Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პუტინი-სააკაშვილის შეხვედრის მთავარი თემა სავარაუდოდ კონფლიქტები იქნება
/ 5 ივნ.'06 / 16:28
სივილ ჯორჯია

ქართველი ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის მომავალ კვირას დაგეგმილი შეხვედრა ოდნავ მაინც განმუხტავს ორ მეზობელს შორის არსებულ მწვავე რიტორიკას, თუმცა, ამას სავარაუდოდ ხანმოკლე ეფექტი ექნება.

პრეზიდენტი პუტინი თავის ქართველ კოლეგას მიხეილ სააკაშვილს 13 ივნისს სანკტ-პეტერბურგში უმასპინძლებს. პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე ორმხრივ ურთიერთობებში არსებული "მწვავე საკითხები" იქნება განხილული, რაც, მისი თქმით, საქართველოს კიდევ ერთი მცდელობაა მეგობრობის ხელი გაუწოდოს რუსეთს. პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის "აბსოლუტური ხელშეუხებლობის“ პრინციპს უნდა დაეფუძნოს. საქართველოს სხვა ოფიციალურმა პირებმა ასევე მიანიშნეს, რომ შეხვედრის მთავარი თემა სეპარატისტული კონფლიქტები იქნება.

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის პრეზიდენტი ალექსანდრე რონდელი აცხადებს, რომ პირისპირ შეხვედრა თავისთავად პოზიტიური ნაბიჯია, განსაკუთრებით იმ ურთიერთობების ფონზე, "როცა არის უკიდურესი, ლამის მტრობაში გადასული დაპირისპირება ორ ქვეყანას შორის“.

"თუმცა არა მგონია, რომ ან იმათი ან ჩვენი პრინციპული პოზიცია შეცვალოს ამ შეხვედრამ“, - განუცხადა რონდელმა "სივილ ჯორჯიას“ 5 ივნისს.

მისი თქმით, რუსეთს სეპარატისტული კონფლიქტების გადაწყვეტა ჯერ არ უნდა.

"არა მგონია, რომ კონფლიქტების მოგვარების მხრივ რაიმე წინსვლა მოხდეს ამ შეხვედრის შედეგად, რადგან ამ საკითხში რუსეთი მონოპოლისტია და საქართველოს დასავლური ორიენტაციის შეცვლაზე გავლენის მოსახდენად ამ ბერკეტებს ხელიდან არ გაუშვებს“, - დასძინა რონდელმა.

გაზეთ "24 საათში“ 5 ივნისს გამოქვეყნებულ სტატიაში ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს“ ხელმძღვანელი დავით დარჩიაშვილი ასევე უსვამს ხაზს კავშირს საქართველოს დასავლურ ორიენტაციასა და სეპარატისტული კონფლიქტების მოგვარებას შორის.

მისი თქმით, საქართველოს ორი ძირითადი პრიორიტეტი აქვს: ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა და ნატოში წევრობა.

დარჩიაშვილი ვარაუდობს, რომ საქართველოს ევროატლანტიკული მისწრაფება რუსეთისთვის ყველაზე მგრძნობიარე საკითხია და მოსკოვი "შესაძლოა, ჩვენს პირველ ინტერესს [ტერიტორიულ მთლიანობას] უფრო მეტი გაგებით მოეკიდოს, თუ მეორეზე უფრო თავშეკავებულნი ვიქნებით".

"საქართველოს ხელისუფლება არც ერთ ამ ინტერესთაგანზე უარის თქმას არ აპირებს. შესაბამისად, რუსეთთან მოლაპარაკებები რთული იყო და ისევ რთული იქნება", - აცხადებს დარჩიაშვილი.

მისი თქმით, საქართველოს პოზიცია რუსეთის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებების დროს ძლიერ მხარდაჭერას მოიპოვებს, თუ საქართველოს საზოგადოების შიგნით იქნება მყარი შეთანხმება შემდეგ პრინციპზე: "ქართული მხარე დათანხმდეს აფხაზებთან ერთად განიხილოს ნებისმიერი საკითხი, დაიწყოს თანამშრომლობა პარიტეტულ დონეზე ერთი პირობით  - სტატუსის საკითხის საბოლოო გადაწყვეტა გადაიდოს".

დარჩიაშვილის განცხადებით, მომდევნო ნაბიჯი უნდა იყოს ორმხრივი მოლაპარაკებები სააკაშვილსა და აფხაზეთის ლიდერს სერგეი ბაღაფშს შორის.  
 
დავით აფრასიძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკურ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ასევე ფიქრობს, რომ რაიმე საგრძნობი პროგრესი კონფლიქტების მოგვარების საკითხთან დაკავშირებით მოსალოდნელი არ არის პრეზიდენტების შეხვედრიდან.

"პრობლემების, მათ შორის კონფლიქტების, სისტემურად მოგვარება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მას შემდეგ, რაც საქართველოს ნატოში შესვლის საკითხი გაირკვევა“, - განაცხადა აფრასიძემ.

მისი თქმით, მომავალი შეხვედრა მხოლოდ დროებით შეწყვეტს ბრალდებების ურთიერთგაცვლას მოსკოვსა და თბილისს შორის. 

"ჩვენთვის ეს შეხვედრა იმით არის მნიშვნელოვანი, რომ გამკაცრებული რიტორიკა რუსეთის მხრიდან - განცხადებები თვითგამორკვევის შესახებ, ჩერნოგორია-კოსოვოს მაგალითებით ტირაჟირება - დროებით შერბილდება, თუმცა დღის წესრიგიდან არ მოიხსნება. არა მგონია, რომ ამ შეხვედრაზე წინ წაიწიოს კონფლიქტების მოგვარების საკითხმა“, - განუცხადა აფრასიძემ "სივილ ჯორჯიას“ 5 ივნისს, თან იქვე დასძინა, რომ ნაკლებ სავარაუდოა, რომ ღვინის, მინერალური წყლის ან სავიზო რეჟიმის საკითხების მოგვარება მაინც მოხერხდეს.

ზოგიერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მიესალმა ორ პრეზიდენტს შორის დაგეგმილ შეხვედრას.

"შეიძლება სრულიად სიმბოლური ხასიათის შეხვედრა იყოს, თუმცა ფაქტი მართლაც კარგია, როცა ორ სახელმწიფოს შორის გართულებული ურთიერთობების ფონზე, დიალოგის რესურსი ჩნდება“ - განუცხადა დეპუტატმა ფიქრია ჩიხრაძემ ახალი მემარჯვენეებიდან  5 ივნისს "სივილ ჯორჯიას“.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
9