Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
კოკოითი ერთობლივი სამშვიდობო გეგმის შემუშავების წინადადებით გამოდის
/ 13 დეკ.'05 / 13:00
"სივილ ჯორჯია"

12 დეკემბერს თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის დარეგულირების ერთობლივი "სამეტაპიანი“ გეგმის შემუშავების წინადადებით გამოვიდა. ცხინვალის ვარიანტით,  ქართულ–ოსური სამშვიდობო პროგრამის მომზადებაში წამყვანი როლი შერეულ საკონტროლო კომისიას (შსკ) ენიჭება, რომელშიც ქართული, რუსული, სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსური მხარეები არიან წარმოდგენილნი.  ამასთან, კოკოითის მიერ გაჟღერებული "სამეტაპიანი“ გეგმა, რომელიც თბილისის ბოლოდროინდელი სამშვიდობო ინიციატივების მსგავსია, კონფლიქტის დარეგულირებაში მონაწილე მხარეებმა უნდა შეიმუშავონ.

“იმის გამო, რომ ქართულ–ოსური კონფლიქტის დარეგულირების შესახებ ცალმხრივად წარმოდგენილი გეგმები დადებით შედეგს არ იძლევა, აუცილებლად მივიჩნევ ერთობლივად შევუდგეთ ქართულ–ოსური პროგრამის მომზადებას, რომელსაც კონფლიქტის სამართლიანი მოგვარება უნდა მოჰყვეს“, – ნათქვამია კოკოითის განცხადებაში.

თბილისისთვის ეს განცხადება "მოულოდნელი“ აღმოჩნდა.

"ჩვენ მივიღეთ ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელმძღვანელის ედუარდ კოკოითის მოულოდნელი წერილი, რომლითაც იგი მიმართავს საქართველოს, რუსეთის და ეუთოს წევრი ქვეყნების პრეზიდენტებს ინიციატივით, რომ დავიწყოთ მუშაობა ერთობლივ სამშვიდობო გეგმაზე. ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ [ცხინვალის]ძირითადი დებულებები იზიარებს იმ სამშვიდობო გეგმას, რომელიც პრეზიდენტ სააკაშვილის ინიციატივით იყო წარდგენილი 2004 წლის გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, შემდეგ კი წარდგენილი იქნა ეუთოს მუდმივ საბჭოზე და საბოლოო ჯამში მხარდაჭერილი იქნა ეუთოს მინისტრერიალზე ლიუბლიანაში გასულ კვირას“, – განაცხადა 13 დეკემბერს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე პრემიერ–მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა. 


ცხინვალმა ეს განცხადება მაშინ გაავრცელა, როცა თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის დედაქალაქს შსკ–ში რუსული მხარის თანათავმჯდომარე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი ვალერი კენიაიკინი სტუმრობდა. რუსი დიპლომატი საქართველოში 8 დეკემბერს შსკ–ს სხდომაში მონაწილეობის მიღების მიზნით ჩამოვიდა, თუმცა სხდომა არ გაიმართა, რადგან თბილისი წინასწარ არ იყო ინფორმირებული შსკ–ს სხდომის დაგეგმვის თაობაზე.

ედუარდ კოკოითის წინადადებას კონფლიქტის დარეგულირების მიზნით ერთობლივი "სამეტაპიანი“ გეგმის შემუშავების თაობაზე, ვალერი კენიაიკინი უკვე მიესალმა და მას "ახალი მიდგომა“ უწოდა.  
 

"სამხრეთ ოსეთის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ წარმოადგინა კონფლიქტის დარეგულირების ახალი მიდგომა, რომლის არსიც მდგომარეობს იმაში, რომ კონფლიქტის მოგვარებაზე ცალმხრივი მოძრაობის პრაქტიკა უკუგდებულ უნდა იქნას და დაიწყოს ერთობლივი ქართულ–ოსური პროგრამის შემუშავება კონფლიქტის დარეგულირების მიზნით“, – განუცხადა კენიაიკინმა ტელეკომპანია "მზეს“.


სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერი შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) ფარგლებში სამუშაო ჯგუფის 2006 წლის 1 თებერვლამდე შექმნის ინიციატივით გამოდის, რომელიც შეიმუშავებს სამშვიდობო პროგრამის კოორდინირებულ ვარიანტს.

