Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სამშვიდობოებზე საქართველოს პარლამენტის დადგენილება
/ 13 ოქტ.'05 / 13:02

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

ქვეყნის ტერიტორიაზე არსებულ კონფლიქტურ რეგიონებში შექმნილი ვითარებისა და სამშვიდობო ოპერაციების მიმდინარეობის შესახებ

საქართველოს პარლამენტი გმობს ქვეყნის ტერიტორიაზე არსებულ კონფლიქტურ რეგიონებში (აფხაზეთი, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი) მიმდინარე მოვლენებს.

ქართული მხარისა და საერთაშორისო თანამეგობრობის ყველა მცდელობა, გაააქტიურონ მსოფლიოში მიღებული დემოკრატიული ნორმების დაცვით კონფლიქტების მოგვარების პროცესი, დღემდე უშედეგოა. უფრო მეტიც, თანამშრომლობის ნაცვლად, ამ რეგიონების დე-ფაქტო ხელისუფლებები ღიად დაადგნენ კონფრონტაციის, საერთაშორისო სამართლის პრინციპების იგნორირებისა და კრიმინალური რეჟიმების ჩამოყალიბების გზას.      აფხაზეთისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიებზე შექმნილია კლანური დიქტატურები, რომელთა ძირითადი მიზანი პირადი ძალაუფლების განმტკიცება და უკანონო შემოსავლების მიღებაა.

მხოლოდ კლანური, კრიმინალური მმართველობის დროს არის შესაძლებელი, რომ ამ რეგიონებში მასობრივად ხდებოდეს მშვიდობიანი მოქალაქეების, მათ შორის, ბავშვების გატაცება, მოსახლეობის დარბევა, დაყაჩაღება, მკვლელობა, კრიმინალური ჯგუფების დაუსჯელი თარეში, რუსეთის სპეცსამსახურებთან ერთად ტერორისტული და დივერსიული ჯგუფების შექმნა და მხარდაჭერა, ტერორისტული აქტების მოწყობა, ყალბი ფულის გავრცელება, ნარკოტიკების ტრანზიტი, ტრეფიკინგი, იარაღით ვაჭრობა, კონტრაბანდის მხარდაჭერა, დევნილთა ქონების მითვისება, მშობლიურ ენაზე სწავლებისა და საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნების უფლების წართმევა – ეს ადგილობრივი რეჟიმების მმართველობის შედეგების არასრული ჩამონათვალია.

უფრო მეტიც, სეპარატისტული რეჟიმები დღემდე ცდილობენ ეუთოს ბუდაპეშტის, ლისაბონისა და სტამბულის სამიტებზე დაფიქსირებული ეთნიკური წმენდის შედეგების სამართლებრივ დაკანონებას, რასაც ძალადობრივად განდევნილი ქართველი მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების ტოტალურად გასხვისების ფაქტებიც ადასტურებს.

ნათელია, რომ ყოველივე ამას არაფერი აქვს საერთო აფხაზეთისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიებზე დარჩენილი მოსახლეობის უფლებების დაცვასთან. კრიმინალური დიქტატურა საფრთხეს უქმნის ყველას, მათ შორის, იმათ, ვის დასაცავადაც ის თითქოს მოქმედებს. ამას მოწმობს სეპარატისტული ხელისუფლებების მიერ რეპრესიული პოლიტიკის გატარება იმ აფხაზი და ოსი მოქალაქეების მიმართ, რომლებიც შეეცადნენ გადაედგათ ნაბიჯები სახალხო დიპლომატიისა და ხალხებს შორის ნდობის აღდგენის მიმართულებით – დასჯილთა და დაკავებულთა შორის არასრულწლოვანი ბავშვებიც კი აღმოჩნდნენ, რომელთა მთელი „დანაშაული“ მხოლოდ ქართველი თანატოლების გაცნობა იყო.

ორივე რეგიონში არსებული სრული ინფორმაციული ვაკუუმის, რეპრესიებისა და ანტიქართული პროპაგანდის გამო ადგილობრივ მოსახლეობას არა აქვს შესაძლებლობა, რეალურად გაიგოს და შეაფასოს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების სამშვიდობო ინიციატივები.
აფხაზეთისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიებზე მასობრივად ილახება არა მხოლოდ დევნილთა, არამედ იქ დარჩენილი მოქალაქეების ძირითადი უფლებები და თავისუფლებები. სეპარატისტული ხელისუფლებები ეთნიკური ნიშნით მანიპულირებენ და საკუთარი მოსახლეობის ფუნდამენტური ინტერესების საწინააღმდეგოდ ახდენენ კონფლიქტების მოწესრიგების პროცესის მონოპოლიზებას თავიანთი კლანური ინტერესების შესაბამისად.

