პრეზიდენტმა სააკაშვილმა 31 აგვისტოს ქართული ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ აპირებს მათ მიმართ "მსუბუქი რეკეტის" გატარებას. კერძოდ, პრეზიდენტმა თხოვნით მიმართა ბიზნესმენებს თითოეულმა შეიძინოს მინიმუმ 10 ტონა ყურძენი, რათა ხელი შეუწყონ რუსეთის იმ გადაწყვეტილების სიმძიმის შერბილებას, რომლის მიხედვითაც საქართველოდან ღვინის იმპორტი რუსეთში აიკრძალა.
მიხეილ სააკაშვილმა ბიზნესმენებთან შეხვედრა, რომელიც სატელევიზიო ეთერში პირდაპირ გადაიცა, კახეთში, საგარეჯოს რაიონის ერთ–ერთ ვენახში გამართა.
პრეზიდენტმა ბიზნესმენებს განუცხადა, რომ რუსეთის მიზნებში შედის საქართველოს მთავრობის შეცვლა და ამ პოლიტიკის ნაწილია სოციალური მღელვარების გამოწვევის მცდელობა და ქართული ღვინის იმპორტის აკრძალვა.
ცხადია, რომ კახელებს ყურძნის გაყიდვაში მნიშვნელოვანი პრობლემები შეექმნებათ, რადგან ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები იმავე რაოდენობით ყურძენს ვეღარ შეიძენენ, რამდენსაც გასულ წელს იმიტომ, რომ მარტიდან რუსული ბაზარი ქართული ღვინისთვის დახურულია.
ამიტომაც ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს თავიდან აიცილოს მევენახეების შესაძლო პროტესტი, განსაკუთრებით კი კარს მომდგარი 5 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ.
"არავინ არაფერს არ გაძალებთ და არ გაშინებთ. სახელმწიფო რეკეტი დამთავრდა. დღეს მე მინდა განვახორციელო თქვენთან მსუბუქი რეკეტი პირველად და უკანასკნელად. გთავაზობთ, რომ თითოეულმა თქვენმა კომპანიამ იყიდოს წელს 10 ტონა ყურძენი კახეთში და წაიღეთ და თუ გინდათ თანამშრომლებს აჭამეთ, თუ გინდათ დაწურეთ და დალიეთ“, – მიმართა სააკაშვილმა ბიზნესმენებს.
"პრაქტიულად ჩვენს წინააღმდეგ გამოცხადდა ეკონომიკური ომი. ეს არ არის ჩვეულებრივი სიტუაცია... მე ვავალებს პრემიერ–მინისტრ [ზურაბ] ნოღაიდელს, რომ იყოს რთველის კოორდინატორი მთლიანად კახეთში. გამოვყავით ჩვენ მინისტრები: ნოღაიდელი, მიხეილ სვიმონიშვილი [სოფლის მეურნეობის მინისტრი], ვანო მერაბიშვილი – შინაგან საქმეთა მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი – თავდაცვის მინისტრი და ზურაბ ადეიშვილი – გენერალური პროკურორი 5 ძირითადი რაიონისთვის, ესაა: საგარეჯო, გურჯაანი, თელავი, ყვარელი, სიღნაღი“, – დასძინა მან.
პრეზიდენტის თქმით, თავად სახელმწიფო არ იყიდის ყურძენს, მაგრამ შეუძლია შეუქმნას ხელსაყრელი პირობები მევენახეებს მოსავლის გასაყიდად, რუსული "ემბარგოს" მიუხედავად.
"ჩვენ წლევანდელი რთველი უნდა გადავაგოროთ მინიმალური დანაკარგებით და მტერს არ უნდა გავუხაროთ გული და მივაღწევინოთ თავის მიზანს... ჩვენ არ უნდა დავანახოთ მტერს ჩვენი მევენახეების პროტესტი“, – განაცხადა სააკაშვილმა.
მკაცრი ტონი რუსეთის მიმართ
ბიზნესმენებთან შეხვედრაზე პრეზიდენტმა რუსეთზე მკაცრად ისაუბრა და მოსკოვის "პოლიტიკური ისტებლიშმენტი“ ქართული სახელმწიფოსათვის პრობლემების მიზანმიმართულად შექმნაში დაადანაშაულა.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა ბიზნესმენებს განუცხადა, რომ ქართული სახელმწიფო აღარ ატერორებს ბიზნესს, როგორც ეს იყო ექს–პრეზიდენტ შევარდნაძის მმართველობის პერიოდში, მაგრამ ბიზნესს ახალი დამტერორებელი გამოუჩნდა.
"სამწუხაროდ, ეს არის ჩვენი მეზობლის რუსეთის პოლიტიკური ისტებლიშმენტი“, – განაცხადა მან.
"რუსეთს აქვს საქართველოსადმი ბოლო წლებში სამწუხაროდ მტკიცედ გამოხატული პოლიტიკა – მე მინდა დავიჯერო, რომ ეს არის მხოლოდ რუსეთის ხელისუფლების ერთი ნაწილის პოლიტიკა, მაგრამ პოლიტიკა სახეზეა. პოლიტიკა არის ძალიან მარტივი: არ მივცეთ საშულება საქართველოს წამოყოს თავი, გაიმართოს წელში და აღადგინოს ტერიტორიული მთლიანობა“, – განაცხადა სააკაშვილმა.