 

კოკოითი არაუგვიანეს 2006 წლის 15 თებერვლისა ითხოვს შსკ–ს ფორმატში მხარეთა სრულუფლებიან წარმომადგენელთა მონაწილეობით პროგრამაზე მუშაობის დაწყებას, ხოლო 1 მარტისათვის სამუშაო ჯგუფის მიერ უკვე მომზადებული პროგრამის შსკ–სთვის წარდგენას მისი საბოლოოდ მოწონების მიზნით.

 

კოკოითის მიერ გაჟღერებული კონფლიქტის მოგვარების სამივე ეტაპი თბილისის წინადადებებს სრულად ემთხვევა. კერძოდ, პირველი ეტაპი, ისევე როგორც ეს თბილისის ინიციატივაშია,  იქნება კონფლიქტის ზონის დემილიტარიზაცია, ნდობისა და უსაფრთხოების გარანტიების აღდგენა; მეორე ეტაპი – სოციალურ–ეკონომიკური რეაბილიტაცია; და მესამე ეტაპი – პოლიტიკური დარეგულირება.

 

მნიშვნელოვანი განსხვავება თბილისისა და ცხინვალის მოსაზრებებს შორის შსკ–ს მიმართ დამოკიდებულებაში ვლინდება. მაშინ როცა ქართული მხარე შსკ–ს გაფართოებას მოითხოვს მასში აშშ–ს, ევროკავშირის და ეუთოს სრულუფლებიანი ჩართვის გზით, ცხინვალი არსებული ფორმატის შენარჩუნებაზე, მის გაძლიერებასა და ახალი ფუნქციების მინიჭებაზე აკეთებს აქცენტს.

კოკოითის მოსაზრებით,  შსკ–ს ფორმატში აუცილებელია ასევე სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელთა შეხვედრების გამართვა კონფლიქტის ზონაში მოქმედებთა კოორდინაციის მიზნით.

 

გარდა ამისა დე ფაქტო პრეზიდენტი აუცილებლად მიიჩნევს შსკ–ს ხელშეწყობის მიზნით არაფორმალური სტრუქტურის შექმნას, რომელშიც კონფლიქტის დარეგულირების საკითხებზე მომუშავე კანონმდებლები იქნებიან ჩართულები. კოკოითი ასევე [ქართველ და ოს] დეპუტატებს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებისა და ინტელიგენციის წარმომადგენელთა შეხვედრების საჭიროებაზეც საუბრობს.

 

დე ფაქტო ლიდერი ასევე აცხადებს, რომ უნდა დაიწყოს ეკონომიკურად ხელსაყრელი ზონის შესახებ კონცეფციის შემუშავება, რომელმაც შესაძლოა მოიცვას ჩრდილოეთ ოსეთის ალაგირის რაიონი, სამხრეთ ოსეთი მთლიანად და გორის რაიონი.

 

სამშვიდობო გეგმის მეორე, ეკონომიკური ფაზის კონტექსტში კოკოითი ასევე საუბრობს კონფლიქტის ზონაში ევროკომისიისა და ეუთოს მიერ დაფინანსებული ეკონომიკური პროექტების განსახორციელებლად შესაბამისი პირობების შექმნაზე.

 

ედუარდ კოკოთი მოითხოვს 1989–92 წლებში მომხდარი მოვლენების და 2004 წლის აგვისტოში მხარეებს შორის შეიარაღებული დაპირისპირების პოლიტიკურ–სამართლებრივ შეფასებას; თბილისის მიერ რესტიტუციის შესახებ  კანონის მიღებას და საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე მხარეთა მიერ ვალდებულების აღებას იმის თაობაზე, რომ კონფლიქტის ზონაში არ იქნება გამოყენებული თავდასხმითი პოტენციალი და სამხედრო ძალა.

 

თუმცა კოკოითი პოლიტიკური დარეგულირების ეტაპის აღწერისას, არაფერს ამბობს თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის მომავალ სტატუსზე.

 

15–16 დეკემბერს ლიუბლიანაში გამართულ შსკ–ს სხდომაზე გაჟღერებულ ინიციატივას პუტინი–სააკაშვილი–კოკოითის მაღალი დონის შეხვედრასთან დაკავშირებით დე ფაქტო ლიდერი 12 დეკემბრის განცხადებაში კიდევ ერთხელ იმეორებს და აცხადებს, რომ "[კონფლიქტის დარეგულირების] ერთობლივი პროგრამა შეიძლებოდა მხარეთა მაღალი პოლიტიკური ხელმძღვანელების შეხვედრაზე განხილვის საფუძველი გამხდარიყო“. 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
9