რამოდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ 23 ივნისს განაცხადა, რომ ისინი ბოიკოტს უცხადებენ 2006 წლის შემოდგომაზე დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებს, მას შემდეგ რაც პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო პრეზიდენტის მიერ მხარდაჭერილი თბილისის საკრებულოსა და მერის არჩევის ახალი წესი. პარლამენტის ამ გადაწყვეტილებამ ასევე უბიძგა საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციურ ძალებს გაეძლიერებინათ თანამშრომლობა.
ხელისუფლების ინიციატივა ითვალისწინებს საკრებულოს 25 წევრის არჩევას სხვადასხვა ქვეყნებში საკმაოდ გავრცელებული მოდელით, რომელსაც პირობითად "მოგებულს ყველაფერი რჩება" სახელით არის ცნობილი (A First-Past-the-Post "Winner Takes All" System). ხოლო დანარჩენი 12 ადგილი გადანაწილდება ე.წ. „საკომპენსაციო სიით“ იმ პარტიებს შორის, რომლებიც ხმების სულ ცოტა 4%-ს მოიპოვებენ თბილისის ათივე საარჩევნო ოლქში. 37-წევრიანი საკრებულო კი თბილისის მერს საკუთარი შემადგენლობიდან ხმების სულ ცოტა 2/3-ით აირჩევს.
მმართველი პარტიის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა გიგა ბოკერიამ, რომელმაც კანონპროექტი წარადგინა, პარლამენტში 23 ივნისს გამართული დებატების დროს განაცხადა, რომ შემოთავაზებული წესი არის ე.წ. მაჟორიტარული და პროპორციული საარჩევნო სისტემების "შესანიშნავი ნაზავი“, რომელიც ერთის მხრივ, საკრებულოს ინდივიდუალურად არჩეულ წევრებს პასუხისმგებელს გახდის თავიანთი ამომრჩევლების წინაშე და მეორე მხრივ, ეს სისტემა ადგილს დაუტოვებს იმ პარტიებს, რომლებიც ვერ გაიმარჯვებენ "მოგებულს ყველაფერი რჩება“ პრინციპით, რადგანაც წესი ასევე ითვალისწინებს ე.წ. "საკომპენსაციო სიას“.
თუმცა, ოპოზიცია, რომელიც შიშობს, რომ ეს ახალი სისტემა საკრებულოში შესვლის საშუალებას მხოლოდ მმართველ პარტიას მისცემს, აცხადებს, რომ "საკომპენსაციო სია“ მხოლოდ "დემოკრატიის ილუზიის შესაქმნელად“ იქნა შემოთავაზებული.
"25 წევრი, რომელიც "მოგებულს ყველაფერი რჩება“ სისტემით აირჩევა, 37-წევრიანი საკრებულოს 2/3 შეადგენს; ამგვარად, მერის არჩევის დროს საკრებულოს დანარჩენი 12 წევრის ხმას აზრი აღარ ექნება“, განაცხადა "ახალი მემარჯვენეების“ წევრმა, დეპუტატმა მამუკა კაციტაძემ 23 ივნისის სხდომაზე.
ამ წინადადების კენჭისყრამდე, პარლამენტმა ჩააგდო ოპოზიციური "ახალი მემარჯვენეების“ მიერ წარდგენილი კანონპროექტი, რომელიც თბილისის მერის პირდაპირი წესით არჩევას ითვალისწინებდა.
ოპოზიციონერმა დეპუტატებმა 23 ივნისს გამართულ საპარლამენტო სხდომაზე, მას შემდეგ რაც პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ხელისუფლების მოდელი, ცალ-ცალკე განცხადებები გააკეთეს 2006 წლის შემოდგომაზე დაგეგმილი ადგილობრივი არჩევნებისთვის ბოიკოტის გამოცხადების თაობაზე.
"ეს ის კანონია, რომელიც ერთპარტიული დიქტატურის დამყარებამდე მიგვიყვანს და გვირჩევნია არ მივიღოთ მონაწილეობა ამ [2006 წლის ადგილობრივ] არჩევნებში“, განაცხადა ახალი მემარჯვენეები-მრეწველების კოალიციის ლიდერმა, დეპუტატმა დავით გამყრელიძემ 23 ივნისს გამართულ საპარლამენტო სხდომაზე.
"ჩვენც არ მივიღებთ მონაწილეობას არჩევნებში; იგივე გადაწყვეტილება მიიღო პარტია "თავისუფლებამ“, განაცხადა"კონსერვატორების“ ლიდერმა, დეპუტატმა კობა დავითაშვილმა სხდომაზე.
"ლეიბორისტული პარტია ვერანაირ აზრს ვერ ხედავს, რომ მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში“, განაცხადა დეპუტატმა თემურ დოლიშვილმა ლეიბორისტული პარტიიდან.
რესპუბლიკური პარტიის ლიდერის დავით ბერძენიშვილის თქმით, თბილისის საკრებულოს და მერის არჩევის ახალი წესის მიღება "არის ნაბიჯი პოლიტიკური კონფრონტაციისკენ“. თუმცა რესპუბლიკელები არჩევნების ბოიკოტს არ აპირებენ.
ზოგიერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, მათ შორის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ ასევე გამოხატეს პროტესტი ახალ წესთან დაკავშირებით.
ოპოზიციური პარტიები ახლა ერთმანეთს თანამშრომლობისკენ მოუწოდებენ ერთიანი სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით. "ნათელია, რომ დადგა დრო ჩვენი ძალების გაერთიანებისთვის, რათა შევეწინააღმდეგოთ მთავრობის ანტიდემოკრატიულ ნაბიჯებს“, განაცხადა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა ბაჩუკი ქარდავამ 24 ივნისს.
"ვფიქრობ, უნდა შევქმნათ საკოორდინაციო საბჭო, რაც არ გულისხმობს ოპოზიციური პარტიების გაერთიანებას, არამედ დაგვეხმარება ჩვენი ერთობლივი ქმედებების კოორდინირებაში“, განაცხადა ლეიბორისტული პარტიის წევრმა გიორგი გუგავამ 24 ივნისს.
ზოგიერთი დამკვირვებლის თქმით, პრობლემა მხოლოდ მერის და საკრებულოს არჩევის წესში არაა. "მიუხედავად იმისა, რომ ეს [არჩევის მეთოდი] ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, პრობლემა ისაა, რომ მთავრობას ჯერ არ წარუდგენია ამომწურავი სტრატეგია იმის შესახებ, თუ როგორ ხედავს თვითმართველობის განვითარებას საქართველოში“, განაცხადა მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიის ინსტიტუტის წარმომადგენელმა დავით ლოსაბერიძემ.