“რუსეთში ნათლად არის გამოხატული პოლიტიკა, რაც შეიძლება ჩქარა საქართველოში ხელისუფლების შეცვლის. და ამას ახორციელებენ ძალიან მარტივად: საქართველო უნდა მოვახჩოთ იმისათვის, რომ ქართველმა ხალხმა ირწმუნოს, რომ აზრი არ აქვს ბრძოლას თავისუფლებისათვის, აფხაზეთში კანონიერების აღდგენისათვის, გადააგდოს ეს მთავრობა და მოხოხდეს ისევ მუხლებზე დაგვიჩოქოს, დაგვიკოცნოს ფეხის თითები და თან სანაცვლოდ კი არაფერს არ გვპირდებიან, მე ვიცი ეს, საუბრები ხომ გვქონდა. გვეუბნებიან, ხომ ცუდად გაქვთ საქმე, მაგრამ მთავარია ამაზე ცუდად არ იყოთ, ვიდრე დღეს ხართო – აი ეს იყო ჩემი ბოლო საუბრები ჩვენ პარტნიორებთან რუსეთში“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისი თქმით, რუსეთი საქართველოსთან ზემო ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტის ჩაკეტვით სომხეთის გაფრთხილებასაც ისახავდა მიზნად.
“იმიტომ, რომ სომხეთსაც ეუბნებიან, რომ ერთად განვახორციელოთ რამე გეგმები, მაგრამ რა თქმა უნდა, ამაზე ვერავის ვერ დაითანხმებენ, მაგრამ ასეთი მცდელობა არის“, – განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა.
მისი განცხადებით, რუსეთს საქართველოში თავისი დასაყრდენი აქვს, რომელიც უადვილებს მოსკოვს თბილისის მიმართ არსებული გეგმების განხორციელებას.
"ის პარტიები, რომლებიც გამოდიან და იძახიან, რომ საქართველოს ხელისუფლებამ კახელ გლეხებს ჩაუკეტა ღვინის ბაზარი, ისინი არიან რუსეთის წარმომადგენლები... ასევე ის საინფორმაციო საშუალებები, რომლითაც წავა უახლოეს დღეებში იმის პროპაგანდა, რომ თუ რთველზე რაღაც პრობლემებია, ეს არის იმის გამო, რომ მთავრობა არასწორად მოიქცა“, – განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, შექმნილ სიტუაციაში ერთადერთი გამოსავალი არის ქართული ღვინისათვის ალტერნატიული ბაზრების მოძიება.
"როდის გაიხსნება იგივე ღვინის ბაზარი რუსეთის მხრიდან? ძალიან მარტივი პასუხი არსებობს: როგორც კი დარწმუნდებიან, რომ საქართველო არ დაინგრა, აი მაშინვე გაიხსნება რუსეთის ღვინის ბაზარი... ეს ბაზარი გაიხსნება, როცა რუსეთი დაინახავს, რომ საქართველოს უკვე აქვს ალტერნატიული ბაზრები“, – განაცხადა სააკაშვილმა.
"უყვართ ეს ქართული ღვინო [რუსეთში], მაგრამ კიდევ უფრო მეტად უნდათ, რომ ჩვენ ვიყოთ ცუდად. კი მათ ენატრებათ ქართული ღვინო, მაგრამ ამბობენ, რომ მოვითმინოთ და ჯერ გადავაგდოთ [საქართველოს მთავრობა]“, – დასძინა სააკაშვილმა.
პრეზიდენტის განცხადებთ, საქართველო არც კი ეცდება, რომ რუსეთთან ბაზრის გახსნის თაობაზე მოლაპარაკებები აწარმოოს.
“ეს მათ აფიქრებინებთ, რომ რომ სწორ გზას ადგანან“, – განაცხადა სააკაშვილმა.
"აზრი არ აქვს მტაცებელთან მოლაპარაკებების გამართვას... ერთადერთი რაც შეიძლება გავაკეთოთ არის ის, რომ ყოველგვარი რიტოტიკისა და გაღიზიანების გარეშე ვთქვათ, რომ ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ საქმეს გავაკეთებთ“, – დასძინა მან.
“მე მინდა ვუთხრა ჩვენ კახელ გლეხებს, რომ წელს პრობლემები იქნება ძმებო... მთავარი ახლა არის, რომ მათ [რუსეთში] ვერ გაიგონონ ჩვენი წუწუნი; მთავარია, რომ ეყოთ სინდისი ჩვენ ჟურნალისტებს ისე გააშუქონ ეს ყველაფერი, რომ მათ ვერ დაინახონ [მოსკოვში], რომ მიაღწიეს თავიანთ მიზანს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
მიხეილ სააკაშვილმა თავისი გამოსვლის დასასრულს თხოვა თბილისის მერს გიგი უგულავას, რომელიც ამჟამად მერის არჩევითი პოსტის ხელახლა დასაკავებლად წინასაარჩვენო კამპანიას აწარმოებს, რომ გაეხმოვანებინა ახალი ინიციატივა. უგულავამ განუცხადა ბიზნესმენებს, რომ თბილისის მერია შეიძენს იმაზე ორჯერ მეტი რაოდენობის ყურძენს, რამდენსაც იყიდიან ბიზნესმენები. მისი თქმით, ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს მძიმე მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის დახმარებას.