პრეზიდენტმა სააკაშვილმა 4 მარტს განაცხადა, რომ აფხაზ სეპარატისტებს იმედები გაუცრუვდათ, რადგანაც ქართველმა ახალგაზრდობამ არ დაივიწყა აფხაზეთი.
გორის მახლობლად ახალი მშენებარე სამხედრო ბაზის მონახულებისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ აფხაზეთიდან 90-იანი წლების დასაწყისში ”400-500 ათასი ადამიანი გამოაძევეს” იმ იმედით, რომ წლების შემდეგ იქ დაბრუნება აღარავის მოუნდებოდა.
”მათ დღესაც ამის იმედი აქვთ. თუმცა, საქართველოში გაიზარდა თაობა, რომელიც საკუთარ ქვეყანას არავის დააჩაგვრინებს და სამართლიანობის იდეას ფეხქვეშ არ გაათელინებს”, - განაცხადა სააკაშვილმა.
იგი მიესალმა 3 მარტს ქართველი სტუდენტების მიერ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში გამართულ საპროტესტო აქციებს თვითგამოცხადებულ აფხაზეთში 4 მარტის დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების მიმართ. სტუდენტები 1 მარტს აფხაზი სამართალდამცავების მიერ სამი ქართველი აქტივისტის დაპატიმრებასაც აპროტესტებდნენ.
სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ეს არის თაობა, რომელიც ”მზადაა ხელი გაუწოდოს ყველას”.
”თუმცა მინდა ყველამ გააცნობიეროს, რომ შერიგება არა უმწეობის პოზიციიდან, როგორც ხშირად მოგვიწოდებენ, არამედ ძლიერი ქართული სახელმწიფოს პოზიციიდან გვსურს”, - განაცხადა მან.
”გზა როკის გვირაბზე, გზა ფსოუზე გადის განვითარებულ, ძლიერ, მომავლის რწმენით გამსჭვალულ საქართველოზე და არა მოწუწუნე, უმწეობის სინდრომით შეპყრობილ რეგიონალური და პიროვნული ამბიციების ნიშნით დაყოფილ ხალხზე; გული მერევა, როდესაც ასეთ ხალხს ტელეეკრანებზე ვხედავ”, - დასძინა მან.