდესაც ბუშთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ ნავთობსადენის პროექტი. მას მხედველობაში ჰქონდა ამერიკის მხარდაჭერით განხორციელებული ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, რომელიც ექსპლოატაციაში მაისის ბოლოს შევა. 
 
"ჩვენი თანამშრომლობა უფრო მეტია, ვიდრე სტრატეგიული ნავთობსადენის პროექტი ან თუნდაც ეკონომიკური თანამშრომლობა - საუბარია დემოკრატიისა და თავისუფლების ღირებულებათა გაზიარებაზე“, განაცხადა სააკაშვილმა.   
 
ამერიკელი კოლეგის მსგავსად, თავისუფლების მოედანზე გამოსვლისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა ასევე გაამახვილა ყურადღება დემოკრატიის თემაზე და აღნიშნა, რომ საქართველოს და აშშ-ს თავისუფლების გავრცელების საქმეში საერთო პასუხისმგებლობა აკისრიათ.

"[დემოკრატიის] ერთიანი რწმენა საერთო პასუხისმგებლობას გვაკისრებს, რომ გავავრცელოთ თავისუფლება იმ ერებში, რომელთაც არ მიეცათ  თავიანთი დემოკრატიული არჩევანის გაკეთების უფლება, ბელარუსიდან -რომელსაც თქვენ სამართლიანად უწოდეთ "ევროპის უკანასკნელი დიქტატურა" - კუბამდე, ბირმიდან –ჩრდილოეთ კორეამდე", განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, "ვარდების რევოლუცია" საქართველოში თავისუფლების გამარჯვებით დასრულდა, "თუმდა იგი გრძელდება დემოკრატიის ახალი ტალღით, რომელიც უფრო და უფრო მეტ ერებს ათავისუფლებს. საქართველო აშშ–ს პარტნიორობას სთავაზობს პოსტსაბჭოთა სივრცეში დემოკრატიის, თავისუფლებისა და უსაფრთხოების დამკვიდრების საქმეში“, დასძინა მიხეილ სააკაშვილმა.

პრეზიდენტმა ბუშმა საქართველოს "რეგიონსა და მსოფლიოში თავისუფლების შუქურა“ უწოდა. "თქვენი წვლილი თავისუფლების საქმეში ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა თქვენი ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი თქვენი მაგალითია. მსოფლიო გაოცებულია იმ იმედისმომცემი ცვლილებებით, რომელიც მიმდინარეობს  ბაღდადიდან ბეირუთამდე და ბეირუთიდან ბიშკეკამდე, მაგრამ სანამ მოხდებოდა იასამნისფერი რევოლუცია ერაყში, ტიტების რევოლუცია ყირგიზეთში და ნარინჯისფერი რევოლუცია უკრაინაში, მანამდე საქართველოში ვარდების რევოლუცია მოხდა“, განაცხადა ბუშმა.

ბუში მიესალმა საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებულ რეფორმებს, თუმცა დასძინა, რომ ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. "ნამდვილი ცვლილება და ნამდვილი გამოწვევა არის თავისუფალი ინსტიტუტების მშენებლობა. ეს რთული საქმეა... თუმცა, თქვენ ამ გზაზე მარტო არ ხართ. ამერიკელი ხალხი თქვენს გვერდით დგას“, განაცხადა ბუშმა საქართველოს მოქალაქეებისადმი მიმართვაში.

კონფლიქტები

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მოგვარება კიდევ ერთი წამყვანი áƒ—ემა იყო, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის ვიზიტის დროს ყურადღების ცენტრში მოექცა. ჯორჯ ბუშმა რამდენჯერმე გაიმეორა როგორც პრეს-კონფერენციაზე, ისე თავისუფლების მოედანზე გამოსვლისას, რომ კონფლიქტები მხოლოდ მშვიდობიანი გზით უნდა გადაწყდეს.

მან კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარება საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას დაუკავშირა.

“კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარება აუცილებელია ტრანსატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციისთვის“, განაცხადა ჯორჯ ბუშმა.

აშშ–ს პრეზიდენტმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი, რომ "საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს მსოფლიოს ყველა ქვეყანამ უნდა სცეს პატივი“.

ბუშმა განაცხადა, რომ აშშ მზად არის შუამავლის როლი შეასრულოს კონფლიქტების მოგვარების საკითხში, თუმცა ამ საკითხის საბოლოო მოგვარება თბილისზე და სეპარატისტულ რეგიონებზეა დამოკიდებული.

"რა თქმა უნდა, თუ პრეზიდენტი [სააკაშვილი] მთხოვს ერთი ან მეტი სატელეფონო ზარი გავაკეთო, მე ბედნიერი ვიქნები. მაგრამ ეს ის საკამათო საკითხია, რომელიც საქართველოს მთავრობამ და სეპარატისტულმა რეგიონებმა áƒ£áƒœáƒ“ა მოაგვარონ“, განაცხადა ბუშმა.

იგი მიესალმა საქართველოს ინიციტიავას თვითგამოცხადებული რეგიონებისთვის ფართო ავტონომიების მინიჭების თაობაზე და მას "კონსტრუქციული“ უწოდა. "ერთი რამ, რასაც ყველაზე მეტად ვაფასებ, არის მის [სააკაშვილის] მიერ კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მნიშვნელობის სრულყოფილად გააზრება. დარწმუნებული ვარ, რომ კარგი მუშაობით და თანამშრომლობით, მათ [კონფლიქტებს] მშვიდობიანად მოვაგვარებთ. მას [სააკაშვილს] ჩვენი დახმარებით შეუძლია ამ კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარება“, დასძინა ბუშმა.

თავისუფლების მოედანზე გამოსვლისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს "არ სურს ომი, მათთან [აფხაზებთან და ოსებთან] ერთად, მათი იდენტურობის დაცვით, ერთიანი საქართველოს ფარგლებში, ჩვენ მშვიდობა გვსურს“.

რუსული სამხედრო ბაზები

9 მაისს საქართველოში ჩამოსვლამდე აშშ-ის პრეზიდენტი რუსეთს სტუმრობდა, სადაც პრეზიდენტ პუტინთან საქართველოდან რუსული სამხედრო ბაზების გაყვანის საკითხი განიხილა.

მოსკოვმა ცოტა ხნის წინ უარი განაცხადა 2008 წლის 1 იანვრისთვის საქართველოდან ბაზების გაყვანაზე, როგორც ამას თბილისი მოითხოვს.

"მან [პუტინმა] შემახსენა, რომ არსებობს 1999 წელს ეუთოს სამიტზე მიღწეული შეთანხმება. მისი [პუტინის] თქმით, რუსეთს სურს საქართველოს მთავრობასთან მუშაობა ამ ვალდებულებების შესრულების მიზნით და ვფიქრობ, რომ ეს ქართველი ხალხისთვის მნიშვნელოვანი განცხადებაა. ვფიქრობ, ამ საკითხის მოგვარების საფუძველი არსებობს“, დასძინა ბუშმა. 

 

Civil.Ge © 2001-2024