ისმება კითხვა – ვისი მხარდაჭერით ახერხებენ სეპარატისტული მთავრობები ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების პოზიციის იგნორირებას და საერთაშორისო სამართლის ყველა ძირითადი პრინციპისა და ნორმის დარღვევას? 

დასანანია, რომ ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი არსებობს და იგი მიგვანიშნებს როლზე, რომელსაც ამ კონფლიქტების ინსპირირებასა და შენარჩუნებაში ასრულებს რუსეთის ფედერაცია – ქვეყანა, რომელსაც ოფიციალურად აკისრია კონფლიქტების მოგვარებაში შუამავლის საპასუხისმგებლო მოვალეობა.

რუსეთი არის აფხაზეთის, საქართველო, საკითხზე გაეროს გენერალური მდივნის მეგობართა ჯგუფის წევრი, აფხაზეთში დსთ-ის სამშვიდობო მისიის აღმსრულებელი, ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში ოთხმხრივი შერეული საკონტროლო კომისიის თავმჯდომარე, სამშვიდობო მისიის ხელმძღვანელი და კონფლიქტებთან დაკავშირებული ყველა შეთანხმების მონაწილე.

ეს ფუნქციები რუსეთის ფედერაციას საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე კონკრეტულ ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობას აკისრებს. მიუხედავად ამისა, რუსეთი არათუ ხელს უწყობს საქართველოს ტერიტორიაზე კონფლიქტების მოგვარებას, არამედ პირიქით – მის მიერ გადადგმული მთელი რიგი ნაბიჯებისა პირდაპირ ემსახურება სეპარატისტული რეჟიმების გაძლიერებას და საქართველოს ტერიტორიის ნაწილის ფაქტობრივ ანექსიას. მაგალითად:

•        საქართველოს ხელისუფლების არაერთი პროტესტისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მკვეთრად უარყოფითი პოზიციის მიუხედავად, რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ხელისუფლება ყველა საერთაშორისო ნორმის დარღვევით, ინტენსიურად აგრძელებს კონფლიქტის ზონებში დღეს დარჩენილი მოსახლეობისათვის რუსეთის მოქალაქეობის მასობრივად, გამარტივებული წესით მინიჭებას;

•        ასევე, მიუხედავად საქართველოს ხელისუფლების არაერთი პროტესტისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მკვეთრად უარყოფითი პოზიციისა, რუსეთის ფედერაციის ცენტრალურმა ხელისუფლებამ ცალმხრივი გადაწყვეტილებით შემოიღო კონფლიქტის ზონებისთვის საქართველოს სხვა რეგიონებისგან განსხვავებული სავიზო რეჟიმი (პრაქტიკულად უვიზო მიმოსვლა დატოვა);

•        საერთაშორისო სამართლის პრინციპების, დსთ-ის ფარგლებში მოქმედი შეთანხმებებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით, ცხინვალსა და სოხუმში უმაღლეს თანამდებობებზე (პრემიერ-მინისტრად, ძალოვან და სამართალდამცავ მინისტრებად, შეიარაღებული ძალების სახეობების უფროსებად და სხვ.) ინიშნებიან რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც ხშირად აგრძელებენ შეთავსებით მუშაობას რუსეთის ფედერაციის ძალოვან უწყებებსა და სპეცსამსახურებში;

•        საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასთან შეუთანხმებლად ხორციელდება რუსეთის ფედერაციის სხვადასხვა დონის სამთავრობო, მათ შორის, ფედერალური დელეგაციების ვიზიტები სოხუმსა და ცხინვალში, იდება შეთანხმებები და ხელშეკრულებები, ხდება პოლიტიკური მნიშვნელობის პროექტების (მაგალითად, მოსკოვი-სოხუმის სარკინიგზო მიმოსვლა) ამოქმედება.

განსაკუთრებით აღმაშფოთებელი გახლდათ 2005 წლის 20 სექტემბერს ცხინვალში გამართული, ე. წ. დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი, რომელზედაც სეპარატისტებმა მოახდინეს დიდი რაოდენობით სამხედრო ტექნიკის დემონსტრირება. ამ ღონისძიებით დაირღვა როგორც 1992 წლის 14 ივნისის სოჭის შეთანხმება, ისე 2004 წლის 5 ნოემბერს სოჭშივე ხელმოწერილი დემილიტარიზაციის დოკუმენტი, რომელთა შესრულების გარანტი სწორედ რუსეთია. აღლუმი იყო არა მხოლოდ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების, არამედ ყველა იმ სახელმწიფოს და საერთაშორისო ორგანიზაციის თავხედური გამოწვევა, რომელიც კონფლიქტის მოგვარებისა და რეგიონის დემილიტარიზაციის პროცესებში მონაწილეობს. 

