ევროკავშირი განიხილავს შესაძლებლობას, თუ თუ როგორ შეიძლება სოხუმმა და ცხინვალმა თბილისთან ერთად სარგებელი ნახონ ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკიდან , რაც ასევე ხელს შეუწყობს ნდობის აღდგენას მხარეებს შორის, განაცხადეს ევროკავშირის ოფიციალურმა პირებმა 22 იანვარს, საქართველოში ერთკვირიანი ვიზიტის შეჯამებისას.
ევროკავშირის შემსწავლელი მისია, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ ევროკომისიის აღმოსავლეთ ევროპის, სამხრეთ კავკასიის და აზიის დირექტორატის დირექტორი ჰიუ მინგარელი და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი პიტერ სემნები, საქართველოს 15-22 იანვარს ესტუმრა. ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია ასევე იმყოფებოდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებში.
მისიის შეფასებები რამდენიმე კვირაში ბრიუსელში განიხილება, რის საფუძველზეც კონკრეტული რეკომენდაციები დაიდება, განაცხადა პიტერ სემნებიმ 22 იანვარს თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე.
"მისიის მიზანი იყო დაგვენახა, თუ უფრო მეტი რა შეუძლია გააკეთოს ევროკავშირმა კონფლიქტის მოსაგვარებლად და ნდობის აღსადგენად“, - განაცხადა საქართველოში ევროკომისიის დელეგაციის ხელმძღვანელმა პერ ეკლუნდმა პრესკონფერენციაზე.
ევროკავშირის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ კონკრეტულ ღონისძიებებზე რეკომენდაციებს "არსებული მექანიზმების ფარგლებში“ შეიმუშავებენ.
"დელეგაციის მიზანი არ იყო ბორბლის ხელახლა გამოგონება. მისია იმას უნდა დაფუძნებოდა, რასაც ევროკავშირი უკვე აკეთებს ადგილზე, საქართველოში. ამაში იგულისხმება ევროპის სამეზობლო პოლიტიკა და ამ პოლიტიკის მხარდამჭერი ფინანსური მექანიზმი. ამაში ასევე შედის მესაზღვრეთა მოსამზადებელი ჯგუფი, რომელიც აქ არის, საქართველოში უკვე ორი წელიწადია“, - განაცხადა პიტერ სემნებიმ.
"ეს ის მექანიზმებია, რომლებიც უკვე გამოიყენება საქართველოში და რომლებიც უკვე შეთანხმებულია საქართველოსთან. მიზანი იყო, რომ ეს პროექტები, რომელიც ხორციელდება საქართველოსთან მიმართებაში და რომელიც ამიერიდან უნდა უნდა განხორციელდეს, გავრცელდეს ისეთ კონკრეტულ რეგიონებზე როგორიც არის აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, რათა ამან ხელი შეუწყოს კონფლიქტების დარეგულირებას ამ რეგიონში. ეს ყველაფერი ემყარება იმ უდაო ფაქტს, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საყოველთაოდ აღიარებულ საზღვრებში“, – განაცხადა პიტერ სემნებიმ.
ევროკავშირის წარმომადგენლებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ კონფლიქტის მხარეებს შორის ნდობის აღდგენის ხელშეწყობა ყველა იმ საქმიანობის მთავარი პრიორიტეტი იქნება, რომლებიც კონფლიქტების ზონებში ევროკავშირის ეგიდით განხორციელდება.
"ნდობის აღდგენის გარეშე კონფლიქტის მოგვარების საკითხებამდე ვერასდროს ვერ მიხვალ. ეს ის პროცესია, რომლის დროსაც მოთმინება გვმართებს“, - განაცხადა პერ ეკლუნდმა.
ევროკავშირის დიპლომატებმა განაცხადეს, რომ ყველა საქმიანობა განხორციელდება იმ "აშკარა ფაქტზე“ დაყრდნობით, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.
აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისინი მიესალმებიან ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ჰუმანიტარულ პროგრამებს, თუმცა ამავე დროს, ფრთხილობენ.
აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ 18 იანვარს ევროკავშირის დელეგაციასთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ "მიუხედავად უთანხმოებისა პოლიტიკურ საკითხებში“, აფხაზურ მხარეს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამები "სასარგებლოდ“ მიაჩნია, იტყობინება "აფსნიპრესი“.
"ევროკომისია რამდენიმე პროექტს აფინანსებს აფხაზეთში. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ უარს ვაცხადებთ ჩვენ ძირითად ინტერესებსა და დამუკიდებლობაზე“, - განაცხადა შამბამ.
მან ასევე აღნიშნა, რომ სოხუმს სურს ევროკავშირთან დიალოგი და "პირდაპირი კავშირების დამყარება“, თბილისის შუამავლობის გარეშე.
"აფხაზეთი ევროპის ნაწილია და ჩვენ ევროპულ საზოგადოებაში ინტეგრაციის უფლება გვაქვს... არა მგონია, რომ აფხაზეთის ევროპასთან დაკავშირება საქართველოს ან სხვა ქვეყნების მეშვეობით ეფექტური იყოს. აუცილებელია პირდაპირი კავშირების დამყარება“, – განაცხადა შამბამ, თან იქვე დასძინა, რომ აფხაზეთს "ევროკავშირის ახალ სტრატეგიაში“ ჩართვა სურს.
22 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ხაზი გაუსვა, რომ "ევროკავშირის შემსწავლელი მისიის ანგარიშის საფუძველზე კონფლიქტურ რეგიონებში ევროკავშირის დახმარების პროექტების განხორციელება მოხდება მხოლოდ ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში საქართველო-ევროკავშირის სამოქმედო გეგმის ფორმატში და მისი კოორდინაცია საქართველოს მთავრობას დაექვემდებარება“.
საქართველოში ევროკომისიის დელეგაციის ხელმძღვანელმა პერ ეკლუნდმა 22 იანვარს დაადასტურა, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დახმარების პროგრამებში ჩაერთვებიან, როგორც "საქართველოს შემადგენელი ნაწილები“.
"ალტერნატიული მთავრობები“
საქართველოში ევროკავშირის შემსწავლელი მისიის ვიზიტის დროს გამოიკვეთა ევროკავშირის ფრთხილი მიდგომა თბილისის იმ მცდელობებისადმი, რომელიც სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის თბილისისადმი ლოიალურად განწყობილი მთავრობების იმიჯის ამაღლებას უკავშირდება.
ზემო კოდორის ხეობაში მყოფ მთავრობას თბილისი ერთადერთ ლეგიტიმურ მთავრობად მიიჩნევს აფხაზეთში. რაც შეეხება სამხრეთ ოსეთს, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სულ ახლახანს ალტერნატიული მთავრობა ჩამოყალიბდა, რომელსაც დიმიტრი სანაკოევი ხელმძღვანელობს.
"არც ერთი ამ ორი [კოკოითი/სანაკოევი] ალტერნატივიდან არ არის კანონიერი“, - განაცხადა პერ ეკლუნდმა 22 იანვარს.
"მისია შეხვდა ბატონ კოკოითს [სამხრეთ ოსეთის ლიდერს] და არა, სხვადასხვა მიზეზების გამო, ბატონ სანაკოევს“, - განაცხადა პიტერ სემნებიმ, თუმცა დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა.
მან ასევე უარი თქვა კომენტარი გაეკეთებინა იმ საუბრის დეტალებზე, რომელიც ევროკავშირის წარმომადგენლებს ამ საკითხებზე საქართველოს ხელისუფლებასთან ჰქონდათ.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 22 იანვარს აღნიშნა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის გელა ბეჟუაშვილის შეხვედრას ევროკავშირის ოფიციალურ წარმომადგენლებთან, რომელიც 19 იანვარს გაიმართა, ასევე ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე მალხაზ აქიშბაია და სხვა ოფიციალური პირები.