Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
არჩევნებზე დამკვირვებელი ორგანიზაციები შუალედურ დასკვნებს აქვეყნებენ
/ 3 ოქტ.'06 / 16:41

წინასაარჩევნო პერიოდში მთავარი პრობლემები 5 ოქტომბერს დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემჭიდროებულმა ვადებმა გამოიწვია; უზუსტობები ამომრჩეველთა სიებში კვლავ რჩება საკითხად, რომელსაც  მოგვარება სჭირდება, ნათქვამია ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ჯგუფების შუალედურ დასკვნებში. 

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა(ODIHR), რომელმაც არჩევნებამდე საქართველოში დამკვირვებელთა შეზღუდული მისია გამოაგზავნა,  თავის შუალედურ მოხსენებაში განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებისთვის ტექნიკური მზადება მიმდინარეობს, "ცესკო სირთულეების წინაშე დგას მჭიდრო ვადების გამო“ .

ხელისუფლებამ არჩევნების დღე 27 აგვისტოს გამოაცხადა, რამაც "საარჩევნო ადმინისტრაცია ვადებში მნიშვნელოვნად შეზღუდა და ცესკო-მ ვერ შეძლო, რიგ შემთხვევებში, ვადებში ჩატევა“. 

"ცესკო-მ ვერ შეძლო გაერკვია საარჩევნო კოდექსის ბუნდოვანი მხარეები, საარჩევნო კამპანიისთვის თანმიმდევრულად და დროულად სახსრების გამოყოფის მოთხოვნასთან დაკავშირებით. შედეგად, ზოგიერთ მაჟორიტარ კანდიდატს რეგისტრაციაზე უარი ეთქვა. საბოლოო ჯამში, ზოგიერთ მაჟორიტარულ ოლქში მხოლოდ ერთი კანდიდატი დარეგისტრირდა“, - ნათქვამია ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის შუალედურ მოხსენებაში. 

საერთაშორისო დამკვირვებლები ასევე აღნიშნავენ, რომ ზოგ რაიონში საოლქო საარჩევნო კომისია იგივე შენობაშია განთავსებული, სადაც გამგეობა, ცალკეულ რაიონებში კი ნაციონალური მოძრაობის ოფისი და გამგეობა ერთ შენობაში მდებარეობს.

"ეს საოლქო საარჩევნო კომისიას, ადგილობრივ ადმინისტრაციას და მმართველ პარტიას შორის ზღვარის გავლებას ართულებს“, - ნათქვამია მოხსენებაში. 

რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ, რესპუბლიკური და კონსერვატორული პარტიების საარჩევნო კოალიციის ჩათვლით, მმართველი პარტიის წარმომადგენლები ზოგიერთ ოლქში, მათ შორის ბათუმში, საარჩევნო ადმინისტრაციის წევრებისთვის "მითითებების“ მიცემაში დაადანაშაულა.

ადგილობრივი დამკვირვებლები ანალოგიურ პრობლემებს უსვამენ ხაზს, თუმცა აცხადებენ, რომ გასული წლებისგან განსხვავებით, ცესკო უფრო მეტი ენთუზიაზმით თანამშრომლობს სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან და პოლიტიკურ პარტიებთან.

"მიუხედავად მთელი რიგი პრობლემებისა, პროგრესი სახეზეა. არსებობს ცესკოს და უფრო დაბალი დონის საარჩევნო ადმინისტრაციების მზადყოფნა თანამშრომლობაზე. თუმცა, მაინც რჩება უბნები, სადაც საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლები თანამშრომლობაზე არ მოდიან“, - განუცხადა "ახალი თაობა - ახალი ინიციატივა“–ს წარმომადგენელმა კოკი იონათამიშვილმა "სივილ ჯორჯიას“.

თუმცა, მან ასევე აღნიშნა, რომ ზოგიერთი საარჩევნო უბანი ტექნიკურად არ არის მზად არჩევნებისთვის.

არჩევნების წინ კიდევ ერთ სერიოზულ პრობლემად ამომრჩეველთა სიებში არსებული უზუსტობები რჩება.

ამომრჩეველთა ოფიციალურად გამოცხადებული რაოდენობა - 3 201 168, "წარმოადგენს წინა არჩევნებთან შედარებით მნიშვნელოვან ზრდას“, ნათქვამია ეუთოს ოფისის მოხსენებაში.

"თბილისში ეუთოს ოფისის შეზღუდულმა სადამკვირვებლო მისიამ აღნიშნა, რომ თითოეულ ოლქში სიებში შეყვანილ ამომრჩეველთა გარკვეულ რაოდენობას მითითებული არ აქვს მისამართები“, - ნათქვამია მოხსენებაში.

ოპოზიციურმა პარტიები ასევე სკეპტიკურად უყურებენ ამომრჩეველთა სიების სიზუსტეს.

საარჩევნო სადამკვირვებლო ორგანიზაციამ "ახალი თაობა - ახალი ინიციატივა“ განაცხადა, რომ ცდომილება ამომრჩეველთა სიებში 8%-ს აღწევს. სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების განცხადებით კი, ეს ზღვარი უფრო მაღალია.

თუმცა, ცესკო–მ ეს განცხადებები ყურადღების მიღმა დატოვა.

"მსოფლიო პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით სიებში ცდომილება მერყეობს 2-დან 8%-მდე. ჩვენს მიერ წარმოდგენილი საარჩევნო სია სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს“, - განაცხადა ცესკო-ს თავმჯდომარემ გურამ ჩალაგაშვილმა 25 სექტემბერს.

მედიის მიერ წინასაარჩევნო პროცესების გაშუქება

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის დამკვირვებელთა მისიამ აღნიშნა, რომ წინასაარჩევნო კამპანია მცირემასშტაბიანია, თუმცა განაცხადა, რომ თბილისის ახლანდელი მერი გიგი უგულავა საკმაოდ აქტიურად ჩანს.

"მისი საარჩევნო კამპანიის პარალელურად, სახელმწიფო და მუნიციპალურმა ხელისუფლებამ დაიწყო კარგად რეკლამირებული სოციალური დახმარების პროგრამების განხორციელება“, - ნათქვამია მოხსენებაში.

მედიაში არჩევნებთან დაკავშირებული მოვლენები ნაკლებად გაშუქდა.
"თუმცა, სოციალური დახმარების პროგრამები და ხელისუფლების სხვა ქმედებები ფართოდ იქნა გაშუქებული“, - ნათქვამია მოხსენებაში.

მოხსენების თანახმად, ტელეკომპანია "რუსთავი 2“-მა პოლიტიკური ამბებისთვის გათვალისწინებული საეთერო დროის 36% მთავრობას და 30% კი პრეზიდენტს დაუთმო. ანალოგიური შეფარდებაა საზოგადოებრივ მაუწყებელშიც.    

"ორივე არხის ინფორმაცია ხელისუფლების შესახებ  ნეიტრალური ან პოზიტიური იყო. გაზეთებმა მკითხველებს უფრო კრიტიკული მიდგომა შესთავაზეს.  თუმცა, მცირე ტირაჟის გამო ისინი მკითხველთა მხოლოდ შეზღუდულ რაოდენობას მოიცავენ “, - ნათქვამია მოხსენებაში.

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2022, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
9