საქართველოს პარლამენტი მოითხოვს პასუხის გაცემას კითხვაზე – საიდან გაჩნდა ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში, რომლის ადმინისტრაციული საზღვრის მთელი პერიმეტრი მხოლოდ საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიებს ემიჯნება, დიდი რაოდენობით ახალი რუსული მძიმე სამხედრო ტექნიკა? ნათელია, რომ საქართველოს მხრიდან – არა. ეს ტექნიკა, ისევე როგორც გახშირებული სამხედრო წვრთნები, არის ნაწილი იმ გამალებული შეიარაღების პროცესისა, რომელსაც რუსეთი ახორციელებს საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ კონფლიქტურ რეგიონებში. ეს პროცესი იმდენად აშკარაა, რომ ხშირად შუქდება რუსეთის სატელევიზიო არხებით. ცხინვალის აღლუმმა კიდევ ერთხელ აჩვენა, თუ რატომ ეწინააღმდეგება რუსეთის ფედერაციის ხელისუფლება ქართული მხარის მოთხოვნას, რუსეთის ფედერაციისა და ცხინვალის რეგიონის დამაკავშირებელი როკის გვირაბი საერთაშორისო თანამეგობრობამ გააკონტროლოს. კვლავ დადასტურდა, რომ რეგიონში განლაგებული რუსეთის სამშვიდობო ძალები, არსებული ფორმატითა და იდეოლოგიით, არ ემსახურებიან კონფლიქტის მოგვარებასა და რეგიონის დემილიტარიზაციას.

მსგავსი მაგალითები და სხვაგვარი ღია, პოლიტიკური თუ სამხედრო მხარდაჭერა საშუალებას აძლევს სეპარატისტულ ხელისუფლებებს, მოახდინონ საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიციის იგნორირება და გააგრძელონ სამშვიდობო პროცესების ბლოკირება. ნათელია, რომ რუსეთს არ გააჩნია პოლიტიკური ნება, ხელი შეუწყოს საქართველოს ტერიტორიაზე კონფლიქტების მოწესრიგებას.

საქართველოს პარლამენტი აცხადებს – უნდა დასრულდეს საქართველოს ტერიტორიაზე დემოკრატიის „თეთრი ლაქების“, კრიმინალური ანკლავებისა და დიქტატორული რეჟიმების არსებობა, ადამიანთა ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების შელახვა.

საქართველოს პარლამენტი აუცილებლად მიიჩნევს ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი, პოლიტიკური  გზით მოგვარების პროცესში უსწრაფესი პროგრესის მიღწევას.

საქართველოს პარლამენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს ერთიან სახელმწიფოში გარანტირებული იქნება ქვეყნის მკვიდრი აფხაზი და ოსი ეროვნების მოქალაქეების უფლებებისა და თავისუფლებების სრული სპექტრი, უზრუნველყოფილი იქნება მათი თვითმყოფადობის დაცვისა და განვითარებისათვის აუცილებელი ყველა პირობა.  

საქართველოს პარლამენტი იმედოვნებს, რომ რუსეთის ხელისუფლება შეძლებს თავი დააღწიოს მემკვიდრეობით დატოვებული იმპერიული პოლიტიკის სტერეოტიპებს, აქტიურ მონაწილეობას მიიღებს კონფლიქტების მშვიდობიან მოწესრიგებაში და ამით დაამტკიცებს, რომ რუსეთის ფედერაციას სურს, იყოს დემოკრატიული თანამეგობრობის წევრი და ღირსეული პარტნიორი.
 
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი ადგენს:
 
1. აფხაზეთსა და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში განლაგებული სამშვიდობო ძალების საქმიანობა და მოქმედი მანდატით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება შეფასდეს მკვეთრად უარყოფითად.
 
2. დაევალოს საქართველოს მთავრობას, გაააქტიუროს მოლაპარაკებები რუსეთის ფედერაციასთან, შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან და დაინტერესებულ სახელმწიფოებთან ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში განლაგებული სამშვიდობო ძალების მიერ ნაკისრი ვალდებულებების სრულად და განუხრელად შესრულების თაობაზე და 2006 წლის 10 თებერვლამდე მოახსენოს პარლამენტს არსებული მდგომარეობის შესახებ.
 
