Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
რუსეთის მინიშნებებს სამხრეთ ოსეთის თვითგამორკვევის უფლებაზე თბილისში პროვოკაციის ნაწილად აფასებენ
/ 2 ივნ.'06 / 14:41
გიორგი სეფაშვილი, ნინო ხუციძე, "სივილ ჯორჯია"

რუსეთმა ნათლად მიანიშნა, რომ თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის უფლება თვითგამორკვევაზე ნაკლები მნიშვნელობის არ არის, ვიდრე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. ეს განცხადება თბილისში აღიქვეს, როგორც მოსკოვის კარგად დაგეგმილი კამპანიის ნაწილი, რომლის მთავარი მიზანია დესტაბილიზაციის გამოწვევით საქართველოს ნატოში ინტეგრაციის შეფერხება.

1 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე ხაზი გაუსვა, რომ "ჩვენ პატივს ვცემთ ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს. მაგრამ ჯერ–ჯერობით ეს მთლიანობა საქართველოსთან მიმართებაში – უფრო მეტად შესაძლო მდგომარეობაა, ვიდრე სახეზე არსებული პოლიტიკურ–სამართლებრივი რეალობა. და მისი შექმნა შესაძლებელია მხოლოდ რთული მოლაპარაკებების შედეგად“.

ამ განცხადებებზე თბილისმა რეაგირება მოახდინა.

"მეზობელი ქვეყნისადმი ამგვარი დამოკიდებულება და აპელირება თვითგამორკვევის პრინციპისადმი, საფრთხეს უქმნის, რუსეთის ისტორიული გამოცდილების გათვალისწინებით, მისივე ტერიტორიულ მთლიანობას“, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 1 ივნისს.

სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში სიტუაციის დაძაბვა, სადაც ბოლო 4 თვის განმავლობაში ვითარება სტაბილური იყო, 27 მაისს მომხდარი ინციდენტით დაიწყო, როცა ქართველმა სამართალდამცავებმა რამდენიმე ქართველის მოკლევადიან დაკავებას გადამეტებული რეაქციით უპასუხეს და  ათობით ეთნიკური ოსი დააკავეს, რასაც ცხინვალის მილიციის მიერ კვლავ ოთხი ქართველის დაკავება მოჰყვა.

შედეგად, 28 მაისს ორივე მხარემ დაკავებულები გაათავისუფლეს, თუმცა ეს ინციდენტი დაემთხვა კონფლიქტის ზონაში რუსი სამშვიდობოების როტაციას, რამაც თბილისსა და მოსკოვს შორის სიტყვების ომი გააჩაღა. ქართულმა მხარემ  რუსეთი კონფლიქტის ზონაში როკის გვირაბის უკონტროლო მონაკვეთის გავლით დამატებითი ძალების შეყვანაში დაადანაშულა.

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ კოტე გაბაშვილმა განაცხადა, რომ ცხინვალის რეგიონის ბოლოდროინდელი ინციდენტები, მათ შორის "ე.წ. როტაცია“ და სამხრეთ ოსეთის თვითგამორკვევის უფლებაზე მოსკოვის განცხადებები, ის "პროვოკაციული“ ნაბიჯებია, რაზეც რუსეთი ცდილობს საქართველო წამოაგოს, რათა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ძალისმიერი გზით დაიწყოს.

"ეს გეგმიური პროვოკაციები დაკავშირებულია და არის პასუხი ნატოში ჩვენს სწაფვაზე. მთავარი იდეაა, რომ რუსეთმა დასავლეთის თვალში ჩვენი დისკრედიტაციით როგორმე შეაჩეროს ნატოში ჩვენი ინტეგრაცია. მაგრამ ჩვენ ამ პროვოკაციებს, რომელიც ჩვენი ინფორმაციით, მრავლად იქნება ზაფხულში და შეიძლება შემოდგომაზეც გაგრძელდეს, არ წამოვეგებით და დიპლომატიური მეთოდებით შევეცდებით სიტუაციის განმუხტვას“, - განუცხადა 2 ივნისს "სივილ ჯორჯიას“ კოტე გაბაშვილმა.