3. დაევალოს საქართველოს მთავრობას, გაააქტიუროს მოლაპარაკებები რუსეთის ფედერაციასთან, შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან და დაინტერესებულ სახელმწიფოებთან აფხაზეთში განლაგებული სამშვიდობო ძალების მიერ ნაკისრი ვალდებულებების სრულად და განუხრელად შესრულების თაობაზე და 2006 წლის 1 ივლისამდე მოახსენოს პარლამენტს არსებული მდგომარეობის შესახებ.
 
4. საქართველოს პარლამენტი ამ დადგენილების  მე-2 პუნქტით განსაზღვრული პროცესის უარყოფითად შეფასებისა და პროგრესის არარსებობის შემთხვევაში მოითხოვს 2006 წლის 15 თებერვლიდან ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციის შეწყვეტას, აგრეთვე შესაბამისი საერთაშორისო შეთანხმებების და არსებული სტრუქტურების გაუქმებას.
 
5. საქართველოს პარლამენტი ამ დადგენილების  მე-3 პუნქტით განსაზღვრული პროცესის უარყოფითად შეფასებისა და პროგრესის არარსებობის შემთხვევაში მოითხოვს 2006 წლის 15 ივლისიდან აფხაზეთში მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციის შეწყვეტას, აგრეთვე შესაბამისი საერთაშორისო შეთანხმებების და არსებული სტრუქტურების გაუქმებას.
 
6. საქართველოს მთავრობამ საქართველოს პარლამენტის მიერ ამ დადგენილების მე-4 ან/და მე-5 მუხლის/მუხლების შესაბამისად სამშვიდობო ოპერაციების შეწყვეტის მოთხოვნისთანავე მიიღოს ადეკვატური ზომები საქართველოს ტერიტორიიდან შესაბამისი მანდატით მოქმედი რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო ძალების უმოკლეს ვადებში გაყვანისათვის, აგრეთვე ითანამშრომლოს ნებისმიერ სათანადო სტრუქტურასთან კონფლიქტის ზონებში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.
 
7. დაევალოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, უზრუნველყოს შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დაინტერესებული სახელმწიფოების ადეკვატურად ინფორმირება ამ დადგენილების თაობაზე, აგრეთვე გაააქტიუროს მუშაობა საქართველოს სამშვიდობო ინიციატივების მხარდაჭერის მოპოვებისა და ახალი სამშვიდობო ოპერაციების დაწყების მიზნით.
 
8. დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და გენერალურ პროკურატურას, მოახდინონ აქტიური სამართლებრივი რეაგირება სხვა სახელმწიფოების იმ მოქალაქეთა მიმართ, რომლებიც კანონმდებლობის დარღვევით იმყოფებიან საქართველოს ტერიტორიაზე და იკავებენ პოლიტიკურ, ადმინისტრაციულ ან სხვა თანამდებობებს აფხაზეთისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დე-ფაქტო ხელისუფლებების შემადგენლობაში.
 
9. დაევალოს საქართველოს მთავრობას, 2005 წლის 1 დეკემბრამდე წარმოადგინოს საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიციირებული ცხინვალის სამშვიდობო გეგმის რეალიზების დეტალური საგზაო რუკა ყველა პოლიტიკური, უსაფრთხოების, ეკონომიკური, სოციალური, სამართლებრივი, საგანმანათლებლო, კულტურული და სხვა ასპექტის გათვალისწინებით.
 
10. დაევალოს საქართველოს მთავრობას, 2006 წლის 1 მაისამდე ანალოგიურად წარმოადგინოს აფხაზეთის სამშვიდობო გეგმის რეალიზების დეტალური საგზაო რუკა.
 
11. საქართველოს პარლამენტმა შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დაინტერესებულ სახელმწიფოებთან, აფხაზეთისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საზოგადოებრივ წრეებთან და საერთაშორისო ექსპერტებთან დაიწყოს კონსულტაციები სათანადო საკონსტიტუციო ცვლილებების, აგრეთვე სხვა აუცილებელი სამართლებრივი აქტების, მათ შორის, რესტიტუციის კანონის მოსამზადებლად და დროულად მისაღებად.
 
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
ნინო ბურჯანაძე
თბილისი,
2005 წლის 11 ოქტომბერი.

წყარო: საქართველოს პარლამენტი

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
61