თბილისს სერიოზული სტიმული მისცა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ 30 მაისს პარიზში მიღებულმა რეზოლუციამ, რომელიც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების მთავრობებს რეკომენდაციას აძლევს დაიწყოს ინტენსიური დიალოგი საქართველოსთან ამ ზაფხულს.

გაბაშვილმა ასევე დააკნინა თვითგამორკვევის პრინციპზე რუსეთის განცხადებები და აღნიშნა, რომ "გამორიცხულია რუსეთმა სამხრეთ ოსეთის აღიარება მოახდინოს“.

კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ თვითგამორკვევის პრინციპის წინ წამოწევა არის "თავხედური გამოხდომა“ და გათვლილია საქართველოს პროვოცირებაზე, რათა მკაცრი ნაბიჯების გადადგას სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში.

პოლიტიკური ანალიტიკოსის შალვა ფიჩხაძის შეფასებით, ამგვარი განცხადებების კეთებით "რუსეთის პოლიტიკა უფრო დაშინება და თითის ქნევაა, ვიდრე რეალურად თვითგამოცხადებული რეგიონების აღიარების შესაძლებლობა“.

"ვფიქრობ, რომ ეს არის რუსეთის პრეზიდენტის [ვლადიმერ პუტინის] იმ უნივერსალურობის პოლიტიკის ნაწილი, როცა კოსოვოსთან ერთ კონტექსტში წამოწია სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საკითხები“, - განუცხადა ფიჩხაძემ "სივილ ჯორჯია“.

მაგრამ გაზეთ "24 საათში“ გამოქვეყნებულ ინტერვიუში რუსეთის სამხედრო ექსპერტი პაველ ფელგენგაუერი ვარაუდობს, რომ "ყველაფერი ომისკენ მიდის“.

"ძალიან დიდი ალბათობა არსებობს, რომ ამ ზაფხულს სამხედრო დაპირისპირება დაიწყება“, - განაცხადა ფელგენგაუერმა.

კოტე გაბაშვილის განცხადებით, საქართველო არ დაუშვებს სიტუაციის კონტროლიდან გამოსვლას.

"დარწმუნებული ვარ, რომ [ცხინვალის რეგიონში] ეს დაძაბულობა 2-3 დღეში გაივლის და სტატუს კვო აღდგება“, - განუცხადა მან "სივილ ჯორჯიას“. 

კოტე გაბაშვილის თქმით, თბილისი ასევე ფრთხილად ეკიდება პარლამენტის 15 თებერვლის დადგენილების ამოქმედებას, რომელიც ავალებს მთავრობას ცხინვალის რეგიონში განლაგებული რუსი სამშვიდობოები უფრო ეფექტური საერთაშორისო ოპერაციით ჩაანაცვლოს.

“რატომ არ კეთდება ეს ჩქარა? ზოგი იკითხავს. იმიტომ, რომ ჩვენ არ გვინდა [რუსი სამშვიდობოების] გაყვანას სამხედრო ესკალაცია მოყვეს და დიპლომატიური მეთოდებით ვცდილობთ ამის მიღწევას“, - განაცხადა გაბაშვილმა.

მისი თქმით, არც იმის დროა ჯერ მოსული, რომ საქართველო 1992 წლის სოჭის იმ ხელშეკრულებიდან გამოვიდეს, რომელზეც მოქმედი სამშვიდობო და მოლაპარაკებების ფორმატებია დაფუძნებული, რადგან "ჯერ კიდევ არის შანსი, რომ მისგან რაიმე სარგებელი ვნახოთ“.

"თუნდაც ბრიუსელში დაგეგმილი დონორთა კონფერენციის დროს“, - დასძენს გაბაშვილი.

ბრიუსელში დონორთა კონფერენციას, სადაც დაახლოებით 10 მლნ ევროს გამოყოფის საკითხი უნდა გადაწყდეს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონის ეკონომიკური რეაბილიტაციისათვის, უახლოეს მომავალში ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე კარელ დე გუხტი უმასპინძლებს.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2022, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
9